გადაწყვეტილება №22719/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.05.2024
№ დოკუმენტი 22719/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22719/2/2024

16 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----------ი“ (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,25.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ის“ 30.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22719/2/2024).

 

დავის საგანი:

საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2023 წლის №007-373 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 7.03.2024 წლის №5045 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 510 153,67 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 286 156

დღგ - 44 238

საშემოსავლო გადასახადი - 236 765

ქონების გადასახადი - 5 153

ჯარიმა - 142 913

საურავი - 81 084,67

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა არქიტექტურული მომსახურების გაწევა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.09.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 5.12.2023 წლის შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანი საქმიანობას ახორციელებს ქ. თბილისში, ------ა №----, ფიზიკური პირისგან იჯარით აღებულ კომერციულ ფართში. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმებისთვის წარდგენილი საბანკო ამონაწერის ანალიზის შედეგად ფიქსირდება ხელფასის დანიშნულებით თანხის გაცემა ფიზიკურ პირებზე, მათ შორის, ფართის გამქირავებელზე გადახდილი თანხები, ასევე, ფიზიკური პირებისგან (არ არიან რეგისტრირებულნი გადასახადის გადამხდელად) შეძენილი მომსახურების ანაზღაურება, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა დეკლარირებული შესაბამის საანგარიშო პერიოდებში.

შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2023 წლის №31676 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №007-373 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული 17.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.03.2024 წლის №5045 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მხრიდან დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების შედეგებს, განმარტავს, რომ ოფისში მიმდინარე რემონტისას დაიკარგა პირველადი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებდა ანგარიშვალდებული პირებზე გაცემული თანხების ხარჯვას, აგრეთვე ზოგიერთი შენატანი არ არის ჩართული დაქვითვების გაანგარიშებისას. მომჩივანი ითხოვს შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადების გადაანგარიშებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელს ჰქონდა ხელფასები გაცემული ფიზიკურ პირებზე, ასევე გადახდილი ჰქონდა ფართის იჯარის საფასური და ფიზიკური პირებისგან მიღებული ჰქონდა მომსახურებები რისთვისაც გაცემული ჰქონდა შესაბამისი საზღაური, აღნიშნული ოპერაციები გადამხდელს არ ჰქონდა დეკლარირებული რის შედეგადაც მოხდა პირისთვის საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა და შესაბამისი სანქციების დაკისრება.

აუდიტორის პოზიციით კომპანიის საბანკო ანგარიშზე 2020 წლის მაისის და 2021 წლის აგვისტოს თვეში დამფუძნებლის და დირექტორის მიერ შეტანილი იყო 9 600 ლარი და 17 320 ლარი - დანიშნულებით: „კომპანიისთვის თანხის სესხება“. საგადასახადო შემოწმების პროცესში დაფიქსირებული პოზიციით აღნიშნული თანხები დაბრუნებული იყო უკან, ხოლო საბანკო ამონაწერის დანიშნულებაში შეცდომით იქნა მითითებული ხელფასი ან ბონუსი. შემმოწმებელთათვის არ ყოფილა წარდგენილი შესაბამისი სესხის ხელშეკრულებები.

მომჩივნის განმარტებით საზოგადოებას დაკარგული ჰქონდა გარკვეული დოკუმენტაცია, თუმცა საჩივარს არ ერთვის სათანადო მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მითითებულ ფაქტს.

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.09.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანი საქმიანობას ახორციელებს ფიზიკური პირისგან იჯარით აღებულ კომერციულ ფართში. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმებისთვის წარდგენილი საბანკო ამონაწერის ანალიზის შედეგად ფიქსირდება ხელფასის დანიშნულებით თანხის გაცემა ფიზიკურ პირებზე, მათ შორის, ფართის გამქირავებელზე გადახდილი თანხები, ასევე, ფიზიკური პირებისგან შეძენილი მომსახურების ანაზღაურება, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა დეკლარირებული შესაბამის საანგარიშო პერიოდებში.შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №31676 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა №007-373 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №5045 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101(1); 154(1 „ა“ და „დ“.2 „ა“ და „ბ“) ;