ბრძანება N 22225
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 22225
03/08/2020
შპს -----
(მის.: ------- )
2020 წლის 21 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 10 აპრილის (ოქმი №23) და 22 ივლისის (ოქმი №51) სხდომებზე განიხილა შპს ----- ს №11184/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 25 დეკემბრის №007-626 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი მიუთითებს, რომ სადავო აქტს საფუძვლად უდევს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 25 მარტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მიხედვით გამოვლინდა 281676.42 ლარის დანაკლისი. გადამხდელი აღნიშნავს, რომ მითითებულ სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომლითაც სამართალდარღვევის ოქმი ბათილად იქნა ცნობილი, შესაბამისად დანაკლისს და მის თანმდევ შედეგებს ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია. გადამხდელი ასევე მიუთითებს ხანდაზმულობის ვადაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოთხოვნილია სადავო საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 20 დეკემბრის №45088 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2015 წლის 23 ოქტომბრის №39633 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის დადგენის მიზნით (გამოვლენილი დანაკლისის თანხის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადისა ან/და წლიური მოგების/საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციებში ასახვა). შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. 2019 წლის 25 დეკემბერს გამოიცა №46177 ბრძანება და №007-626 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 162364 ლარი, მათ შორის გადასახადი 77442 ლარი, ჯარიმა 38721 ლარი, საურავი 46201 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ 2015 წლის 23 ოქტომბრის №39633 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ იქნა დანაკლისი საბაზრო ფასით 281676.42 ლარის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშირებით 2016 წლის 25 მარტს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №152534, რომლითაც გადამხდელს დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 28167.64 ლარი. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული დანაკლისი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით უნდა ჩაეთვალა აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად, რაც არ მოუხდენია და არ აუსახავს შესაბამისი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში და 2016 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში ერთობლივ შემოსავალში.
შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და №1704 სიტუაციური სახელმძღვანელოს მოთხოვნების გათვალისწინებით, გაიზარდა 2016 წლის მარტის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და მოხდა 2016 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში ერთობლივ შემოსავალში სმფ-ს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის 238 709 ლარის ასახვა საბაზრო ფასით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
საქმეში არსებული მასალებით, ასევე, დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 აგვისტოს № 3/5448-17 გადაწყვეტილებით შპს ----- ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 25 მარტის №152534 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში.
ხოლო აღნიშნულ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 03 დეკემბრის №3ბ/857-19 გადაწყვეტილებით, რომელთან დაკავშირებითაც შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილია საკასაციო საჩივარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 100-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია, იმპორტი, ექსპორტი, დროებით შემოტანა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ----- ს საჩივარი საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი აღნიშნავს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მიხედვით გამოვლინდა დანაკლისი სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი, და ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ იქნა დანაკლისი, აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გადამხდელს დაეკისრა სსკ-ს 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და 2016 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში ერთობლივ შემოსავალში აისახა გამოვლენილი დანაკლისი საბაზრო ფასით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
ასევე, დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში. აღნიშნულ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილია საკასაციო საჩივარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და გადამხდელის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(11); 286(9); 275
01.01.2021 წლამდე მოქმედი 161(1,,ა“)
№1704 სიტუაციური სახელმძღვანელო