ბრძანება N 10170

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.05.2023
№ დოკუმენტი 10170
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 10170

10.05.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------;

იურ. მის.: ----------)

2023 წლის 9 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 აპრილის სხდომაზე (ოქმი №46) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 9 იანვრის №77833/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 9 დეკემბრის №021-118 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ საწარმოს მიერ სალაროში აკუმულირებული თანხებით შეძენილია სატრანსპორტო საშუალება. ასევე განმარტავს, რომ სალაროში თანხების არსებობა გამოწვეული იყო იმ გარემოებებით, რომ საბანკო შეფერხებების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა კომპანიის სასიცოცხლოდ აუცილებელი შესყიდვების განხორციელება.

2. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირების საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ საწარმოს მიერ ხორციელდებოდა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, ხოლო აქტივის გასხვისება მოხდა სააღსრულებლო წარმოების ფარგლებში და აღნიშნული არ უნდა აისახებოდეს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ოპერაციაზე.

3. გადამხდელი არ ეთანხმება დებიტორულ დავალიანებაზე კვალიფიკაციის შეცვლას და ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ საწარმოს მიერ განხორციელებული პროდუქციის მიწოდების ოპერაცია მოიცავდა ყველა იმ გადასახადს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. შესაბამისად, მოვალის მიერ ფინანსური ვალდებულების ანაზღაურება არცერთ სხვა დამატებით საგადასახადო ვალდებულებას არ წარმოშობს. მიუთითებს, რომ საწარმოს არ განუხორციელებია არანაირი ქონების გადაცემის ოპერაცია, იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მას მსგავსი ქონება არ ჰქონდა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9688 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 22 თებერვლიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 9 დეკემბრის №31158 ბრძანება და ამავე თარიღის №021-118 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 112 704 ლარი, მათ შორის, გადასახადი 50 814 ლარი, ჯარიმა 50 814 ლარი და საურავი 21 076 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. გადამხდელის სააღრიცხვო პროგრამის ანალიზით შედეგად დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება ნაღდი ფულის უძრავი და მზარდი ნაშთი. აღნიშნული ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ნულდება (იფარება კრედიტორული დავალიანება, სახელფასო ვალდებულებები და ნაღდი ფულის გარკვეული ნაწილის შეტანა ხდება საბანკო ანგარიშზე). შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროში არსებული ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების შესაბამისად, შემოწმების მიერ გაანგარიშდა გადამხდელის სააღრიცხვო პროგრამაში არსებული სალაროს ბუღალტრულ ანგარიშზე დაფიქსირებული ფულადი სახსრების გონივრული ნაშთი (ნაღდი ფულით გაწეულ ხარჯებსა და ნაღდი ფულით მიღებული შემოსავლების ჯამის 10%). გადამხდელის მიერ სააღრიცხვო პროგრამაში დაფიქსირებულ ნაღდი ფულის ნაშთს თითოეული საანგარიშო პერიოდის მიხედვით გამოაკლდა შემოწმებით დადგენილი სალაროს გონივრული ნაშთი. შემოწმებით დადგენილი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო სესხზე გაანგარიშებული საპროცენტო სარგებელი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გარდა აღნიშნულისა, ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაღდი ფულის ნაშთი ბუღალტრულ ბარათზე ნულდებოდა, შემოწმების მიერ სესხად განხილული თანხა გაანგარიშებულ იქნა მოგების გადასახადის ჩასათვლელ თანხაში. შედეგად, პირს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. საწარმოს