გადაწყვეტილება №27505/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27505/2/2026
27 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ---ს --- (ს/ნ ----)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 4.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27505/2/2026).
დავის საგანი:
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.03.2026 წლის №CB1883285 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 6.05.2026 წლის №9878 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 18 592.61 ლარი.
ფაქტების აღწერა
საგადასახადო ორგანოსათვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდების გამო, მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.03.2026 წლის №CB1883285 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 18 592.61 ლარის ოდენობით. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.05.2026 წლის №9878 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 145-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით და განმარტავს, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
დაშვებულია ტექნიკური უზუსტობა. მომჩივანმა გააფორმა ხელშეკრულება კომპანიასთან, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულ კომპანიას დამკვეთისთვის უნდა მიეწოდებინა ბრენდირებული მუყაოს ჭიქები და თავსახურები. 29.09.2025 წელს განახორციელა ხსენებული პროდუქციის იმპორტი ჩინეთიდან (საბაჟო დეკლარაცია A---). იმპორტირებული იქნა 190 499 ცალი მუყაოს ჭიქა და 189 999 ცალი თავსახური (500 ცალი თავსახური დააკლო მომწოდებელმა). პროდუქციის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ჭიქებზე დამკვეთის სახელწოდება არასწორად იყო დატანილი, რის გამოც დამკვეთმა უარი განაცხადა პროდუქციის ყიდვაზე. ვინაიდან, ჭიქები იყო ბრენდირებული, მათზე დატანილი იყო დამკვეთის ლოგო და არასწორი სახელწოდება, დამკვეთმა მოითხოვა აღნიშნული პროდუქციის განადგურება. აქედან გამომდინარე, განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის თაობაზე.
განცხადებაში, პროდუქციის დასახელებაში ერთიანად იქნა მითითებული „ქაღალდის ჭიქა თავსახურით“, ხოლო პროდუქციის რაოდენობაში ჭიქების და თავსახურების რაოდენობების ჯამი 380 498 (190499 ჭიქა + 189999 თავსახური). საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების მიერ გასანადგურებელი პროდუქციის დათვალიერებისას პროდუქციის დასახელებაში მითითებული „ქაღალდის ჭიქა თავსახურით“ გამო ჭიქები და თავსახურები განხილულ იქნა ერთ პროდუქტად, შესაბამისად, ფიზიკურად არ ჰქონდა 380 498 ცალი ჭიქა თავსახურით. შემმოწმებლების მიერ გასანადგურებლად ჩამოიწერა 189 999 ჭიქა თავსახურით, გამომდინარე იქიდან რომ, მომწოდებელმა დააკლო 500 ცალი თავსახური 500 ცალი ჭიქა დარჩა დაუწყვილებელი და დატოვა ნაშთად, ხოლო 190 499 ცალი (380498 – 189999) „ქაღალდის ჭიქა თავსახურით“ მიჩნეულ იქნა დანაკლისად და საგადასახადო ორგანოსთვის ჩამოსაწერი სასაქონლომატერიალური მარაგების შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებად.
ზემოაღწერილი ეკონომიკური თუ სამეურნეო ოპერაციების მსგავსი სხვა ოპერაციები არ განუხორციელებია. სასაქონლო-მატერიალური მარაგების ჩამოწერაზე განცხადება პირველად გააგზავნა, რამაც გამოიწვია ტექნიკური უზუსტობა. როდესაც მისთვის ცნობილი გახდა განცხადებაში დაშვებული შეცდომის შესახებ, სცადა მისი დაკორექტირება, თუმცა, აღნიშნული ტექნიკურად შეუძლებელი იყო. ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე დაყრდნობით სანქციისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლომატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულის მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანოსათვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდების გამო, მომჩივანს, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულების (18 592.61 ლარი) ოდენობით.
გადასახადის გადამხდელის განმარტებით, პროდუქციის დასახელებაში ერთიანად იქნა მითითებული „ქაღალდის ჭიქა თავსახურით“, ხოლო პროდუქციის რაოდენობაში ჭიქების და თავსახურების რაოდენობების ჯამი 380 498 (190499 ჭიქა + 189999 თავსახური).
საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების მიერ გასანადგურებელი პროდუქციის დათვალიერებისას, პროდუქციის დასახელებაში მითითებული „ქაღალდის ჭიქა თავსახურით“ გამო ჭიქები და თავსახურები განხილულ იქნა ერთ პროდუქტად. ფიზიკურად არ ჰქონდა 380 498 ცალი ჭიქა თავსახურით. შემმოწმებლების მიერ გასანადგურებლად ჩამოიწერა 189 999 ჭიქა თავსახურით, გამომდინარე იქიდან რომ, მომწოდებელმა დააკლო 500 ცალი თავსახური 500 ცალი ჭიქა დარჩა დაუწყვილებელი და დატოვა ნაშთად, ხოლო 190 499 ცალი (380498 – 189999) „ქაღალდის ჭიქა თავსახურით“ მიჩნეულ იქნა დანაკლისად და საგადასახადო ორგანოსთვის ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური მარაგების შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებად.
