გადაწყვეტილება №24483/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.02.2025
№ დოკუმენტი 24483/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24483/2/2024

05 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 19.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24483/2/2024).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 28.12.2023 წლის №21005/2/2023 (რეგ. 12.02.2024წ. 03/10575) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 18.11.2024 წლის №136-15 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 21 053.28 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 11 665

ჯარიმა - 4 957

საურავი - 4 431.28

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე საქონლის (ფქვილი, ქატო, შაქარი, მარილი) საბითუმო შეძენა/რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე მითითებულია შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 2%-ს. მეწარმის სააღრიცხვო დოკუმენტაციის (საგადასახადო ელ. ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, საბანკო ამონაწერები, საკონტროლო-სალარო აპარატის ამონაწერი) შესწავლილის შედეგად დადგინდა, რომ რეალიზებული პროდუქციის 91%-ს შეადგენს შაქარი, 7%-ს ფქვილი, ხოლო 1%-ს ქატო და მარილი. რეალიზაციის 25% არის დოკუმენტური, ხოლო 75% წარმოადგენს საცალოდ გაყიდულ პროდუქციას. რეალიზებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება ხორციელდება ნაღდი ანგარიშსწორებით. გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას, თუმცა არ ხორციელდება საქონლის საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით ჩამოწერა, კერძოდ: დასახელებების მიხედვით, საცალოდ რეალიზებულ პროდუქციაზე შეუძლებელია მყიდველის იდენტიფიცირება და ფასნამატის დადგენა. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი ერთხელ არის დაჯარიმებული საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის დარღვევის გამო. გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი რეალიზაციის დოკუმენტების შესწავლის/ანალიზის შედეგად დგინდება დეკლარირებულზე მეტი ოდენობის ფასნამატი.

დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისათვის გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, შეძენილი სასაქონლო მარაგების თვითღირებულება, სახეობების მიხედვით, დაკავშირებულია რეალიზებული საქონლის ღირებულებასთან, რის შედეგადაც დადგენილია დოკუმენტით იდენტიფიცირებული ფასნამატი, კერძოდ: დოკუმენტური ფასნამატი სახეობების მიხედვით შაქარზე შეადგენს 3%-ს, ფქვილზე 4%-ს, ქატოზე 7%-ს, ხოლო მარილზე 9%-ს. საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი. შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 20.07.2023 წლის №17712 ბრძანება და ამავე თარიღის №136-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 16.08.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.09.2023 წლის №22937 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც 6.10.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 28.12.2023 წლის №21005/2/2023 (რეგ. 12.02.2024წ. 03/10575) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 18.09.2023 წლის №22937 ბრძანება;

- გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (გარდა საჩივრისთვის დართული დოკუმენტაციისა, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

- საბჭოს აპარატს დაევალა, საჩივრისთვის დართული დოკუმენტაციის გაგზავნა აუდიტის დეპარტამენტისთვის;

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მიერ წარდგენილი და საჩივრისთვის დართული დოკუმენტაციის შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 28.12.2023 წლის №21005/2/2023 (რეგ. 12.02.2024წ. 03/10575) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 12.11.2024 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა სულ შემცირდა 2 349 ლარით, მათ შორის გადასახადი 1 432 ლარით და ჯარიმა 917 ლარით.

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გამოიცა 18.11.2024 წლის №24283 ბრძანება და ამავე თარიღის №136-15 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას საბუღალტრო პროგრამა FMG-ში. პროგრამაში საქონლის მოძრაობა შესყიდვა, ჩამოწერა და რეალიზაცია ხორციელდება დეტალურად საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. დანართის სახით წარმოადგენს საქონლის ბრუნვით უწყისებს თვეების ჭრილში, სადაც სრულად არის ნაჩვენები თითოეული დასახელების საქონლის საწყისი ნაშთი, შესყიდვა, რეალიზაცია და საბოლოო ნაშთები, როგორც რაოდენობრივ ისე, თანხობრივ ფორმაში. რაც შეეხება გაყიდულ საცალო პროდუქციაზე უშუალოდ მყიდველის იდენტიფიცირებას, ამ საკითხზე ძირითადად მყიდველები არიან რაიონის მაცხოვრებლები, რომელთაც ხშირ შემთხვევაში თან არ აქვთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. მისი მხრიდან ხორციელდება რეალიზაციის დაფიქსირება სალარო აპარატის ჩეკით, სადაც სათითაოდ არის შესაძლებელი თითოეული პროდუქტის გაშიფრა და განსაზღვრა.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა 4-ჯერ განახორციელა საკონტროლო შესყიდვა და აქედან მხოლოდ პირველ შესყიდვაზე შეეფარდა გაფრთხილება, დანარჩენ 3 შესყიდვაზე შენიშვნა არ დაფიქსირებულა, არც ჯარიმა დაკისრებია. ასევე აღნიშნავს, რომ მეწარმის შემოწმება გასულ პერიოდშიც მოხდა (2013 წელი; 2016 წელი), რა დროსაც შემოწმების შედეგად დარიცხვა არ მომხდარა.