სააღრიცხვო პროგრამის და პირველადი საგადასახადო დოკუმენტების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს შპს „----------" ეა ---------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით უფიქსირდება ბეტონშემრევი ავტომობილის შეძენა 114 258 ლარად დღგ-ის ჩათვლით (დღგ 17 429 ლარი). გადამხდელს აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჩათვლილი აქვს დღგ 2020 წლის თებერვლის თვის დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში. შემოწმების მიმდინარეობისას შპს „----------" გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია საწარმოს მიერ შპს „----------" განხორციელებული ოპერაციების შესახებ, რომლის შედეგად დადგინდა, რომ შეძენილი ძირითადი საშუალების უკანდაბრუნება განხორციელდა 2021 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდში (აღნიშნულ ოპერაციაზე არ არის გამოწერილი კორექტირების საგადასახაშო ანგარიშ-ფაქტურა). შპს „----------" მიერ 2021 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდში არ მოხდა ადრე ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება. საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. გადამხდელის სააღრიცხვო პროგრამის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ საწარმოს შპს „----------" უფიქსირდება დებიტორული დავალიანების ნაშთი 133 809 ლარის ოდენობით. შემოწმების მიერ აღნიშნული დებიტორისგან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის (01.04.2022წ.) შპს „----------" არსებული დავალიანების შესახებ. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ურთიერთშედარების აქტი, რომელიც დადებული იყო 2020 წლის 9 მარტს შპს „----------", შპს „----------" და ფ/პ „----------“ შორის, რომლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „----------" გაუფორმებდა ფ/პ „----------“ ქ. ---------- მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მდებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებას, ხოლო თავის მხრივ შპს „----------" აღარ ექნებოდა გადასახდელი შპს „----------“ მის წინაშე არსებული დავალიანება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, შემოწმების მიერ ჩაითვალა, რომ აღნიშნული ოპერაციის შედეგად შპს „----------" შპს „----------" მიიღო დებიტორული დავალიანება და მიღებული თანხა გადასცა ფ/პ „----------“ ბინის შესაძენად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, აღნიშნული გარიგება ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელის სააღრიცხვო პროგრამის მიხედვით, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ნაღდი ფულის უძრავი და მზარდი ნაშთი, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ნულდება (იფარება კრედიტორული დავალიანება, სახელფასო ვალდებულებები და ნაღდი ფულის გარკვეული ნაწილის შეტანა ხდება საბანკო ანგარიშზე). შემოწმების მიერ გაანგარიშდა გადამხდელის სააღრიცხვო პროგრამაში არსებული სალაროს ბუღალტრულ ანგარიშზე დაფიქსირებული ფულადი სახსრების გონივრული ნაშთი (ნაღდი ფულით გაწეულ ხარჯებსა და ნაღდი ფულით მიღებული შემოსავლების ჯამის 10%). გადამხდელის მიერ სააღრიცხვო პროგრამაში დაფიქსირებულ ნაღდი ფულის ნაშთს, თითოეული საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გამოაკლდა შემოწმებით დადგენილი სალაროს გონივრული ნაშთი და დადგენილი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად, ხოლო სესხზე გაანგარიშებული საპროცენტო სარგებელი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაღდი ფულის ნაშთი ბუღალტრულ ბარათზე ნულდებოდა, შემოწმების მიერ სესხზე დარიცხული მოგების გადასახადი გათვალისწინებულ იქნა მოგების გადასახადის ჩასათვლელ თანხაში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სალაროს ნაშთის სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით:

