ბრძანება N 15793

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 11.07.2025
№ დოკუმენტი 15793
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15793

11 ივლისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ------- (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 19 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 ივლისის სხდომაზე (ოქმი №52) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) 2025 წლის 19 მაისის №95780/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 აპრილის №042-8 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება 2024 წლის ნოემბრის თვეში საცხოვრებელი ფართის ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდებად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას. ასევე აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში დარიცხული თანხები დათვლილია არასწორად. განმარტავს, რომ 2024 წლის 13 აგვისტოს შეიძინა საცხოვრებელი ბინა პირადი მოხმარებისთვის და კომერციული ინტერესი არ ჰქონია, ასევე აღნიშნულ პერიოდში არ იყო გადამხდელად მ.შ. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული, ამასთან, არ ჰქონდა ინფორმაცია რამე ვალდებულების შესახებ. აცხადებს, რომ შეიძინა ბინა და აუცილებელი საჭიროების მოთხოვნიდან გამომდინარე გაასხვისა შეძენილი ფასის იდენტურად. შესაბამისად, არანაირი მოგების ინტერესი არ ჰქონია და არც მიუღია დამატებითი შემოსავალი. მიუთითებს, რომ აღნიშნულის შემდეგ 2024 წლის ნოემბრის თვეში შეიძინა სამი ერთეული საოფისე ფართი, ამ პერიოდში გაიარა კონსულტაცია შემოსავლების სამსახურში და მიიღო ინფორმაცია ვალდებულებების შესახებ, რომელიც შეასრულა პირნათლად ყველა კანონის გათვალისწინებით. კერძოდ, დარეგისტრირდა ინდ. მეწარმედ, ასევე დღგ-ის გადამხდელად და დაადეკლარირა შესაბამის ვადებში.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 აპრილის №6273 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2024 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 28 აპრილს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 აპრილის №8165 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №042-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 51 814 ლარი, მათ შორის, გადასახადი 34 314 ლარი, ჯარიმა 17 157 ლარი და საურავი 343 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

ი/მ ------- (ს/ნ -------) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის 27 ნოემბერს. საქმიანობის სფეროა - საკუთარი ან იჯარით აღებული საცხოვრებელი შენობების გაქირავება და მართვა (68.20.1). აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად გადამხდელს 2024 წლის 4 ნოემბერს შეძენილი აქვს 3 კომერციული ფართი, რომელზეც მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, ამასთან, გადამხდელს 2024 წლის 22 ნოემბერს უფიქსირდება საცხოვრებელი ბინის (ს/კ -------) რეალიზაცია (შეძენილია 2024 წლის 13 აგვისტოს დღგ-ის არა გადამხდელი ფიზიკური პირისგან), რომელსაც არ განიხილავს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. ი/მ ------- მიერ 2024 წლის 25 დეკემბერს შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი განმარტებით ირკვევა, რომ მის საქმიანობას წარმოადგენს არასაცხოვრებელი ფართების ყიდვა და რემონტის შემდგომ საცხოვრებელ ფართებად გაყიდვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, 2024 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ საცხოვრებელი ფართის რეალიზაცია მიჩნეულ იქნა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდებად და დაიბეგრა დღგ-ით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის ფასით (82 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით). შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ი/მ ------- დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის 27 ნოემბერს. საქმიანობის სფეროა - საკუთარი ან იჯარით აღებული საცხოვრებელი შენობების გაქირავება და მართვა. აგრეთვე, ი/მ ------- მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი განმარტებით ირკვევა, რომ მის საქმიანობას წარმოადგენს არასაცხოვებელი ფართების ყიდვა და რემონტის შემდგომ საცხოვრებელ ფართებად გაყიდვა. აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად გადამხდელს 2024 წლის 4 ნოემბერს შეძენილი აქვს 3 კომერციული ფართი. ამასთან, გადამხდელს 2024 წლის 22 ნოემბერს უფიქსირდება საცხოვრებელი ბინის რეალიზაცია, რომელსაც არ განიხილავს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი უძრავი ქონების მიწოდება, რაც დასტურდება შემოწმებისთვის წარდგენილი განმარტებითაც, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ უძრავი ქონების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად, ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის ფასის შესაბამისად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

შემოწმებით განსაზღვრულ ჯარიმასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს სადავო საცხოვრებელ ბინაზე არ აქვს მიღებული დღგ-ის თანხის ჩათვლა. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელს რეალიზებული აქვს 2024 წლის 4 ნოემბერს შეძენილი 3 კომერციული ფართი და შესრულებული აქვს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, ი/მ ------- (ს/ნ -------), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 აპრილის №042-8 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისაგან.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ი/მ ------- (ს/ნ -------), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 აპრილის №042-8 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისაგან;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება საცხოვრებელი ფართის ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდებად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის საქმიანობის სფეროა საკუთარი ან იჯარით აღებული საცხოვრებელი შენობების გაქირავება და მართვა. შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი განმარტებით ირკვევა, რომ მის საქმიანობას წარმოადგენს არასაცხოვებელი ფართების ყიდვა და რემონტის შემდგომ საცხოვრებელ ფართებად გაყიდვა. აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად გადამხდელს შეძენილი აქვს 3 კომერციული ფართიფართი, რომელზეც მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. გადამხდელს უფიქსირდება საცხოვრებელი ბინის რეალიზაცია, რომელსაც არ განიხილავს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.

გადამხდელის მიერ საცხოვრებელი ფართის რეალიზაცია მიჩნეულ იქნა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდებად და დაიბეგრა დღგ-ით.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. შესაბამისად, უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე გადასახდელად განსაზღვრული ჯარიმისაგან.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 164; 269(7)