გადაწყვეტილება №20320/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.09.2023
№ დოკუმენტი 20320/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20320/2/2023

26 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 19.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20320/2/2023).

 

დავის საგანი:

სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.05.2023 წლის №CB1474571 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 30.06.2023 წლის №15365 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 5 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.

 

ფაქტების აღწერა

16.05.2023 წელს 17:18 საათზე ----------ში გადამოწმდა ავტომანქანა (სახ. №----------). გაირკვა, რომ ავტომანქანის ძარაზე განთავსებული, მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 2.2 მ3 მოცულობის კაკლის ჯიშის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) ტრანსპორტირება ხორციელდებოდა სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულ ფაქტზე მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.05.2023 წლის №CB1474571 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარი და ტრანსპორტირებული ხემასალის ჩამორთმევა.

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.06.2023 წლის №15365 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის 12 და მე-5 ნაწილებით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა არასრულყოფილად გამოიკვლია საქმეზე არსებული მასალები და შესაბამისად მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, რაც გამოიხატა საქონლის ჩამორთმევასა და 5 000 ლარით დაჯარიმებაში. კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, ვისზეც ვრცელდება კანონის აღნიშნული მოთხოვნა. კერძოდ, კანონის აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება იმ პირებზე, რომელიც საქონლის ტრანსპორტირებას ახდენს სამეწარმეო მიზნებისათვის ანუ ვაჭრობს, ამ შემთხვევაში მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტებით. მოცემულ შემთხვევაში კი, იგი არ ახორციელებდა ხე-მასალის სამეწარმეო მიზნით ტრანსპორტირებას. მან აღნიშნული ხის მასალა მოიპოვა საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთზე პირადი გამოყენების მიზნით. შესაბამისად, არ უყიდია, რაც დასტურდება სათანადო უწყების მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებით. მომჩივანი აღნიშნავს, რომ იგი ტვირთის გადაზიდვას ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე ახდენდა ყოველგვარი სამეწარმეო მიზნის გარეშე და ამდენად, ზედნადების გამოწერის ვალდებულებაც არ გააჩნდა.

ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას და ჩამორთმეული ხემასალის დაბრუნებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.

ამავე ინსტრუქციის 252 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ზედნადების მე-20 სტრიქონში მიეთითება მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი, კერძოდ: ა) მრგვალი ხე-ტყის (მორი) ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის ან შესაბამისი გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე დადგენილი წესით გაცემული – ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან ამ ინსტრუქციის №II-013 დანართით გათვალისწინებული ზედნადები.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.07.2023 წლის №---------- წერილი, სადაც მითითებულია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის №---------- წერილის საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა (სახ. №----------), რა დროსაც დადგინდა, რომ ---------- (პ/ნ ----------) ახდენდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (5 500 ლარის საბაზრო ღირებულების 2,2 მ3 კაკლის ჯიშის დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. დოკუმენტაციის გრაფაში უნდა ყოფილიყო ხუთი ხეტყის წარმოშობის დოკუმენტი ატვირთული შემდეგი ნომრებით: N----------, N----------, N----------, N----------), ნაცვლად ერთი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტისა (N----------). შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1474571 და სამართალდამრღვევს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და ტრანსპორტირებული საქონლის ჩამორთმევა.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტებზე გადამოწმების დროს გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი იყო არასწორად მითითებული. ამასთან მომჩივანს სხვა დროს უფიქსირდება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები.

საბჭო ვერ გაითვალისწინებს მომჩივნის არგუმენტებს, რომ აღნიშნული ხე-მასალის ტრანსპორტირებას მომჩივანი სამეწარმეო მიზნებისთვის არ ახდენდა. შესაბამისად, სახეზეა ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი და არ არსებობს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა ავტომანქანა. გაირკვა, რომ ავტომანქანის ძარაზე განთავსებული, მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 2.2 მ3 მოცულობის კაკლის ჯიშის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) ტრანსპორტირება ხორციელდებოდა სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულ ფაქტზე მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.05.2023 წლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა სანქცია - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარი და ტრანსპორტირებული ხემასალის ჩამორთმევა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტებზე გადამოწმების დროს გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი იყო არასწორად მითითებული. ამასთან მომჩივანს სხვა დროს უფიქსირდება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები. საბჭო ვერ გაითვალისწინებს მომჩივნის არგუმენტებს, რომ აღნიშნული ხე-მასალის ტრანსპორტირებას მომჩივანი სამეწარმეო მიზნებისთვის არ ახდენდა. შესაბამისად, სახეზეა ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი და არ არსებობს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(12);