გადაწყვეტილება №22690/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22690/2/2024
29 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ფ/პ "------" (ს/ნ "------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, რუხაძის შემადგენლობით, 23.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------" -ის 27.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22690/2/2024).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №006-750 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2662 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 231 408,8 ლარი.
მათ შორის:
ქონების გადასახადი - 163 107
ჯარიმა - 19 804
საურავი - 48 497,8
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2023 წლის №30068 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება 2020, 2021, 2022 და 2023 წლების ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 27.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის 2019-2022 წლების საანგარიშო პერიოდების ერთობლივი შემოსავალი (საიჯარო მომსახურების ღირებულება) ყოველწლიურად აჭარბებდა 100 000 ლარს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით საანგარიშო პერიოდში ფიზიკური პირისა და მისი ოჯახის საკუთრებაში იყო რამდენიმე უძრავი და მოძრავი ქონება (ავტოფარეხი, ბინა, კომერციული ფართები, სახლი და ავტომობილები).
გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ გარიგებებში დაფიქსირებული უძრავი ქონების ფასების და სხვა მონაცემების გათვალისწინებით. გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და 2023 წლის საანგარიშო პერიოდზე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე,გადამხდელს საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა სულ 231 408,8 ლარის ოდენობით, მათ შორის, ქონების გადასახადი 163 107 ლარი, ჯარიმა 19 804 ლარი, საურავი 48 497,8 ლარი.
შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №33609 ბრძანება და 28.12.2023 წლის №006-750 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 23.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.02.2024 წლის №2662 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღნიშნავს, რომ არის მე-3 ხარისხის უვადო ინვალიდის სტატუსის მქონე ადამიანი და ამის გამო დამოუკიდებლად უჭირს კომპიუტერის გამოყენება, რის გამოც დააგვიანდა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადების დაცვა და ითხოვს ამ გარემოების და მისი უმძიმესი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით გასაჩივრების ვადა ჩაითვალოს დაცულად.
მომჩივანი ითხოვს საურავის და ჯარიმისგან გათავისუფლებას ხოლო დარიცხული გადასახადის გადაიხდის სრულად. მომჩივანი განმარტავს, რომ არ იცოდა ამ ოდენობის ვალდებულებების თუ გააჩნდა. იცოდა რომ მოიჯარეები უკავებდნენ 20 პროცენტს, ეგონა ამით ყველანაირი ვალდებულება სრულდებოდა, არ ეგონა თუ ქონების გადასახადიც უნდა გადაეხადა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
შემოსავლების სამსახურის 29.03.2024 წლის №"-------" წერილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2662 ბრძანება გადასახადის გადამხდელს 12.02.2024 წელს გაეგზავნა ელექტრონულად, გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, აღნიშნული ბრძანების ელექტრონულად გაცნობა დაფიქსირებულია 13.02.2024 წელს. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 305- ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადა ამოიწურა 4.03.2024 წელს, ორშაბათს, საჩივარი საბჭოსთვის წარმოდგენილია 27.03.2024 წელს, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
მომჩივნის მიერ წარმოდგენილია შპს „სამედიცინო ცენტრ იუნონას“ მიერ გაცემული ცნობა სერია №119306, რომელიც გაცემულია მომჩივანზე (პ/ნ "-------"). აღნიშნული ცნობის მიხედვით 19.02.2010 წელს ჩატარდა შემოწმება და შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსად განსაზღვრულია „მკვეთრად გამოხატული“, შესაძლებლობების შეზღუდვის მიზეზი „საერთო დაავადება“ , შეზღუდვის სტატუსი განისაზღვრა „უვადოდ“.
ზემოაღნიშნული ცნობის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2662 ბრძანების გასაჩივრება მომჩივანმა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით ვერ შეძლო, შესაბამისად, გასაჩივრების ვადა უნდა ჩაითვალოს დაცულად და მოხდეს საჩივრის არსებითად განხილვა.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 19.02.2024 წელს გადახდილია 1 ლარი, 28.03.2024 წელს 45,797.63 ლარი, 940.01 ლარი, 167.76 ლარი, 17,448.44 ლარი, 26.04.2024 წელს 50,000.00 ლარი, 15.05.2024 წელს 48,756.00 ლარი, ხოლო, 21.02.2022 წელს 8 541.45 ლარი. საჩივრის განხილვის დროისთვის (23.05.2024 წ.) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ქონების გადასახადის ოდენობა, რომელიც არ არის აღიარებული შეადგენს 239 066.39 ლარს, ხოლო ზედმეტად გადახდილი თანხა 163 110.84 ლარს.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჩივრის განხილვის მომენტისთვის შემოწმების შედეგად დარიცხული ქონების გადასახადის ოდენობას აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხის ოდენობა, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №006-750 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებაზე დაკისრებული საურავისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №006-750 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებაზე დაკისრებული საურავისგან;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს მისი უმძიმესი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით გასაჩივრების ვადა ჩაითვალოს დაცულად.
მომჩივანი ითხოვს საურავის და ჯარიმისგან გათავისუფლებას ხოლო დარიცხული გადასახადის გადაიხდის სრულად.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის 2019-2022 წლების საანგარიშო პერიოდების ერთობლივი შემოსავალი ყოველწლიურად აჭარბებდა 100 000 ლარს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით საანგარიშო პერიოდში ფიზიკური პირისა და მისი ოჯახის საკუთრებაში იყო რამდენიმე უძრავი და მოძრავი ქონება.გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ გარიგებებში დაფიქსირებული უძრავი ქონების ფასების და სხვა მონაცემების გათვალისწინებით. გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და 2023 წლის საანგარიშო პერიოდზე დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის №006-750 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებაზე დაკისრებული საურავისგან.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
269(7),301.