ბრძანება N 15469
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15469
09 ივლისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
--- (პ/ნ ---)
(ფაქტ.მის.:---) 2025 წლის 2 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 ივლისის სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა ---ის (პ/ნ ---) №84407/01 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 19 მაისის №21-10/36247 გადაწყვეტილებას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალება შემოიყვანა რუსეთიდან. შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა საგარანტიო თანხა. შსს-ს მომსახურების სააგენტოში გამოცხადებისას ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალება. აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულებით, აუქციონზე სატრანსპორტო საშუალების შემძენი გახდა --- და სატრანსპორტო საშუალება განთავსებულია ქალაქ ---ში საჯარიმო სადგომზე. ვინაიდან მესაკუთრე არის ---, მომჩივნის მოსაზრებით, მას აღარ უნდა დაეკსიროს სატრანსპორტო საშუალების დეკლარირების საფასური და მოითხოვა გარანტიის დაბრუნება, რაზეც საბაჟო დეპარტამენტიდან მიიღო უარი, რასაც არ ეთანხმება ითხოვს სადავო აქტის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქის --- ის (პ/ნ -----) მიერ 2020 წლის 27 ნოემბერს დროებით შემოტანის პროცედურაში №69450/01891413 ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით მოქცეულ იქნა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება (ს/ნ ---). 2021 წლის 25 მაისის №--- და 2021 წლის 14 ივლისის №--- ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციებით აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დროებით შემოტანის ვადა გაგრძელებულ იქნა 2022 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით.
სატრანსპორტო საშუალების დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევისას დეკლარანტის მიერ წარდგენილ იქნა საბანკო გარანტია 7 720 ლარის (იმპორტის გადასახდელის შესაბამისი თანხა, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებით შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს) ოდენობით.
იქიდან გამომდინარე, რომ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზებზე დაყრდნობით არ იკვეთებოდა დასახელებულ სატრანსპორტო საშუალებაზე დროებით შემოტანის ვადის დასრულება, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „გარანტიის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №4) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ორგანოს მოთხოვნით, გარანტორის მიერ განხორციელდა საგარანტიო თანხის შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება.
2025 წლის 5 მაისის №68924/21-11 განცხადებით ---მ მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და ითხოვა მის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების (ს/ნ ---) დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევისას წარდგენილი საბანკო გარანტიის საფუძველზე სადეპოზიტო ანგარიშზე დადებული თანხის დაბრუნება, რადგან სატრანსპორტო საშუალება ---სა და ---ს შორის მიმდინარე დავის ფარგლებში იქნა რეალიზებული იძულებითი აუქციონის ფორმით და აუქციონის შედეგად სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე გახდა სხვა პირი.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ სრულდებოდა კანონმდებლობით დადგენილი ნორმით განსაზღვრული რომელიმე პირობა და კერძო დავის ფარგლებში მესაკუთრის ცვლილება არ წარმოადგენს საბაჟო ორგანოში წარდგენილი გარანტიის გაუქმების მიჩნევის საფუძველს, საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 19 მაისის №21-10/36247 წერილით ---ს უარი ეთქვა შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული საბანკო გარანტიის თანხის დაბრუნებაზე.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საბაჟო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ პირმა, რომელსაც წარმოეშვა ან შეიძლება წარმოეშვას იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულება, უნდა წარადგინოს იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტია (შემდგომ − გარანტია), თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საბაჟო ორგანო უფლებამოსილია ამ პირის ნაცვლად სხვა პირს მისცეს უფლება, წარადგინოს გარანტია. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „გარანტიის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №4) პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გარანტიის წარდგენა სავალდებულოა იმპორტის გადასახდელისაგან სრულად გათავისუფლებით საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) საქართველოს მოქალაქის მიერ დროებით შემოტანისას.
ამავე ინსტრუქციის (დანართი №4) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს იმპორტის გადასახდელისაგან სრულად გათავისუფლებით სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) საქართველოს მოქალაქის მიერ დროებით შემოტანისას – იმპორტის გადასახდელის შესაბამის თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებით შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას.
დასახელებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გარანტიის (დეპოზიტის გარდა) მოქმედების პერიოდში არ სრულდება გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებები, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, გარანტიის ვადის ამოწურვამდე გარანტორს მოსთხოვოს საგარანტიო თანხის შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 დღისა.
აღნიშნული თანხა გარანტორს უბრუნდება გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების განხორციელებიდან არაუგვიანეს 3 დღისა. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არ შესრულდა გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულება, საგარანტიო თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „დროებით შემოტანის პროცედურის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №11) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი მოიცავს იმ უცხოური საქონლის ჩამონათვალს, რომელიც შესაძლებელია მოექცეს დროებით შემოტანის პროცედურაში იმპორტის გადასახდელისაგან სრულად გათავისუფლებით.
