ბრძანება N 874

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.01.2024
№ დოკუმენტი 874
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 874

23 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 25 დეკემბრის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია შპს „---ს“ (ს/ნ ---) №86260/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის №CB1564712 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 იანვრის სხდომაზე (ოქმი №2).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგებს და განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოსთვის გადაცემული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთი 282 922 ლარი უნდა ყოფილიყო. მომჩივანი არ ეთანხმება ფასნამატს და მიაჩნია, რომ ერთ კონკრეტულ საქონელზე განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის შედეგების სრულ ასორტიმენტზე გავრცელება არასწორია. მისივე განცხადებით, ფასნამატი გაანგარიშებულია ხისტად. კომპანიას ხშირად აქვს 30-40-50%-იანი ფასდაკლება. ამასთან, მოდიდან გასული საქონელი შეიძლება გაყიდოს თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. ამასთან, იმპორტირებულ და საქართველოში შეძენილ საქონელზე სხვადასხვა ფასნამატი აქვთ. კომპანიას აქვს სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული საქონელი, სადაც დოკუმენტურად დასტურდება 21%-იანი ფასნამატი. ყოველივე აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.

 

ფაქტების აღწერა:

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ივლისის №18196 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,---ს“ (ს/ნ ---) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შპს „---ს“ საქმიანობის სფეროა ბიჟუტერიის იმპორტი და რეალიზაცია (საბითუმო, საცალო). საინვენტარიზაციო კომისიის მიერ გამოყვანილ და შევსებულ იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული დანართი N19 (I და II ცხრილი, საბუღალტრო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა თანხობრივი ნაშთი). სმფ-ების ბუღალტრული ნაშთის გამოყვანისას გამოყენებულ იქნა შემდეგი მონაცემები და დაშვებები:

 საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2022 წლის 1 იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (12 ივლისი, 2022 წ);

 ფაქტობრივად აღწერილი და სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთი (პირვანდელი ღირებულებით) შეადგენს 276811,95 ლარს.

 საანგარიშო პერიოდის სმფ-ების საწყისი ნაშთი – 357904 ლარი – გადამხდელის 2022 წლის მარტის მოგების დეკლარაციის მიხედვით;

 საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სულ შეძენილმა სმფ-ების რაოდენობამ პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 25544 ლარი, რაც ირკვევა ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით (საბაჟო დეკლარაციებიდან/ინვოისებიდან).

 2022 წლის 1 იანვრიდან 12 ივლისამდე პერიოდში რეალიზებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების (დღგ–ს ჩათვლით) ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა დღგ-ს დეკლარაციებით (შესაბამისი თვეების მონაცემებით) - 84202 ლარი.

 ფასნამატად აღებულ იქნა 497% (დღგ-ს ჩათვლით).

მისი ანგარიში დაეყრდნო 2022 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე პერიოდში ჩატარებულ საკონტროლო შესყიდვის ოქმებს. კერძოდ: ინვენტარიზაციის განხორციელებისას გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებულ საბაზრო ფასსა და საკონტროლო შესყიდვის ოქმში დაფიქსირებულ ფასს შორის გამოვლინდა სხვაობა. შედარებულ პოზიციებს შორის შემცირებული ფასნამატის პროცენტი დაემატა ინვენტარიზაციის ფასნამატს (ინვენტარიზაციის ფასნამატი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ ინვენტარიზაციის მიმდინარეობისას (დანართი N16 ) მითითებული საბაზრო ფასების შედეგად გამოყვანილი), რამაც შეადგინა 497% (დღგ-ს ჩათვლით).

ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2022 წლის 12 ივლისის) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით (დანართი N19-ის I ცხრილის მე-2 სვეტის ბოლო სტრიქონი) შეადგინა: 317111,28 ლარი. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებულ იქნა დანართი N22 და დანართი N22–ის (პროექტის) II ცხრილი – დანართი N19–ის I ცხრილის და დანართი N21–ის მონაცემების საფუძველზე.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა საბაზრო ფასით (დღგ-ს ჩათვლით) შეადგინა 240587,04 ლარი. 2023 წლის 24 მარტს შპს „---ს“ ჩაჰბარდა შეტყობინება მიმდინარე კონტროლის განხორციელებისა და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგების გადაწყვეტილების პროექტი. მან პროექტი გაასაჩივრა. გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა ფასნამატს (497% დღგ - ს ჩათვლით) და აღნიშნა, რომ სხვადასხვა კატეგორიის საქონელზე ფასნამატი განსხვავებულია. ასევე მოდიდან გასულ საქონელზე ფასების ცვლილება არ იქნა გათვალისწინებული.

2023 წლის 6 აპრილის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს სხდომის N21 ოქმის მიხედვით შპს „---ს“ (ს/ნ ---) წერილობითი პოზიცია ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ ინვენტარიზაციის განმახორციელებელ ოფიცრებს დაევალათ გადასახადის გადამხდელთან ერთად სმფ-ების ჯგუფებად განსაზღვრა და აღნიშნულ ჯგუფებზე შესაბამისი ფასნამატის გამოანგარიშება. გადასახადის გადამხდელს 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოედგინა ინვენტარიზაციის განმახორციელებელი ოფიცრებისთვის განსახილველი საკითხის არგუმენტირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შპს „---მ“ განსაზღვრულ დროში წარმოადგინა მისი პოზიციის და არგუმენტაციების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე მოხდა საქონლის დაჯგუფება იმპორტის განხორციელების წლების მიხედვით რამაც პროექტში გამოყენებულ ფასნამატზე გავლენა არ მოახდინა. საგადასახადო ორგანოს მიერ შედგენილ ბუღალტრულ ნაშთსა და ფაქტიურ ნაშთს შორის გამოვლენილმა სხვაობამ შეადგინა: სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ფასებით 240587,04 ლარი, რაც ს.ს.კ.-ს 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასებით განხორციელებულ მიწოდებად, ამასთანავე გამოვლენილი დანაკლისი ჯარიმდება საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით, თანხით 24058,7 ლარი. 2023 წლის 12 დეკემბერს გამოვლენილ სამართალდარღვევაზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NCB1564712.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ს.ს.კ.-ს 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად გამოვლენილ სამართალდარღვევაზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი NCB1564712.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 49; 70; 8 (11); 286 (9).