გადაწყვეტილება №18931/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18931/2/2023
17.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ --------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------ის“ 21.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18931/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25278 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 ნოემბრის №001-207 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 იანვრის №1240 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 6 838 ლარი.
მათ შორის:
ქონების გადასახადი - 4 364
ჯარიმა - 2 182
საურავი - 292
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 4 მაისის №11326 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 14 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივნისის №16678 ბრძანება და №001-90 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 11 101 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 12 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 4.10.2022 წლის №25278 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს მიმდინარე გადასახდელის საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2022 წლის დასკვნა, 10.11.2022 წლის №28282 ბრძანება და №001-207 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 4 364 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 6 838 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 12 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 30 იანვრის №1240 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25278 ბრძანების შესაბამისად, დამატებით იქნა შესწავლილი გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე მიმდინარე გადასახდელის დარიცხვის მართლზომიერება. გადაანგარიშების შედეგად საწარმოს შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელი 4 364 ლარის ოდენობით შესაბამისი სავადო თარიღისთვის.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2021 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენისას დაშვებულია მექანიკური შეცდომა: 11 თვის ნაცვლად მითითებულია 1 თვე. აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა აღნიშნული ფაქტი და დაარიცხა როგორც გადასახადი, ასევე ჯარიმა.
მომჩივნის მიერ შეგნებულად არ მომხდარა გადასახადისთვის თავის არიდება, შეცდომის გაცნობიერებისთანავე ძირითადი თანხა დაუყოვნებლივ გადაიხადა ბიუჯეტში, რომელიც დღესაც პირადი აღრიცხვის ბარათში ზედმეტად გადახდილ თანხაში ზის. ეს მართლაც იყო შეცდომა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან (2 182 ლარი).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25278 ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს მიმდინარე გადასახდელის საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრის მართლზომიერების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საწარმო რეგისტრირებულია 2021 წლის 17 თებერვალს. შესაბამისად, კომპანია ვალდებული იყო ქონება დაებეგრა დარეგისტრირების დღიდან 11 თვის პროპორციულად. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2021 წლის საწარმო/ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში გადასახადის თანხა მითითებულია 5 243 ლარი, იგივე თანხაა მითითებული გრაფაში, სადაც ეთითება თანხა, რომელიც ექვემდებარება დამატებით დარიცხვას, თუმცა „საწარმოს/ორგანიზაციის არსებობის პერიოდის“ გრაფაში არასწორადაა მითითებული თვეების რაოდენობა, რამაც გამოიწვია კუთვნილი გადასახადის თანხის შემცირება. ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტისა და საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, გადასახადთან ერთად, მომჩივანს განესაზღვრა მიმდინარე გადასახდელი 2022 წლის 15 ივნისის სავადო თარიღით 4 364 ლარის ოდენობით. ამასთან, საწარმოს მიერ წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით განხორციელებულია გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე მიმდინარე გადასახდელის დარიცხვა. კერძოდ, 2022 წლის 15 ივნისის სავადო თარიღით განხორციელდა მიმდინარე გადასახდელის დარიცხვა დეკლარაციაში ასახული 5 243 ლარის გათვალისწინებით. შესაბამისად, მიმდინარე გადასახდელი დარიცხული იყო ორჯერ. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25278 ბრძანების შესაბამისად, შემოწმების მიერ დამატებით იქნა შესწავლილი არსებული გარემოება და გადაანგარიშების შედეგად მომჩივანს შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელი 4 364 ლარის ოდენობით შესაბამისი სავადო თარიღისთვის.
მომჩივანი არ უთითებს თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება და ითხოვს ჯარიმისგან გათავისუფლებას. თუმცა, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25278 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.