ამავე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი მოიცავს „სატრანსპორტო საშუალებას“ – გემი (მათ შორის, ბორანი, ბარჟა და წყალქვეშა ფრთიანი ხომალდი), საჰაერო საფრენი საშუალება, საჰაერო ხომალდი, სახმელეთო ტრანსპორტი (მათ შორის, ძრავიან ველოსიპედი, ტრაილერი, ნახევრადტრაილერი და ტრანსპორტის სხვადასხვა კომბინაცია) და სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობა;
ეს ტერმინი ასევე მოიცავს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებს და ხელსაწყოებს, რომლებიც იმყოფება ტრანსპორტზე (მათ შორის, ტვირთის დატვირთვასთან, ჩამოტვირთვასთან, დამუშავებასთან და დაცვასთან დაკავშირებულ სპეციალურ მოწყობილობებს);
ამავე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შენიშვნის მე-4 პუნქტში მითითებულია, რომ ამ ქვეპუნქტის შესაბამისად ასევე შესაძლებელია შემოყვანილ იქნეს სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილი ან/და 8711 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მოტოციკლი (მოპედის ჩათვლით), რომელიც რეგისტრირებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილია საქართველოს მოქალაქის მიერ და წარდგენილია გარანტია.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „გარანტიის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №4) მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები მიუთითებს:
1. თუ იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულება არ წარმოიშვა ან შესრულდა, ან შეწყდა ამ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, წარდგენილი გარანტია უქმდება.
2. თუ გარანტიით უზრუნველყოფილი იმპორტის გადასახდელი ნაწილობრივ გადახდილია ან შეიძლება წარმოიშვას იმპორტის გადასახდელის მხოლოდ ნაწილის გადახდის ვალდებულება, შესაბამისი პირის განცხადების საფუძველზე უქმდება წარდგენილი გარანტიის საგარანტიო თანხის შესაბამისი ნაწილი.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტში მოცემულია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებით, გარანტიის გაუქმების საფუძვლები.
დასახელებული პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში საბაჟო ორგანოში წარდგენილი გარანტიის გაუქმების საფუძველია, იმპორტის გადასახდელისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანილი საქონლის, ან საქართველოს მოქალაქის მიერ იმპორტის გადასახდელისაგან სრულად გათავისუფლებით დროებით შემოტანილი სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილის ან/და 8711 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) რეექსპორტით გატანისას რეექსპორტის დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნა, ან სხვა საბაჟო პროცედურის განსაზღვრა ან საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული განკარგვის ღონისძიების განხორციელება. დადგენილია, რომ დასახელებული ნორმების გათვალისწინებით, სატრანსპორტო საშუალების დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევისას დეკლარანტის მიერ წარდგენილ იქნა საბანკო გარანტია 7 720 ლარის (იმპორტის გადასახდელის შესაბამისი თანხა, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებით შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს) ოდენობით.
დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „გარანტიის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №4) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა.
კერძო დავის ფარგლებში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ცვლილება ასევე არ წარმოადგენს საბაჟო ორგანოში წარდგენილი გარანტიის გაუქმების მიჩნევის საფუძველს. ამდენად, საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 19 მაისის №21-10/36247 გადაწყვეტილება, რომლითაც მომჩივანს უარი ეთქვა შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული საბანკო გარანტიის თანხის დაბრუნებაზე, მართლზომიერია. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ---ის (პ/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივნის მოსაზრებით, მას აღარ უნდა დაეკსიროს სატრანსპორტო საშუალების დეკლარირების საფასური და მოითხოვა გარანტიის დაბრუნება, რაზეც საბაჟო დეპარტამენტიდან მიიღო უარი, რასაც არ ეთანხმება ითხოვს სადავო აქტის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
სატრანსპორტო საშუალების დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევისას დეკლარანტის მიერ წარდგენილ იქნა საბანკო გარანტია 7 720 ლარის (იმპორტის გადასახდელის შესაბამისი თანხა, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებით შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს) ოდენობით.
იქიდან გამომდინარე, რომ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზებზე დაყრდნობით არ იკვეთებოდა დასახელებულ სატრანსპორტო საშუალებაზე დროებით შემოტანის ვადის დასრულება, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „გარანტიის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №4) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ორგანოს მოთხოვნით, გარანტორის მიერ განხორციელდა საგარანტიო თანხის შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება.
პირმა განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და ითხოვა მის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევისას წარდგენილი საბანკო გარანტიის საფუძველზე სადეპოზიტო ანგარიშზე დადებული თანხის დაბრუნება, რადგან სატრანსპორტო საშუალება მიმდინარე დავის ფარგლებში იქნა რეალიზებული იძულებითი აუქციონის ფორმით და აუქციონის შედეგად სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე გახდა სხვა პირი.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არ სრულდებოდა კანონმდებლობით დადგენილი ნორმით განსაზღვრული რომელიმე პირობა და კერძო დავის ფარგლებში მესაკუთრის ცვლილება არ წარმოადგენს საბაჟო ორგანოში წარდგენილი გარანტიის გაუქმების მიჩნევის საფუძველს, საბაჟო დეპარტამენტის წერილით პირს უარი ეთქვა შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული საბანკო გარანტიის თანხის დაბრუნებაზე.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 55 (1).
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანება.