გადაწყვეტილება №27508/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.08.2026
№ დოკუმენტი 27508/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27508/2/2026

24 აგვისტო 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,„-------“- ის 4.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27508/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 22 დეკემბრის №27963 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.02.2026 წლის №041-7 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10869 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 91 608.03 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 55 714.47

დღგ - 5 071.67

საშემოსავლო გადასახადი - 50 642.8

ჯარიმა - 26 298.9

საურავი - 9 594.66

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სიმინდის/ხორბლის მარცვლის იმპორტი რუსეთიდან და მათი საბითუმო რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებული შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს მიერ წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში 2022 წლის 8 აგვისტოს ფიქსირდება რუსეთიდან იმპორტირებული ხორბალი (დეკლ. C114042), რომელის საინვოისო ღირებულებად მითითებულია 250 727.25 ლარი, მაშინ როდესაც მისი საინვოისო ღირებულება რეალურად არის 48 155.69 ლარი, ხოლო მომწოდებლისადმი ვალდებულება დაფარულია ანგარიში 1430-დან (მოთხოვნები საწარმოს პერსონალის მიმართ). კერძოდ, დამფუძნებელი/დირექტორი ------- მიერ. შემოწმებისას სხვაობა 250 727.25-48 155.69=202 571.55 ლარი, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიას განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 23.10.2025 წლის №23379 ბრძანება და №041-62 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.12.2025 წლის №27963 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების და საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სადავო საკითხის ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.12.2025 წლის №27963 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 თებერვლის დასკვნის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. აღნიშნულზე, მომჩივანს წარედგინა 27.02.2026 წლის №4622 და №041-7 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10869 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით, მიუთითა დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებელმა სადავო საკითხის გადაანგარიშებისას გადამხდელის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა, რომ კომპანია შესამოწმებელ პერიოდში ფუნქციონირებდა მოგებაზე და, შესაბამისად, არ საჭიროებდა კაპიტალის შევსებას. აღნიშნულთან დაკავშირებით შემმოწმებელმა გადამხდელს მიაწოდა შესაბამისი ანალიზი (დანართი: „კაპიტალის ანალიზი“), სადაც წარმოდგენილია რეალიზაციის, დღგ-ის ფაქტურებისა და სავარაუდო მოგების გაანგარიშება. თუმცა აღნიშნულ ანალიზში სრულად იგნორირებულია:•ფულადი სახსრების მოძრაობა; •კაპიტალის შევსების პერიოდებში არსებული ლიკვიდურობის მაჩვენებლები; •ბალანსის სტრუქტურული ანალიზი.

აღნიშნული საკითხები არ არის განხილული არც შემოწმების აქტში. ეს წარმოადგენს მეთოდოლოგიურად მცდარ და ზედაპირულ შეფასებას, რადგან კაპიტალის შევსების ან შემცირების საჭიროებას განსაზღვრავს არა ბუღალტრული მოგება ან ზარალი, არამედ ფულადი სახსრების მოძრაობა, ფულის დეფიციტი და ლიკვიდურობის მაჩვენებლები. შესაძლებელია კომპანია იყოს მოგებაზე, თუმცა ფულადი სახსრები განთავსებული ჰქონდეს აქტივებში (მარაგები, დებიტორული დავალიანება და სხვა), რის გამოც საქმიანობის გასაგრძელებლად საჭირო გახდეს დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვა, მათ შორის კაპიტალის შევსების გზით. ანალოგიურად, ზარალის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს კაპიტალის შევსების აუცილებლობას, თუ ფულადი სახსრების დეფიციტი არ არსებობს. შემმოწმებელს რომ ჩაეტარებინა ფულადი ნაკადებისა და ბალანსის სრულფასოვანი ანალიზი, დაინახავდა, თუ რომელ აქტივებშია განთავსებული, როგორც კაპიტალის, ასევე აკუმულირებული მოგების წილი. შემმოწმებელი ასევე მიუთითებს, რომ წინა პერიოდის ანალიზის საფუძველზე კომპანიას საქართველოს ბანკსა და ტერა ბანკში უფიქსირდებოდა გრძელვადიანი სესხი ჯამში 991,103 ლარის ოდენობით, რაც საკმარისი იყო ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის. აღნიშნული დასკვნა არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საქართველოს ბანკის, ტერა ბანკისა და თიბისი ბანკის ოფიციალური ცნობები, რომლითაც დასტურდება, რომ შესაბამის პერიოდებში კომპანიას ფაქტობრივად ჰქონდა მხოლოდ შემდეგი სასესხო ვალდებულებები: 1.საქართველოს ბანკში: o№7092737 სესხი — 100,000 ლარი (26.02.2021 – 01.03.2022); №8302946 სესხი — 70,000 ლარი (02.05.2022 – 16.05.2023), რომელიც გაცემულია წინა სესხის სრულად დაფარვის შემდეგ; 2.ტერა ბანკში: 31.08.2020 წლის შემდეგ სასესხო ვალდებულება არ გააჩნია; 3. თიბისი ბანკში: კომპანიას სესხი არასდროს ჰქონია. როგორც ირკვევა, შემმოწმებელმა 01.01.2018–01.01.2022 პერიოდის ნაერთ ბრუნვით უწყისში 4110 ანგარიშზე ასახული ბრუნვა შეცდომით აღიქვა როგორც კომპანიის სესხის მოცულობა, მაშინ როდესაც რეალურად აღნიშნული ბრუნვა წარმოადგენს საკრედიტო ხაზების მრავალჯერად გამოყენებას („აღება–დაფარვის“ რეჟიმი) და არა ერთდროულად არსებულ ვალდებულებას. შესაბამისად, კომპანიას არ ჰქონია 991,103 ლარის ოდენობის სესხი. რეალური საბანკო რესურსი შეადგენდა დაახლოებით 160,000 ლარს და გამოიყენებოდა მოკლევადიანი ოპერაციული საჭიროებებისთვის, მათ შორის იმპორტის დროს საბაჟო გადასახდელებისა და საგადასახადო ვალდებულებების დროული დაფარვისთვის. ამდენად, აღნიშნული გარემოება ვერ იქნება გამოყენებული იმ დასკვნის დასასაბუთებლად, რომ კომპანიას არ სჭირდებოდა კაპიტალის შევსება.

