ბრძანება N 19895-1
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 19895
17/07/2020
შპს ------------------------- ს
(მის.: ქ. --------------------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 03 იანვრის №48390/1/2020 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 10 დეკემბრის №086-47 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 28 მაისის და 24 ივნისის სხდომებზე (ოქმი №33 და №41).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
აცხადებს, რომ საკუთარი რესურსებით შეუძლებელია იმის იდენტიფიცირება, ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტი სპეციალური ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ არის დამზადებული თუ არაკანონიერი გზითაა მოპოვებული, მასალა სოციალური ჭრისთვის იყო გამიზნული თუ არა. მომჩივანი განმარტავს, რომ ნებისმიერ პირს შეუძლია გამოწეროს ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები და მიუთითოს მასში ყალბი მონაცემები, ამით კი კეთილსინდისიერი შემძენი არ უნდა ზარალდებოდეს. გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებას ყველა შეძენის ოპერაციასთან მიმართებაში;
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 20 მაისის №15666 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2016 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 01 ივნისამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 05 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2019 წლის 10 დეკემბრის №42908 ბრძანება და ამავე თარიღის №086-47 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 273 089,21 ლარი, მათ შორის, გადასახადი 110 531 ლარი, ჯარიმა 124 094 ლარი და საურავი 38 464,21 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
„გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა მომწოდებლებისგან შეძენილი აქვს ხე-ტყის მასალა სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე (ფიცარი, ძელი, ძელაკი).
შემოსავლების სამსახურის ერთიანი საინფორმაციო ელექტრონული ბაზის მონაცემების, ასევე, გარემოს დაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადამხდელს უფიქსირდება ისეთი სახის შეძენები, რომლის წარმოშობის დოკუმენტები ან/და სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფირნიშის ნომრები არ იძებნება ზემოაღნიშნულ საინფორმაციო ბაზებში ან/და ფიქსირდება ისეთი შეძენები, რომელთა წარმოშობის დოკუმენტები/ფირნიშის ნომრები ეკუთვნის ფიზიკურ პირებს, აღნიშნული კი გაცემულია სოციალური ჭრის მიზნით.
საგადასახადო შემოწმებამ ერთობლივი შემოსავლიდან დოკუმენტურად დაუდასტურებელი გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრისას იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 02 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით (იმავე საანგარიშო წელს იდენტური/მსგავსი საქონლის შეძენაზე დოკუმენტურად დაფიქსირებული მინიმალური ფასის გამოყენების მეთოდი), ხოლო სოციალური ჭრისთვის განკუთვნილი ხე-ტყის ღირებულება სრულად იქნა ამოღებული გამოსაქვითი ხარჯის ოდენობიდან. ამასთან, 2017 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 01 ივნისამდე პერიოდში ხარჯის განსაზღვრის ზემოაღნიშნული მეთოდიდან გამომდინარე, სხვაობა შემოწმებით დადგენილი შეძენილი ხე-ტყის მასალის ღირებულებასა და სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებულ ღირებულებას შორის ჩაითვალა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო სოციალური ჭრისთვის განკუთვნილი ხე-ტყის ღირებულება სრულად იქნა დაბეგრილი მოგების გადასახადით.”
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომსადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური სადავო საკითხის განხილვის შედეგად მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, ხე-ტყის ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯი დოკუმენტურად დადასტურებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ხე-ტყე დამზადებულია ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის/ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მფლობელის მიერ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილების მე-6 მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, აკრძალულია სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყის ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ნებისმიერი ფორმით გასხვისება.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრისას საგადასახადო შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 02 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, ხოლო სოციალური ჭრისთვის განკუთვნილი ხე-ტყის ღირებულება ამოღებულ იქნა გამოსაქვითი ხარჯებიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილების მე-6 მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული დარიცხვა შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ----- ს 2020 წლის 03 იანვრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს შემოსავლების სამსახურის №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ შეძენილი ხე-ტყის მასალის წარმოშობის დოკუმენტები ან/და სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ფირნიშის ნომრები არ იძებნება საინფორმაციო ბაზებში ან/და ფიქსირდება ისეთი შეძენები, რომელთა წარმოშობის დოკუმენტები/ფირნიშის ნომრები ეკუთვნის ფიზიკურ პირებს, აღნიშნული კი გაცემულია სოციალური ჭრის მიზნით.
შემოწმებამ დოკუმენტურად დაუდასტურებელი გამოსაქვითი ხარჯის განსაზღვრისას იხელმძღვანელა №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, ხოლო სოციალური ჭრისთვის განკუთვნილი ხე-ტყის ღირებულება სრულად იქნა ამოღებული გამოსაქვითი ხარჯის ოდენობიდან. ამასთან, სხვაობა შემოწმებით დადგენილი შეძენილი ხე-ტყის მასალის ღირებულებასა და სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებულ ღირებულებას შორის ჩაითვალა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად და სსკ-ს 982 მუხლის შესაბამისად დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო სოციალური ჭრისთვის განკუთვნილი ხე-ტყის ღირებულება სრულად იქნა დაბეგრილი მოგების გადასახადით.”
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული დარიცხვა შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1,,ბ“); 982(1,,ა“); 105
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანება 31(7) მუხლი;
№0256 სიტუაციური სახელმძღვანელო
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილება 6(8,,ა“) მუხლი