ზემოაღწერილი ეკონომიკური თუ სამეურნეო ოპერაციების მსგავსი სხვა ოპერაციები არ განუხორციელებია. სასაქონლო-მატერიალური მარაგების ჩამოწერაზე განცხადება პირველად გააგზავნა, რამაც გამოიწვია ტექნიკური უზუსტობა. როდესაც მისთვის ცნობილი გახდა განცხადებაში დაშვებული შეცდომის შესახებ, სცადა მისი დაკორექტირება, თუმცა, აღნიშნული ტექნიკურად შეუძლებელი იყო.
სადავო საკითხზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 9.06.2026 წლის №51509-21-12 წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც მითითებულია შემდეგი: 12.03.2026 წელს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ელექტრონული განაცხადით მიმართა გადასახადის გადამხდელმა, რომელსაც თან ერთვოდა დანართი №24. განაცხადით ჩამოსაწერი საქონლის სააღრიცხვო ღირებულება სულ შეადგენდა 37 136.61 ლარს. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას. 16.03.2026 წელს ჩამოწერის პროცედურის განსახორციელებლად მიმდინარე კონტროლის სამმართველოს უფლებამოსილი პირები გამოცხადდნენ ჩამოსაწერი სასაქონლო მატერიალური ფასეულობის განთავსების ადგილზე (მის: ----), სადაც კომპანიის დირექტორს - ჩაბარდა ბრძანება და განემარტა ამ პროცედურასთან დაკავშირებული მისი უფლებები და მოვალეობები. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი განაცხადის დანართ №24-ში მითითებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა დანაკლისი, რომელმაც სააღრიცხვო ღირებულებით შეადგინა 18 592.61 ლარი. აღნიშნულზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 17.03.2026 წელს შედგა №CB1883285 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სამართალდამრღვევს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 18 592.61 ლარის ოდენობით.
განცხადებაში პროდუქციის დასახელებაში მომჩივნის მიერ ერთიანად იქნა მითითებული „ქაღალდის ჭიქა თავსახურით“, ხოლო პროდუქციის რაოდენობაში ჭიქების და თავსახურების რაოდენობების ჯამი 380 498 (190499 ჭიქა + 189999 თავსახური). მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ გასანადგურებელი პროდუქციის დათვალიერებისას საქონლის დასახელებაში მითითებული „ქაღალდის ჭიქა თავსახურით“ გამო ჭიქები და თავსახურები განხილულ იქნა ერთ პროდუქტად. ვინაიდან, მათ ფიზიკურად არ ჰქონდათ 380 498 ცალი ჭიქა თავსახურით, შემმოწმებლების მიერ გასანადგურებლად ჩამოიწერა 189 999 ჭიქა თავსახურით. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ მომწოდებელმა დააკლო 500 ცალი თავსახური, 500 ცალი ჭიქა დარჩა დაუწყვილებელი და იგი ჩამოწერას საერთოდ არ დაექვემდებარა, ხოლო 190 499 ცალი (380498 – 189999) „ქაღალდის ჭიქა თავსახურით“ მიჩნეულ იქნა დანაკლისად და საგადასახადო ორგანოსთვის ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური მარაგების შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებად, რაზეც შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
საბჭო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადასტურებულია გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოსთვის სასაქონლო-მატერიალური მარაგების ჩამოწერის თაობაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდების ფაქტი.
შესაბამისად, გასაჩივრებული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა თავისთავად არ გამორიცხავს კონკრეტულ შემთხვევაში პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, თუ საქმის ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს, რომ დარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით და არ არის დაკავშირებული მის არაკეთილსინდისიერ ქმედებასთან.
საბჭო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ გადასახადის გადამხდელმა მსგავსი ოპერაცია განახორციელა პირველად, არ დგინდება გადასახადისგან თავის არიდების მიზანი, აღნიშნული დარღვევა ატარებს ტექნიკურ ხასიათს, რაც მიუთითებს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და არ ხასიათდება ბრალეულობის მაღალი ხარისხით. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ მიუხედავად სამართალდარღვევის ფაქტის დადასტურებისა, არსებობს საკმარისი სამართლებრივი საფუძველი, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებისათვის.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.03.2026 წლის №CB1883285 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან;
3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ელექტრონული განაცხადით მიმართა მომჩივანმა, რომელსაც თან ერთვოდა დანართი №24. განაცხადით ჩამოსაწერი საქონლის სააღრიცხვო ღირებულება სულ შეადგენდა 37136.61 ლარს. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას. შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა დანართ №24-ში მითითებული ვადაგასული ან/და შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება 2026 წლის 20 მარტის ჩათვლით.
გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი განაცხადის დანართ №24-ში მითითებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რეალურად არსებულ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებთან ურთიერთშედარებისას გამოვლინდა დანაკლისი, რომელმაც სააღრიცხვო ღირებულებით შეადგინა 18592.61 ლარი. აღნიშნულზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 17 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სამართალდამრღვევს შეეფარდა ჯარიმა 18592.61 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მიუხედავად სამართალდარღვევის ფაქტის დადასტურებისა, არსებობს საკმარისი სამართლებრივი საფუძველი, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებისათვის.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 279 (3).