ამავე ბრუნვით უწყისში ნათლად ჩანს, რომ კომპანია საქმიანობაში იყენებდა დამფუძნებლის მიერ შეტანილ კაპიტალს, რომელიც საჭიროების შესაბამისად ივსებოდა ან მცირდებოდა. შესაბამისად, სრულიად კანონზომიერია, რომ 01.01.2022 მდგომარეობით საწესდებო კაპიტალში ასახულია 136,000 ლარის ნაშთი, რომელიც წარმოადგენს რეალურ და ეკონომიკურად დასაბუთებულ მაჩვენებელს. რაც შეეხება შემმოწმებლის მითითებას, რომ 2022 წლის ოპერაცია პროგრამულად გატარებულია 2025 წლის 19 მარტს, აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს ოპერაციის არარეალურობის მტკიცებულებას. ბუღალტრული პროგრამის ტექნიკური თავისებურებიდან გამომდინარე, ნებისმიერი გატარების ხელახლა გახსნისა და შემდგომ შენახვის შემთხვევაში სისტემა ავტომატურად ცვლის გატარების თარიღს, რაც არ ასახავს ოპერაციის ფაქტობრივ განხორციელების დროს.

აღსანიშნავია ასევე, რომ კომპანიას დაფუძნებიდან (27.02.2019) 01.01.2022 მდგომარეობით აქვს 150,983 ლარი ს აკუმულირებული მოგება. თუმცა აღნიშნული მოგება ფორმირდებოდა ეტაპობრივად და ვერ იქნებოდა საქმიანობის საწყის ეტაპზე საკმარისი ფინანსური რესურსი. შესაბამისად, არ არის ლოგიკური დასკვნა, თითქოს კომპანია მხოლოდ დაახლოებით 160,000 ლარის საკრედიტო ხაზითა და ეტაპობრივად დაგროვილი მოგებით შეძლებდა საქმიანობის განხორციელებას საწესდებო კაპიტალის გარეშე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახად დასტურდება, რომ კომპანიას რეალურად ესაჭიროებოდა კაპიტალის ეტაპობრივი შევსება და 1.01.2022 მდგომარეობით საწესდებო კაპიტალში ასახული 136,000 ლარის ნაშთი არის რეალური.

