გადაწყვეტილება №19477/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.06.2023
№ დოკუმენტი 19477/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№19477/2/2023

22.06.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ --------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 21.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19477/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 19.07.2021 წლის №23354 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 თებერვლის №005-5 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 აპრილის №7314 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 221 189 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 105 471

დღგ - 470

მოგების გადასახადი - 51 078

საშემოსავლო გადასახადი - 53 923

ჯარიმა - 52 823

საურავი - 62 895

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 6 აგვისტოს №22972 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. 2018 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდის შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 26 თებერვლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 2 მარტის №5589 ბრძანება და №005-17 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 691 952 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2021 წლის 4 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 19.07.2021 წლის №23354 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სალაროს ნაშთის დაზუსტების მიზნით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წინა პუნქტის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სალაროში არსებული უძრავი ფულადი ნაშთის დივიდენდად განხილვის საკითხი შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №3) შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 19.07.2021 წლის №23354 ბრძანების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.01.2023 წლის დასკვნა, 2.02.2023 წლის №1679 ბრძანება და №005-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 393 861 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 221 189 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 19 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 5.04.2023 წლის №7314 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირება. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სამწუხაროდ, ვერ შეძლეს დადგენილ ვადაში აუდიტის დეპარატმენტში წარედგინათ მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირებზე ზიანის ანაზღაურების დამადასტურებელი ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილები. აღნიშნული განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ზოგიერთი მესაკუთრე ფიზიკური პირი საერთოდ არ იმყოფებოდა საქართველოში ან შეცვლილი ჰქონდა საცხოვრებელი ადგილი/ტერიტორია. უმოკლეს ვადაში დამატებით წარმოადგენენ მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირებზე ზიანის ანაზღაურების დამადასტურებელ ნოტარიულად დადასტურებულ ხელწერილებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ნაწილში იხელმძღვანელოს საგადასახადო ორგანოში დამტკიცებული ხარჯის გამოქვითვის 75%-იანი მანუალით.

გადასახადის გადამხდელი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის №7314 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 19.07.2021 წლის №23354 ბრძანებით, სალაროს ნაშთის დაზუსტების მიზნით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წინა პუნქტის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სალაროში არსებული უძრავი ფულადი ნაშთის დივიდენდად განხილვის საკითხი შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №3) შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. კერძოდ, ფიზიკური პირების ახსნა-განმარტებები. აღნიშნული ახსნა-განმარტებები გადაიგზავნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ოპერაციების ნამდვილობის გადასამოწმებლად. საგამოძიებო სამსახურის 2021 წლის 1 დეკემბრის წერილით გაირკვა, რომ დაბარებულ იქნენ ფიზიკური პირები და ყველა მოწმემ დაადასტურა მომჩივნის მიერ წარდგენილ ახსნა-განმარტებებში დაფიქსირებული თანხების მიღება. შესაბამისად, აღნიშნული თანხები გამოაკლდა სალაროში შემოწმებით დადგენილ ნაშთს და შემოსავლების სამსახურის ბრძანების გათვალისწინებით, დარჩენილი თანხები ჩაითვალა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად. ვინაიდან საწარმოს ჰქონდა 2017 წლამდე პერიოდში აკუმულირებული გაუნაწილებელი მოგება, შესაბამის თანხებზე კომპანიამ მოგების გადასახადში მიიღო ჩათვლა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 393 861 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 255 457 ლარით და ჯარიმა - 138 404 ლარით.

გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებს, რომ უმოკლეს ვადაში დამატებით წარმოადგენს მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირებზე ზიანის ანაზღაურების დამადასტურებელ ნოტარიულად დადასტურებულ ხელწერილებს. თუმცა, მომჩივანს არანაირი დოკუმენტაცია/მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 ივლისის №23354 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

შემოსავლების სამსახურის 19.07.2021 წლის №23354 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 6 აგვისტოს №22972 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. 2018 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდის შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 26 თებერვლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 2 მარტის №5589 ბრძანება და №005-17 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 691 952 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2021 წლის 4 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 19.07.2021 წლის №23354 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 19.07.2021 წლის №23354 ბრძანების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.01.2023 წლის დასკვნა, 2.02.2023 წლის №1679 ბრძანება და №005-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 393 861 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 221 189 ლარი. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 19 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 5.04.2023 წლის №7314 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 ივლისის №23354 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302, 304.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 08.07.2019 წლის N 22708 ბრძანება.