ბრძანება N 32156-1

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.10.2020
№ დოკუმენტი 32156-1
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 32156

28/10/2020

ფ/პ --------------------

(მის: ქ. ------------- )

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 09 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა ფ/პ ---- ს 2020 წლის 30 სექტემბრის №53748/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 03 სექტემბრის №006-490 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადისა და დღგ-ის დარიცხვას, აცხადებს, რომ 2016 წელს მისი კუთვნილი ფართი საიჯარო ხელშეკრულებით გააქირავა მხოლოდ საცხოვრებელი დანიშნულებით, თუმცა მოიჯარემ დაარღვია ვალდებულებები, არ იხდიდა ქირის საფასურს და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ტოვებდა ფართს. განმარტავს, რომ ვინაიდან მის მიერ შემოსავალი აღირიცხება საკასო მეთოდით და მოიჯარე 2017, 2018 წლებში არ იხდიდა ქირას, აღნიშნულ პერიოდზე საშემოსავლო და დღგ-ით დასაბეგრი ბაზა არ წარმოიშობოდა.

საქმის ზეპირი განხილვსას გადასახადის გადამხდელმა განაცხადა, რომ მან მოიჯარეს მიაქირავა საცხოვრებელი ბინა, რომელიც მოიჯარემ აქცია კომერციულ ფართად. მომჩივანი განმარტავს, რომ 2018 წელს გამიჯნა მის საკუთრებაში არსებული ფართი (საცხოვრებელი ბინა) და გაყიდა ბინის ნაწილი. გადამხდელს წარმოდგენილი აქვს დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, მათ შორის, ნასყიდობის ხელშეკრულება და მყიდველის ახსნა-განმარტება, მყიდველის განმარტებით, მან ----- გან შეიძინა საცხოვრებელი ბინის ნაწილი და აღნიშნული ფართი წარმოადგენდა ქ.-ნი ----- ს სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინის განაყოფს. გარდა ამისა, წარმოდგენილია მეზობლის ახსნა განმარტება და სს „თელასის“ ამონაწერი, რომლის მიხედვით გადამხდელი რეგისტრირებულია აბონენტად და იხდიდა სააბონენტო გადასახადს.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 22 აგვისტოს №29472 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ ---- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2017 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 01 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 26 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2020 წლის 02 სექტემბრის №26124 ბრძანება და 03 სექტემბრის №006-490 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 51 825 ლარი, მათ შორის, გადასახადი 29 613 ლარი, ჯარიმა 11 417 ლარი, საურავი 10 795 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმებით დგინდება, რომ ფ/პ ---- ს გაქირავებული ჰქონდა ფართი თვეში 350 ლარად. გადამხდელს 2017 და 2018 წლების წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები წარდგენილი აქვს ნულოვანი სახით. შემოწმების შედეგად, ქირის სახით მისაღები შემოსავალი 2017 და 2018 წლების საანგარიშო პერიოდში დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ გადამხდელმა 2018 წელს განახორციელა მის მფლობელობაში არსებული ფართის რეალიზაცია, რაც დადასტურებულია გაფორმებული ხელშეკრულებით და აღნიშნულის საფუძველზე არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე და მე-100 მუხლების თანახმად, ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა აღნიშნული ფართის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით (რომელიც შემცირდა ფართის შეძენის ღირებულებით) და გაანგარიშდა ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი.

ასევე დადგინდა, რომ ფართის რეალიზაცია განხორციელდა 100 000 ლარად, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე და 161-ე მუხლების თანახმად, შემოწმების შედეგად რეალიზაციიდან გაანგარიშდა ბიუჯეტის კუთვნილი დღგ და ვინაიდან ფ/პ ---- არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282- ე მუხლის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე, მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:

ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;

გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ლიზინგით, უზუფრუქტით, იჯარით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით გაცემული ქონებიდან მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების თანახმად, ამ მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელმა აღრიცხვა უნდა აწარმოოს საგადასახადო მიზნებისათვის აღრიცხვის საკასო ან დარიცხვის მეთოდით, ამასთან, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, შემოსავლები და ხარჯები საკასო მეთოდით აღრიცხოს.

ამავე კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება:

ა) ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას – ნაღდი ფულის მიღების მომენტი;

ბ) უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – ფულადი სახსრების ჩარიცხვა ბანკში გადასახადის გადამხდელის მიმდინარე ანგარიშზე ან სხვა ანგარიშზე, რომლის განკარგვის ან რომლიდანაც ამ სახსრების მიღების უფლება აქვს.