შემმოწმებელი ასევე არ ასაბუთებს იმ გარემოებას, რომ თუ კაპიტალის შევსების ოპერაციები არ მომხდარა და ისინი ამოიღება ბუღალტრული ჩანაწერებიდან, ფულადი სახსრების მუხლები გადადის უარყოფით მაჩვენებლებში. იხილეთ დანართი ექსელის ცხრილი. ეს ნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში ვერ აიხსნება, რა წყაროებიდან განხორციელდა კომპანიის მიერ რეალური ფულადი ტრანზაქციები. თავის მხრივ, აღნიშნული ტრანზაქციების რეალურობა დასტურდება: საბაჟო მონაცემებით (საქონლის ფაქტობრივი შემოსვლა საქართველოში); გასავლის ორდერებით; მომწოდებლებთან გაფორმებული შედარების აქტებით; ავანსების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტებით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გადახდების რეალურობა თავად შემმოწმებელსაც არ აქვს დაყენებული ეჭვქვეშ და არც ერთ შემოწმების აქტში არ არის მითითებული მათი არარსებობის ან საეჭვოობის შესახებ. (იხილეთ დანართები) საწესდებო კაპიტალი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შეადგენს 238 500 ლარს, აქედან 136 000 ლარი იყო 2022 წლის პირველ იანვარს, რაზეც დავების საბჭოს მიერ გამოცემულ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ არ ითვალისწინებენ მის არსებობას. ასეთ შემთხვევაში გვაქვს შეუსაბამობა — ის, რომ თუ ამ 136 000 ლარს ამოვიღებთ შესამოწმებელი პერიოდის საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთიდან, რჩება 102 500 ლარი და საინტერესოა მინიმუმ ამ თანხის გამოქვითვა მაინც რატომ არ მოხდა. ასევე, სრულიად გაუგებარია შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს 2026 წლის 15 მაისის ბრძანების ბოლო ჩანაწერი. სადაც აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში ანუ აფიქსირებს 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით კომპანიას აქვს მოგება და ამ ფაქტიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ 2022 წლის 1 იანვარს არ შეიძლებოდა კომპანიას ჰქონოდა საწესდებო კაპიტალი 136 000 ლარი. ეს აუხსნელი ფაქტია მისთვის და ვერ ხვდება, რომელი ფინანსური კალკულაციებით დგინდება... როგორ შეიძლება 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით დაფიქსირებული მოგება იყოს საფუძველი ასეთი დასკვნის გამოსატანად, თუმცა შეუძლია დაადასტუროს პირიქით, რომ კომპანიის მოგება ზუსტად ფორმირდება სხვადასხვა ფაქტორებით მათ შორის, უმთავრესით კაპიტალდაბანდებით და ზუსტად მოგების ფორმირებისთვის საჭიროა საწესდებო კაპიტალი, ან სხვა მოზიდული ფულადი სახსრები. ასევე დამატებით ინფორმაციისთვის აღნიშნავს, რომ კომპანიას რეპორტალზე ატვირთულ 2022 წლის ფინანსურ ანგარიშგებაშიც კი ჩანს ყველა ის საწესდებო კაპიტალი, რაც საუბრობს კომპანია და ესეც ადასტურებს იმ ფაქტს რომ შემდგომ პერიოდში არანაირი მანიპულაციას არ აქვს ადგილი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების გათვალისწინებით, ასევე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით ფიქრობს, რომ ეს მტკიცებულებები ცალსახაა და დამატებით შესწავლას აღარ საჭიროებს, ამიტომ ითხოვს:

1. 202,571.56 ლარი, რომელიც შემმოწმებელმა არასწორად დააკვალიფიცირა „დამფუძნებელზე გაცემულ ხელფასად“, დაკვალიფიცირდეს საწესდებო კაპიტალის შემცირებად.

2. საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომლითაც სადავოდ ხდის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 18 თებერვლის დასკვნაში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს. შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების და წარმოდგენილი მტკიცებულებების სათანადო შესწავლა/გამოკვლევა არ მომხდარა, ამრიგად, შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია მომჩივნის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე/მტკიცებულებებზე, რომლის თანახმად, სადავოდ ხდის ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, დასკვნის შედეგებს და მოითხოვს გადაანგარიშება მოხდეს რეალური გაანგარიშების საფუძველზე.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭოს განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. ამასთან აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურს, როგორც თავდაპირველის საჩივრის განხილვისას, რაზეც მიღებულია შემოსავლების სამსახურის 22.12.2025 წლის №27963 ბრძანება, ისე აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე წარდგენილი საჩივრის განხილვისას, რაზეც მიღებულია სადავო შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10869 ბრძანება, საჩივრები განხილული აქვს მომჩივნის გარეშე, მომჩივანს არ მიეცა შემოსავლების სამსახურში საჩივრების განხილვის არცერთ ეტაპზე დასწრების და არგუმენტების/პოზიციის დაცვის შესაძლებლობა.

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა, შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.05.2026 წლის №10869 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 22 დეკემბრის №27963 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სიმინდის/ხორბლის მარცვლის იმპორტი რუსეთიდან და მათი საბითუმო რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. საწარმოს მიერ წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში ფიქსირდება რუსეთიდან იმპორტირებული ხორბალი, რომელის საინვოისო ღირებულებად მითითებულია 250 727.25 ლარი, მაშინ როდესაც მისი საინვოისო ღირებულება რეალურად არის 48 155.69 ლარი. შემოწმებისას სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ბრძანება არაერთხელ გასაჩივრდა, როგორც შემოსავლების სამსახურში ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა, შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154