შემოწმების დროს შემოსავლების სამსახურის აუდიტორებმა გამოიყვანეს დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის ფასნამატი, რომელიც შეადგენდა შაქარზე 3%-ს, ფქვილზე 4%-ს, ქატოზე 7%- ს და მარილზე 9%-ს. აღნიშნული ფასნამატი გავრცელდა საცალო გაყიდვებზე. აუდიტორების მიერ არასწორად იქნა ფასნამატის პროცენტი დადგენილი, რომელიც არის გაზრდილი და საჭიროებს დაზუსტებას.

დამატებითი არგუმენტების სახით შემოსავლების სამსახურს მიაწოდა დეტალური გაშიფრვა კონკრეტული პროდუქტის შაქრის (რეალიზაციის ძირითადი პროდუქტი) მაგალითზე, თუ რა ფასშიც აღნიშნული პროდუქტი რეალიზებული იყო სასაქონლო ზედნადებში ანალოგიურად იგივე ფასში ხდებოდა საცალო რეალიზაციაც. მაგ: 2022 წლის 14 იანვრის რეალიზაცია №0642573169 სასაქონლო ზედნადებით 1 ტომარა (50 კგ.) შაქრის ერთეულის ფასი შეადგენდა 117 ლარს, ანალოგიურად 2022 წლის 14 იანვარს გაცემულ ჩეკებში ფასი შეადგენდა 117 ლარს. აღნიშნულის დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს დანართის სახით, სადაც თითოეული დღის ჭრილში არის გაშიფრული რეალიზაცია.

აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს არ იქნას გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი, დაკორექტირდეს დაანგარიშებული ფასნამატი და ამის საფუძველზე დარიცხული დღგ-ის გადასახადი (11 665 ლარი) და დაევალოს დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საბჭოს 28.12.2023 წლის №21005/2/2023 (რეგ. 12.02.2024წ. 03/10575) გადაწყვეტილებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (გარდა საჩივრისთვის დართული დოკუმენტაციისა, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

- საბჭოს აპარატს დაევალა, საჩივრისთვის დართული დოკუმენტაციის გაგზავნა აუდიტის დეპარტამენტისთვის;

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მიერ წარდგენილი და საჩივრისთვის დართული დოკუმენტაციის შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა.

საბჭოში 6.10.2023 წელს წარდგენილ საჩივარში (რაზეც მიღებულია ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილება) მომჩივანი მიუთითებდა შემდეგს: „საჩივარზე დანართის სახით წარმოადგენს საქონლის ბრუნვით უწყისებს თვეების ჭრილში, სადაც სრულად არის ნაჩვენები თითოეული დასახელების საქონლის საწყისი ნაშთი, შესყიდვა, რეალიზაცია და საბოლოო ნაშთები, როგორც რაოდენობრივ ისე თანხობრივ ფორმაში. რაც შეეხება გაყიდულ საცალო პროდუქციაზე უშუალოდ მყიდველის იდენტიფიცირებას - ძირითადად მყიდველები არიან რაიონის მაცხოვრებლები, რომელთაც ხშირ შემთხვევაში თან არ აქვთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. რეალიზაციის დაფიქსირებას ახდენს საკონტროლო სალარო აპარატით, სადაც შესაძლებელია თითოეული პროდუქტის გაშიფვრა და განსაზღვრა. აუდიტორების მიერ არასწორად იქნა ფასნამატის პროცენტი დადგენილი, რომელიც არის გაზრდილი და საჭიროებს დაზუსტებას. კერძოდ აუდიტორის მიერ გამოგზავნილ გაანგარიშების ცხრილში აღმოჩენილია უზუსტობები თვეების ჭრილში. არ არის გათვალისწინებული პროდუქტების ნაშთები და მათზე არასწორად არის გავრცელებული ფასნამატის პროცენტი. მაგალითისთვის 31.01.2023 წელს ნაყიდ შაქარზე არსებული ფასნამატი გადაანგარიშებულია სრულ თვეზე და შედეგად მიღებულია 9% ფასნამატი, რაც ასე არ არის. იგივე პროცენტის დაანგარიშება ვრცელდება სხვა პროდუქტებზე“.