1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 733 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. დღგ-ის დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა გარემოებები/ფაქტორები, რის საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორცილდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

3. დასაბეგრი ოპერაციის თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება შემდეგი გარემოებების დადგომისას:

ა) გაუქმდა დასაბეგრი ოპერაცია, მათ შორის, ხელახალი რეგისტრაციის დროს დღგ-ის გადამხდელად წინა რეგისტრაციის გაუქმებისას მიწოდებად განხილული საქონლის არსებულ ნაშთზე;

ბ) შეიცვალა დასაბეგრი ოპერაციის სახე (მათ შორის, შეიცვალა დაბეგვრის რეჟიმი);

გ) მხარეთა შეთანხმებით, შეიცვალა დაბეგვრის მომენტში განსაზღვრული ანაზღაურების თანხა, გარდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ცვლილებისა;

დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს შპს „----------" ეა ---------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით უფიქსირდება ბეტონშემრევი ავტომობილის შეძენა 114 258 ლარად დღგ-ის ჩათვლით (დღგ 17 429 ლარი). გადამხდელს აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჩათვლილი აქვს დღგ 2020 წლის თებერვლის თვის დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში. შემოწმების მიერ შპს „----------" გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ზემოაღნიშნული ძირითადი საშუალების უკანდაბრუნება განხორციელდა 2021 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდში (აღნიშნულ ოპერაციაზე არ არის გამოწერილ კორექტირების საგადასახაშო ანგარიშ-ფაქტურა). შპს „----------" მიერ 2021 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდში არ განხორციელდა ჩათვლილი დღგ-ის თანხის კორექტირება. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნულ ოპერაციაზე საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს შპს „----------" უფიქსირდება დებიტორული დავალიანების ნაშთი 133 809 ლარის ოდენობით. აღნიშნული დებიტორის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა შპს „----------", შპს „----------" და ფ/პ „----------“ შორის 2020 წლის 9 მარტს გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი, რომლის მიხედვით, შპს „----------" გაუფორმებდა ფ/პ „----------“ ქ. ---------- მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მდებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებას, ხოლო თავის მხრივ შპს „----------" აღარ ექნებოდა გადასახდელი შპს „----------“ მის წინაშე არსებული დავალიანება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, შემოწმების მიერ ჩაითვალა, რომ აღნიშნული ოპერაციის შედეგად შპს „----------" შპს „----------" მიიღო დებიტორული დავალიანება და მიღებული თანხა გადასცა ფ/პ „----------“ ბინის შესაძენად. შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, აღნიშნული გარიგება ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა, დებიტორული დავალიანების მიღებულად ჩათვლა და ხელფასად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

1. გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხის კორექტირების საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

3. გადამხდელი არ ეთანხმება დებიტორულ დავალიანებაზე კვალიფიკაციის შეცვლას და ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

1. გადამხდელის სააღრიცხვო პროგრამის მიხედვით, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ნაღდი ფულის უძრავი და მზარდი ნაშთი, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ნულდება (იფარება კრედიტორული დავალიანება, სახელფასო ვალდებულებები და ნაღდი ფულის გარკვეული ნაწილის შეტანა ხდება საბანკო ანგარიშზე). შემოწმების მიერ გაანგარიშდა გადამხდელის სააღრიცხვო პროგრამაში არსებული სალაროს ბუღალტრულ ანგარიშზე დაფიქსირებული ფულადი სახსრების გონივრული ნაშთი (ნაღდი ფულით გაწეულ ხარჯებსა და ნაღდი ფულით მიღებული შემოსავლების ჯამის 10%). გადამხდელის მიერ სააღრიცხვო პროგრამაში დაფიქსირებულ ნაღდი ფულის ნაშთს, თითოეული საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გამოაკლდა შემოწმებით დადგენილი სალაროს გონივრული ნაშთი და დადგენილი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად, ხოლო სესხზე გაანგარიშებული საპროცენტო სარგებელი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ნაღდი ფულის ნაშთი ბუღალტრულ ბარათზე ნულდებოდა, შემოწმების მიერ სესხზე დარიცხული მოგების გადასახადი გათვალისწინებულ იქნა მოგების გადასახადის ჩასათვლელ თანხაში.

სალაროს ნაშთის სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია.

2. საწარმოს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით უფიქსირდება ბეტონშემრევი ავტომობილის შეძენა 114 258 ლარად დღგ-ის ჩათვლით (დღგ 17 429 ლარი). გადამხდელს აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჩათვლილი აქვს დღგ 2020 წლის თებერვლის თვის დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში. შემოწმების მიერ შპს გამყიდველისგან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ზემოაღნიშნული ძირითადი საშუალების უკანდაბრუნება განხორციელდა 2021 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდში (აღნიშნულ ოპერაციაზე არ არის გამოწერილ კორექტირების საგადასახაშო ანგარიშ-ფაქტურა). მომჩივანის მიერ 2021 წლის ოქტომბრის საანგარიშო პერიოდში არ განხორციელდა ჩათვლილი დღგ-ის თანხის კორექტირება. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნულ ოპერაციაზე საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად.

გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

3. საწარმოს უფიქსირდება დებიტორული დავალიანების ნაშთი 133 809 ლარის ოდენობით. აღნიშნული დებიტორის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი, რომლის მიხედვით, მომჩივანმა გაუფორმებდა დირექტორს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მდებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებას, ხოლო თავის მხრივ დებიტორს აღარ ექნებოდა გადასახდელი მომჩივანისთვის მის წინაშე არსებული დავალიანება.

აღნიშნულ ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა, დებიტორული დავალიანების მიღებულად ჩათვლა და ხელფასად განხილვა მართლზომიერია.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 97(1„ბ); 982(3„ზ“); 101(1,2); 154(1„ა“); 174; 175(1„ა“); 179; 275