გადაწყვეტილება №20905/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.12.2023
№ დოკუმენტი 20905/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20905/2/2023

15 დეკემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 25.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20905/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 21.03.2023 წლის №5472 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ივლისის №038-14 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 სექტემბრის №21922 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 284 116 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 142 424

დღგ - 35 133

მოგების გადასახადი - 6 882

საშემოსავლო გადასახადი - 100 113

ქონების გადასახადი - 296

ჯარიმა - 81 902

საურავი - 59 790

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 აპრილის №10878 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 ოქტომბრის №25533 ბრძანება და №038-21 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 370 833 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 12 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 21.03.2023 წლის №5472 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.პირველ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 21.03.2023 წლის №5472 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის დასკვნა, 25.07.2023 წლის №17932 ბრძანება და №038-14 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 85 513 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 284 116 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 17 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 8 სექტემბრის №21922 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ გადამხდელის მიერ შპს „----------“ და შპს „----------“ გაფორმებული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები არ არის დამოწმებული ნოტარიული წესით, ხოლო მესამე პირებისგან ვერ იქნა მიღებული ინფორმაცია. შესაბამისად, მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შემოწმების მიერ არ ჩაითვალა საკმარის პირობად დარიცხული გადასახადების კორექტირებისთვის.

ამასთან, სანქციისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სადავო საკითხი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 მარტის №5472 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2020 წლის აპრილის თვეში შემმოწმებლის მიერ დღგ-ით დამატებით დაბეგრილია შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 40 000 ლარი. აღნიშნული თანხა წარმოადგენს აღებულ სესხს, რომელიც პლასტმასის მილების ღირებულების სანაცვლოდ იმავე დღეს გადაირიცხა შპს „----------“ (ს/ნ ----------). აღნიშნული სესხი დარიცხული პროცენტებით დაბრუნებული იქნა 2022 წელს. აღნიშნულთან დაკავშირებით სესხის ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი წარუდგინეს შემმოწმებელს. აუდიტორის შეფასებაში შემმოწმებელი აღნიშნავს, რომ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ვერ დაუკავშირდა შპს „----------“, რის შემდეგაც აუდიტორმა მომჩივნისგან მოითხოვა აღნიშნული დოკუმენტაციის ნოტარიულად დამოწმება. მომჩივნის მხრიდან შპს „----------“ დირექტორთან დაკავშირება და მასთან ერთად დოკუმენტაციის (ხელშეკრულება და შეთანხმების აქტი) ნოტარიული დამოწმება მოხდა 2023 წლის 11 ივლისს, რაც იმავე დღეს გადაეგზავნა შემმოწმებელს. აღნიშნულ დოკუმენტაციას წარმოადგენს დანართის სახით, რაც ასევე წარდგენილი იყო 2023 წლის 17 აგვისტოს საჩივართან ერთად შემოსავლების სამსახურში.

ამასთან, შპს „----------“-ს 2021 წლის 18 ნოემბერს შპს „----------“ (ს/ნ ----------) საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული აქვს ავანსის თანხა 80 000 ლარი, გამოწერილია ავანსის ანგარიშ-ფაქტურა №ავ----------, რაც დაბეგრილი აქვს დღგ-ის გადასახადით 2021 წლის ნოემბრის თვეში, როგორც მიღებული ავანსი. აღნიშნულ კომპანიასთან სამუშაოები დასრულდა 2021 წლის დეკემბრის თვეში და შესაბამისად ჩაერიცხათ შესრულებული სამუშაოს დარჩენილი ღირებულება ორ ტრანზაქციად: 2021 წლის 6 დეკემბერს - 58 000 ლარი და 2021 წლის 31 დეკემბერს - 170 000 ლარი. სულ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 308 000 ლარი და ბანკში ჩარიცხული თანხაც შეადგენს 308 000 ლარს. 2021 წლის დეკემბერში გამოიწერა ძირითადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა----------) სრულ ღირებულებაზე თანხით 308 000 ლარი, რომელიც ექვემდებარება განაშთვას 2021 წლის ნოემბერში დაბეგრილი ავანსის თანხით. გადამხდელს 2021 წლის დეკემბრის თვეში დღგ-ის დეკლარაციით დაბეგრილი აქვს 308 000 - 80 000 = 228 000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო შემოწმებით 2021 წლის ნოემბერში დაბეგრილია 80 000 ლარი (ავანსის თანხა) და 2021 წლის დეკემბერში 308 000 ლარი (მთლიანი შესრულებული სამუშაოს ღირებულება). აღნიშნულთან დაკავშირებით, დანართის სახით წარმოადგენს შპს „----------“ გაფორმებულ ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტს. აუდიტორმა აღნიშნული დოკუმენტაციის ნოტარიული დამოწმებაც მოითხოვა, მას შემდეგ რაც მათთან დაკავშირება და ინფორმაციის გამოთხოვა ვერ შეძლო. სამწუხაროდ, შპს „----------“ დაკავშირება მომჩივნისთვისაც შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან მისი ინფორმაციით აღნიშნული ფირმა აღარ ფუნქციონირებს.

მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას წარმოდგენილი მტკიცებულებები და გაუქმდეს ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამო საგადასახადო შემოწმებით დამატებით დარიცხული თანხები, ხოლო დარჩენილი თანხა ჩაეთვალოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ სესხად.

იმ შემთხვევაში თუ არ დაკმაყოფილდება მომჩივნის მოთხოვნა, ვინაიდან არასდროს ჰქონიათ განზრახვა გადასახდელი გადასახადების შემცირებისა და გადახდისგან თავის არიდების, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სრულად გაუქმდეს დაკისრებული ჯარიმა და საურავი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 21.03.2023 წლის №5472 ბრძანებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ:

1. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა შპს „----------“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულება და შეთანხმების აქტი, ხოლო ავანსთან დაკავშირებით, კომპანიამ წარადგინა შპს „----------“ გაფორმებული ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნული დოკუმენტაცია არ არის დამოწმებული ნოტარიული წესით. შესაბამისად, გადამოწმების მიზნით ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა მესამე პირებისგან, თუმცა მათთან კომუნიკაცია ვერ შედგა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შპს „----------“ და შპს „----------“ უფიქსირდებათ ბიუჯეტის მიმართ დიდი ოდენობით დავალიანება. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, წარდგენილი დოკუმენტაცია საგადასახადო ორგანოს მიერ არ ჩაითვალა საკმარის პირობად დარიცხული გადასახადების კორექტირებისთვის;

2. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გათვალისწინებულ იქნა საწარმოს მიერ შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ და მომჩივანს, მიღებული ჩათვლის დოკუმენტების გათვალისწინებით, გაეზარდა დღგ-ის ჩათვლა;

3. ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელიც შესწავლილი და გადამოწმებულ იქნა მესამე პირებთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯის დოკუმენტების საფუძველზე შემცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილული ნაღდი ფულის ნაშთი. გადასახადის გადამხდელმა ასევე წარადგინა შპს „----------“ და შპს „----------“ გაფორმებული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნული დოკუმენტაცია არ არის დამოწმებული ნოტარიული წესით. შესაბამისად, გადამოწმების მიზნით ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა მესამე პირებისგან, თუმცა მათთან კომუნიკაცია ვერ შედგა. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, წარდგენილი დოკუმენტაცია შემოწმების მიერ არ ჩაითვალა საკმარის პირობად დარიცხული გადასახადების კორექტირებისთვის;

4. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მონაცემების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადამოწმდა მომსახურების გამწევი ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაცია და იმ პირებთან მიმართებით დაკავებული საშემოსავლო გადასახადი, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ მეწარმეებად ან მინიჭებული ჰქონდათ მცირე ბიზნესის სტატუსი, დაექვემდებარა შემცირებას;

5. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებით, მომჩივნის მიერ წარდგენილი მონაცემების გადამოწმების შედეგად, შემცირდა დარიცხული მოგების გადასახადი.

გადაანგარიშების შედეგად, საწარმოს შეუმცირდა დარიცხული თანხა 85 513 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 58 922 ლარი და ჯარიმა - 26 591 ლარი.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ შპს „----------“ დირექტორთან დაკავშირება და მასთან ერთად დოკუმენტაციის (ხელშეკრულება და შეთანხმების აქტი) ნოტარიული დამოწმება მოხდა 2023 წლის 11 ივლისს, რაც იმავე დღეს გადაეგზავნა შემმოწმებელს. აღნიშნულ დოკუმენტაციას წარმოადგენს დანართის სახით, რაც ასევე წარდგენილი იყო 2023 წლის 17 აგვისტოს საჩივართან ერთად შემოსავლების სამსახურში. ამასთან, მიუთითებს, რომ შპს „----------“ დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან აღნიშნული საწარმო აღარ ფუნქციონირებს.

მომჩივნის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შპს „----------“ (ს/ნ ----------) დადებული ხელშეკრულება არ არის ნოტარიული წესით დამოწმებული. ინფორმაცია ასევე გამოთხოვილ იქნა შპს „----------“, რაზეც პასუხი არ მიუღიათ. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი არ ექვემდებარება შემცირებას.

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ ფინანსთა სამინისტროში საჩივართან ერთად გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა შპს „----------“ (ს/ნ ----------) გაფორმებული ნოტარიულად დამოწმებული შეთანხმების აქტი, რაც წარმოადგენს აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხის შემცირების დასაბუთებულ საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 21.03.2023 წლის №5472 ბრძანება სრულყოფილად არ არის აღსრულებული.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები/მტკიცებულებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 სექტემბრის №21922 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 21.03.2023 წლის №5472 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის საჩივარი 21.03.2023 წლის №5472 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; - დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

სანქციისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სადავო საკითხი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 მარტის №5472 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

გადაანგარიშების შედეგად, საწარმოს შეუმცირდა დარიცხული თანხა 85 513 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 58 922 ლარი და ჯარიმა - 26 591 ლარი.

მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 21.03.2023 წლის №5472 ბრძანება სრულყოფილად არ არის აღსრულებული.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები/მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 304(21).