ბრძანება N 4490

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.03.2023
№ დოკუმენტი 4490
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4490

10.03.2023

შპს „------------------ის“ (ს/ნ ---------------------)

(ფაქტ. მის.: ----------------------------------------

იურ. მის.: -----------------------------------------)

2023 წლის 15 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 მარტის სხდომაზე (ოქმი №22) განიხილა შპს „------------------ის“ (ს/ნ ---------------------) 2023 წლის 15 იანვრის №18652/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №079-10 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფასნამატს და ითხოვს მის მიერ დადგენილი და ექსპერტიზით დადასტურებული 11%-იანი ფასნამატის გამოყენებას. განმარტავს, რომ ვინაიდან შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა ფასნამატის ადგილზე დათვლა, კომპანიის მიერ ორჯერ იქნა მოწვეული სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო და გამოყვანილია რეალური თვითღირებულება. ექსპერტიზის დროს განხორციელდ როგორც სერიული, ისე არასერიული პროდუქციის შემოწმება. როგორც ფინანსური, ისე ფაქტობრივი დათვლით იკვეთება (იმ მომენტში არსებული სასაქონლო ნაშთით და მასზედ გავრცელებული ფასნამატით), რომ კომპანიის საერთო საშუალო ფასნამატი შეადგენს 11%-ს.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 24 აგვისტოს №27326 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------------------ის“ (ს/ნ ---------------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „------------------ის“ (ს/ნ ---------------------) 2021 წლის 6 ივლისის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხულ თანხებთან მიმართებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს შემოწმებით გამოვლენილი ფულადი სხვაობის საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 24 აგვისტოს №27326 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 14 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირებას დაექვემდებარა სულ 400 157 ლარი, მათ შორის, გადასახადი 265 359 ლარი და ჯარიმა 134 798 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 21 დეკემბრის №079-10 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი ორი დასკვნა. პირველი დასკვნა, რომელიც თარიღდება 2021 წლის -- ივლისით ჩატარებულია სერიულად წარმოებულ პროდუქციაზე. ექსპერტიზის ამოცანა იყო დაედგინა ოთხი სახის პროდუქციის (შერჩეული შემოწმების ჯგუფთან ერთად) თვითღირებულება. ხარჯების განსაზღვრისთვის გადამხდელის მიერ ექსპერტიზისთვის წარდგენილი იყო 2021 წლის -----დან იმავე წლის მაისამდე პერიოდში შეძენილ ნედლეულზე მიღებული სასაქონლო ზედნადებები. შესაბამისად, ექსპერტიზის ბიურომ წარდგენილი დოკუმენტების და პროდუქციის დამზადებაზე დაკვირვების შედეგად დაადგინა 4 სერიული პროდუქციის თვითღირებულება. მეორე დასკვნა, რომელიც თარიღდება 2022 წლის -- ივნისით, ჩატარებულია შესამოწმებელ პერიოდში ყველაზე ხშირად წარმოებული 5 სახის პროდუქციაზე (შერჩეული შემოწმების ჯგუფთან ერთად). ექსპერტიზის ამოცანა ამჯერადაც გახლდათ იგივე, თვითღირებულების განსაზღვრა. ამჯერად ექსპერტიზისთვის წარდგენილი იყო 2020-2022 წლებში შეძენილ ნედლეულზე მიღებული სასაქონლო ზედნადებები.

შემოწმების მიერ გათვალისწინებულია ექსპერტიზის შედეგები, კერძოდ, ფასნამატის გაანგარიშებისთვის თვითღირებულება განისაზღვრა ექსპერტიზის მონაცემებით, ხოლო სარეალიზაციო ფასები გაანგარიშდა ექსპერტიზის ჩატარების თარიღამდე სამი თვის საანგარიშო პერიოდში რეალიზებული შესაბამისი საქონლის ფასების საშუალო მაჩვენებელის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე სერიული და ხშირად რეალიზებული საქონლის ფასნამატმა შეადგინა 19%.

შემოწმების მიერ, აღნიშნული გაანგარიშების, სმფ-ების შესაბამისი პერიოდის საწყისი და საბოლოო ნაშთების, ასევე, ინვენტარიზაციით განსაზღვრული ფაქტობრივი ნაშთის გათვალისწინებით დაკორექტირდა შესაბამის პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რომელიც შეუდარდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. გამოვლენილი სხვაობების შედეგად გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ასევე, დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადი. სხვაობების შესაბამისად გაანგარიშდა საწარმოს დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილული თანხები, რის საფუძველზეც შეუმცირდა გადასახადი და ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან შემოწმების მიერ გათვალისწინებულია ექსპერტიზის შედეგები. ფასნამატის გაანგარიშებისთვის თვითღირებულება განისაზღვრა ექსპერტიზის მონაცემებით, ხოლო სარეალიზაციო ფასები გაანგარიშდა ექსპერტიზის ჩატარების თარიღამდე სამი თვის საანგარიშო პერიოდში რეალიზებული შესაბამისი საქონლის ფასების საშუალო მაჩვენებელის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე სერიული და ხშირად რეალიზებული საქონლის ფასნამატმა შეადგინა 19%. აღნიშნული გაანგარიშების, სმფ-ების შესაბამისი პერიოდის საწყისი და სააბოლოო ნაშთების, ასევე, ინვენტარიზაციით განსაზღვრული ფაქტობრივი ნაშთის გათვალისწინებით დაკორექტირდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაცის თანახმად, გადამხდელი საჩივარში მითითებული ფასნამატის 11%-ის გაანგარიშებას აკეთებს არასწორად. კერძოდ, ექსპერტიზის შედეგად განსაზღვრული თვითღირებულების შეპირისპირებას ახდენს შესამოწმებელ პერიოდში (სამი საანგარიშო წელი) მსგავსი საქონლის საშუალო ფასთან.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------------------ის“ (ს/ნ ---------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.