გადაწყვეტილება №21166/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.01.2024
№ დოკუმენტი 21166/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21166/2/2023

30 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ „----------„ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „----------“ 26.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21166/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში აუსახველობაზე დაკისრებული სანქციის მოხსნა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 9.08.2023 წლის №065-21 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.09.2023 წლის №22133 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 27 861.36 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 18 152

ჯარიმა - 9 176

საურავი - 533.36

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო და სარემონტო მომსახურების გაწევა ადგილობრივი ფირმებისათვის.

აუდიტის დეპარტამენტის 6.07.2023 წლის №16270 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2023 აპრილის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 31.07.2023 წელს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, საიდანაც ირკვევა, რომ:

მომჩივანი გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2009 წლის 12 თებერვალს, 2022 წლის 6 სექტემბრიდან არის დღგ-ის გადამხდელი, ხოლო იმავე წლის პირველი ოქტომბრიდან მინიჭებული აქვს მცირე მეწარმის სტატუსი. შემოწმების ფარგლებში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რითიც დადგინდა, რომ 2023 წლის 4 აპრილს მომჩივანს გამოწერილი აქვს საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურა შპს „----------“-სათვის (ს/ნ ----------) გაწეული სარემონტო მომსახურების (ფასადების რეაბილიტაცია) საფუძველზე. 2023 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდზე გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს დღგ-ის ნულოვანი დეკლარაცია და არ არის დაბეგრილი ზემოთ დასახელებული მომსახურებების მიწოდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

ამასთან გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის დეკლარაციის დანართში არ ასახვის გამო დარღვეულია ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №19235 ბრძანება და ამავე წლის 9 აგვისტოს №065-21 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.09.2023 წლის №22133 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 275-ე მუხლის მე-2 და 22 ნაწილებით, 291-ე მუხლით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ მოახერხა დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის დაზუსტება. მომჩივანი ითხოვს, დარიცხული ჯარიმის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილის მიხედვით:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

მომჩივანი განმარტავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ მოახერხა დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის დაზუსტება. მომჩივანი ითხოვს, დარიცხული ჯარიმის გაუქმებას.

ზემოხსენებული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს მართლზომიერად დაეკისრა სანქციები. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევა ჩადენილია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში აუსახველობაზე დაკისრებული სანქციის მოხსნა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2009 წლის თებერვალს, 2022 წლის 6 სექტემბრიდან მეწარმე არის დღგ-ს გადამხდელი, ხოლო იმავე წლის 1 ოქტომბრიდან მინიჭებული აქვს მცირე მეწარმის სტატუსი. გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობის სფეროა სამშენებლო და სარემონტო მომსახურების გაწევა ადგილობრივი ფირმებისათვის. შემოწმების ფარგლებში შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, რითიც დადგინდა, რომ 2023 წლის 4 აპრილს მომჩივანს გამოწერილი აქვს საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურა კომპანიისთვის გაწეული სარემონტო მომსახურების (ფასადების რეაბილიტაცია) საფუძველზე. 2023 წლის აპრილის თვის საანგარიშო პერიოდზე გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილი აქვს დღგ-ს ნულოვანი დეკლარაცია და არ არის დაბეგრილი ზემოთ დასახელებული მომსახურებების მიწოდება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევა ჩადენილია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 275; 291