ბრძანება N 21255

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.10.2024
№ დოკუმენტი 21255
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21255

30 სექტემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------ის“ (ს/ნ --------------)

(ფაქტ. მის.: ------------------------)

(იურ. მის.: -------------------------)

2024 წლის 11 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №101) განიხილა შპს „---------ის“ (ს/ნ --------------) 2024 წლის 11 სექტემბრის №23904/2/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 აგვისტოს №081-189 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და დოკუმენტის გარეშე რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ აუდიტორის მითითება თითქოს ვერ ხერხდება საბალანსო ანგარიშზე 7210-ზე ჩამოწერილი საქონლის გაშიფვრა არ შეესაბამება სიმართლეს. რაც ჩამოიწერა 7210-დან, პროგრამა ავტომატურად აღრიცხავს 6110-ზე და ეს ყოველივე აღრიცხულია დასახელებებისა და რაოდენობების ჭრილში. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის გათვალისწინებული საქონლის დამუშავების შედეგად მიღებული დანაკარგი, რომელიც 25%-ზე მეტია (ძვალი, გამოუყენებელი ცხიმი და შრობადობა). აცხადებს, რომ დაუშვებელია არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით „საქონლის სუკის“ ფასში გაიყიდოს მთელი საქონელი. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის გაანგარიშებით 203%- იანი მოგებით აქვს რეალიზებული ხორცი, რაც სრულად აცდენილია რეალობას. საჩივარზე დანართად წარმოდგენილი აქვს ბრუნვითი უწყისები და საბალანსო ანგარიშები და ითხოვს მათ გათვალისწინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 აგვისტოს №18332 ბრძანების საფუძველზე შპს „---------ის“ (ს/ნ --------------) 2024 წლის 22 ივლისის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

„1. შპს „---------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს „საქონლის სუკის“ ჯგუფის ფასნამატის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინოს შესაბამის პერიოდში რადიკალურად მაღალი ფასი და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 აგვისტოს №18332 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა შეადგინა 2024 წლის 14 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმების დროს არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების ანგარიშის შედგენისას ფასნამატის გამოყენება არ მომხდარა. შემოწმებამ შეადგინა სასაქონლო ჯგუფები, მისივე დოკუმენტური რეალიზაციებიდან დადგინდა აღნიშნული ჯგუფების სარეალიზაციო ფასები თვის ჭრილში და აღნიშნული ფასები გავრცელდა გადამხდელის პროგრამიდანვე საცალო რეალიზაციისთვის ჩამოწერილ საქონლის რაოდენობებზე თვის ჭრილში.

„საქონლის სუკის“ ჯგუფის სახელით სულ შემოწმების დროს დამატებით გაყიდულია რაოდენობრივად 1.200 კგ, იმავე თვეში გადამხდელის დოკუმენტურად რეალიზებული „საქონლის სუკის“ ფასად. აღნიშნული მიწოდებისას საქონლის სუკის რადიკალურად მაღალი ფასი არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, საკითხის შესწავლისას საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი არ დადგა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამავე კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა სადავო საკითხი, თუმცა ვინაიდან „საქონლის სუკის“ მიწოდებისას არ ფიქსირდებოდა რადიკალურად მაღალი ფასი, საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი არ დადგა. ამასთან, გადამხდელს სადავო საკითხად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც არ დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას და დოკუმენტის გარეშე რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №18332 ბრძანების საფუძველზე გადასახადის გდამხდელის 2024 წლის 22 ივლისის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 აგვისტოს №18332 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა შეადგინა 2024 წლის 14 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);