გადაწყვეტილება №28067/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№28067/2/2026
20 ოქტომბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის
დეპარტამენტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 3.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28067/2/2026).
დავის საგანი:
სმფ-ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის დაკისრებული ჯარიმის გაუქმება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 1.07.2026 წლის №CB1935315 გადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 17.08.2026 წლის №18531 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 400 ლარი.
ფაქტების აღწერა
მომჩივნის მიმართ ჩატარდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების ცალკეულ სახეობათა (ელემენტი სუპერი, დანა, სანთებელა) შერჩევითი ინვენტარიზაცია, რა დროსაც მომჩივანს ბრძანების ჩაბარებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში არ წარუდგენია სმფ-ის ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემები „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული შერჩევითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმის (დანართი №224 ) მიხედვით, რაზეც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 1.07.2026 წლის №CB1935315 გადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-12 ნაწილის საფუძველზე, დაეკისრა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 17.08.2026 წლის №18531 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 49-ე, მე-8, 72-ე, 269-ე, 270-ე, 286-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს (განმეორებით), შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
მომჩივნის არგუმენტაცია
აღიარებს ჩადენილ სამართალდარღვევას. ამბობს, რომ უცოდინრობით მოხდა აღნიშნული, თუმცა მე-3 სამუშაო დღეს წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტი. ითხოვს დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4, მე-11 და მე-12 ნაწილების თანახმად:
4. გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა – იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით, ხოლო ამავე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
11. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
12. ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 400 ლარის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.09.2026 წლის №85269-21-12 წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ცალკეულ სახეობათა (ელემენტი სუპერი, დანა, სანთებელა) შერჩევითი ინვენტარიზაცია, სადაც გამოვლინდა 49.5 ლარის აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა. შერჩევითი ინვენტარიზაციის ჩატარების თაობაზე ბრძანების ჩაბარებიდან გადასახადის გადამხდელს 2 სამუშაო დღის ვადაში არ წარუდგენია სმფ-ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემები. ვინაიდან აღნიშნული არის განმეორებითი შემთხვევა, მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად დაეკისრა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. მომჩივანი აღიარებს ჩადენილ სამართალდარღვევას. ამბობს, რომ უცოდინრობით მოხდა აღნიშნული, ითხოვს დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას. ამასთან, მე-3 სამუშაო დღეს წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტი.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მოპასუხე მხარეს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომჩივნის მიერ მე-3 დღეს წარდგენილი დოკუმენტაციით გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები იყო აღურიცხავი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა.
ფაქტობრივი გარემოებები
სადავო საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ცალკეულ სახეობათა (ელემენტი სუპერი, დანა, სანთებელა) შერჩევითი ინვენტარიზაცია, სადაც გამოვლინდა 49.5 ლარის აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა. შერჩევითი ინვენტარიზაციის ჩატარების თაობაზე ბრძანების ჩაბარებიდან გადასახადის გადამხდელს 2 სამუშაო დღის ვადაში არ წარუდგენია სმფ-ების ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემები. ვინაიდან აღნიშნული არის განმეორებითი შემთხვევა, მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად დაეკისრა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (12).