საბჭოს 28.12.2023 წლის №21005/2/2023 (რეგ. 12.02.2024წ. 03/10575) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 12.11.2024 წლის დასკვნით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით განხორციელდა წარდგენილი დოკუმენტაცია/არგუმენტაციის დამატებით შესწავლა/ანალიზი, რომლის შედეგად ნაწილობრივ დაკორექტირდა შემოწმების შედეგად გაანგარიშებული ფასნამატი და აღნიშნული სადავო საკითხის ნაწილში საგადასახადო შემოწმებით დარიცხული ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას.

მომჩივანი საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების გაცნობის შემდგომ წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს იგივე არგუმენტებს, რაც წარმოდგენილი ჰქონდა 6.10.2023 წლის საჩივარში და განმარტავს, რომ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას საბუღალტრო პროგრამა FMG-ში. პროგრამაში საქონლის მოძრაობა შესყიდვა, ჩამოწერა და რეალიზაცია ხორციელდება დეტალურად საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. დანართის სახით წარმოადგენს საქონლის ბრუნვით უწყისებს თვეების ჭრილში, სადაც სრულად არის ნაჩვენები თითოეული დასახელების საქონლის საწყისი ნაშთი, შესყიდვა, რეალიზაცია და საბოლოო ნაშთები, როგორც რაოდენობრივ ისე, თანხობრივ ფორმაში. ასევე, აუდიტორების მიერ არასწორად იქნა ფასნამატის პროცენტი დადგენილი, რომელიც არის გაზრდილი და საჭიროებს დაზუსტებას. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს არ იქნას გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი და დაკორექტირდეს დაანგარიშებული ფასნამატი. დანართის სახით წარმოადგენს ცხრილს, სადაც თითოეული დღის ჭრილში გაშიფრულია რეალიზაცია.

საჩივარს ახლავს ცხრილი 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდზე დღიურ რეალიზაციაზე და ამავე პერიოდის საქონლის ბრუნვითი უწყისები თვეების ჭრილში (ეს უკანასკნელი ახლდა 6.10.2023 წლის საჩივარს).

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ როგორც საჩივარში, ასევე გადაანგარიშების ეტაპზე აქცენტი იყო შაქარზე, რაც შესწავლილია კომპანიის ბუღალტერთან ერთად, რომელმაც განმარტა/გაშიფრა ინფორმაცია თვითღირებულებაზე (რომელიც შემოწმების მიერ დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას აღებული იყო საშუალო) და მხოლოდ სამი თვის ჭრილში გამოვლინდა სხვაობა და დაკორექტირდა, კერძოდ შემცირდა ფასნამატი. რაც შეეხება პროგრამას, მომჩივანს საქონელი ჩამოწერილი ჰქონდა დასახელებების მიხედვით, მაგრამ საცალო რეალიზაციის თანხა ასახულია ერთიან ქვითარზე და ჩამოწერილი საქონლის დასახელება ვერ უკავშირდება ჯამურ რეალიზაციას, აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

ამდენად, მომჩივანი არგუმენტებს მიუთითებს დარიცხვის არამართლზომიერებაზე, რაზეც საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილებით ნამსჯელი აქვს და საჩივარი მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელა წარდგენილი დოკუმენტაცია/არგუმენტაციის დამატებით შესწავლა/ანალიზი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით.

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 28.12.2023 წლის №21005/2/2023 (რეგ. 12.02.2024წ. 03/10575) გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 28.12.2023 წლის №21005/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე საქონლის (ფქვილი, ქატო, შაქარი, მარილი) საბითუმო შეძენა/რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში. დღგ-ით დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისათვის გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი, კერძოდ, შეძენილი სასაქონლო მარაგების თვითღირებულება, სახეობების მიხედვით, დაკავშირებულია რეალიზებული საქონლის ღირებულებასთან, რის შედეგადაც დადგენილია დოკუმენტით იდენტიფიცირებული ფასნამატი, საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გავრცელდა შესაბამისი პერიოდების მიხედვით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი. შემოწმების შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ბრძანება არაერთხელ გასაჩივრდა, როგორც შემოსავლების სამსახურში ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 28.12.2023 წლის №21005/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)