გადაწყვეტილება №18546/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18546/2/2022
03.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 3.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 27.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18546/2/2022).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 31 ოქტომბრის №236-10 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 დეკემბრის №30795 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 8 772 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 8 575
საურავი - 197
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 31 ოქტომბრის №236-10 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 8 772 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 4 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 6 დეკემბრის №30795 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 დეკემბრის №30795 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადასახადის შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე, 299-ე, 301-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, გადამხდელი სადავო საგადასახადო მოთხოვნას ელექტრონულად გაეცნო 2022 წლის პირველ ნოემბერს. საჩივარი წარდგენილია 2022 წლის 4 დეკემბერს. შესაბამისად, გასულია მისი გასაჩივრების კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჩივარი წარდგენილია საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელ მიზეზთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური არ არის უფლებამოსილი განიხილოს საჩივარი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაერღვა წარდგენის ვადები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნას მომჩივანი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2022 წლის 1 ნოემბერს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2022 წლის 1 დეკემბერი (ხუთშაბათი), ხოლო საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2022 წლის 4 დეკემბერს. შესაბამისად, დარღვეულია სადავო საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაერღვა საჩივრის წარდგენის ვადა, თუმცა არ წარმოადგენს მტკიცებულებებს, რაც შეიძლება გამხდარიყო დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.