აღნიშნულ საკანონმდებლო ნომებზე, აგრეთვე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შემოსავლის სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ფ/პ ---- ს მიერ ქირით გაცემული ქონებიდან შემოსავლის მიღების ფაქტი არ დასტურდება, რის გამოც ამ საფუძვლით გადასახადის გადამხდელის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა არამართლზომიერია.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს განახორციელოს დარიცხული თანხების შემცირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

რაც შეეხება დამატებული ღირებულების გადასახადს, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის „ბ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად ითვლება პირი, რომელიც ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად.

ამავე კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს:

ა)ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, ფ/პ ---- ს) მიერ 2018 წლის 14 ივნისის №892018479101 საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით განხორციელდა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის გამიჯვნა, რომელიც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, მიენიჭა შესაბამისი საკადასტრო კოდები და აქტივის რეალიზაციის მომენტში სარეალიზაციო ფართი (საკადასტრო კოდით ------ ) წარმოადგენდა არასაცხოვრებელს. ამასთან, რეალიზაციის თანხა შეადგენდა 100 000 ლარს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და დარიცხული თანხები შემცირებას არ ექვემდებარება.

ამასთან, შემოწმებით განსაზღვრულ სანქციასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია: შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 მუხლის თანახმად საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა - იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმისაგან თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, რაც გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ფ/პ ---- უნდა გათავისუფლდეს 2020 წლის 03 სექტემბრის №006-490 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ ბრძანების გამოცემის თარიღისათვის).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ფ/პ ---- ს 2020 წლის 30 სექტემბრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. ფ/პ ---- საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდეს 2020 წლის 03 სექტემბრის №006-490 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ ბრძანების გამოცემის თარიღისათვის);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5.აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.:ქ.თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16 )ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

გადაწყვეტილების მიმღები ორგანო შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო

გადაწყვეტილების ნომერი 32156

გადაწყვეტილების თარიღი 28.10.2020

სამართლებრივი საფუძველი სსკ-ს მუხლები: 100; 102(1,,კ“); 138(1); 269(7);

01.01.2021 წლამდე მოქმედი: 157(1); 157(7); 161(1);

გადაწყვეტილების შინაარსი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

დოკუმენტი

 

მოკლე აღწერილობა

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი აცხადებს, რომ საცხოვრებელი დანიშნულებით გაქირავებული ფართი მოიჯარემ გამოიყენა კომერციული დანიშნულებით. განმარტავს, რომ ვინაიდან მისი შემოსავალი აღირიცხება საკასო მეთოდით და მოიჯარე 2017, 2018 წლებში არ იხდიდა ქირას, აღნიშნულ პერიოდზე საშემოსავლო და დღგ-ით დასაბეგრი ბაზა არ წარმოიშობოდა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმებით დგინდება, რომ ფ/პ-ს გაქირავებული ჰქონდა ფართი. გადამხდელს 2017 და 2018 წლების საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები წარდგენილი აქვს ნულოვანი სახით. შემოწმების შედეგად, ქირის სახით მისაღები შემოსავალი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა. გადამხდელმა 2018 წელს განახორციელა მის მფლობელობაში არსებული ფართის რეალიზაცია. სსკ-ს 102-ე და მე-100 მუხლების თანახმად, ერთობლივი შემოსავალი გაიზარდა აღნიშნული ფართის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლით (რომელიც შემცირდა ფართის შეძენის ღირებულებით) და გაანგარიშდა ბიუჯეტის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი.

ასევე დადგინდა, რომ ფართის რეალიზაცია განხორციელდა 100 000 ლარად, შესაბამისად, სსკ-ს 157-ე და 161-ე მუხლების თანახმად, შემოწმების შედეგად რეალიზაციიდან გაანგარიშდა კუთვნილი დღგ და ვინაიდან ფ/პ არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად დაჯარიმდა სსკ-ს 282-ე მუხლით

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლის სამსახური მიიჩნევს, რომ ფ/პ-ს მიერ ქირით გაცემული ქონებიდან შემოსავლის მიღების ფაქტი არ დასტურდება, რის გამოც აუდიტის დეპარტამენტს დაევალა განახორციელოს დარიცხული თანხების შემცირება, ხოლო დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და დარიცხული თანხები შემცირებას არ ექვემდებარება.

ამასთან სსჯ-ს 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ფ/პ გათავისუფლა საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და საურავისგან.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 80; 100; 102(1,,კ“); 136(6); 136(7); 138(1); 269(7); 272; 275; 01.01.2021 წლამდე მოქმედი: 157(1); 157(7); 161(1);