გადაწყვეტილება №19476/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.06.2023
№ დოკუმენტი 19476/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19476/2/2023

22.06.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 21.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19476/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 19.07.2021 წლის №23353 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 თებერვლის №005-4 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 აპრილის №7327 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 238 695 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 93 636

მოგების გადასახადი - 72 942

საშემოსავლო გადასახადი - 20 667

ქონების გადასახადი - 27

ჯარიმა - 93 735

საურავი - 51 324

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 6 აგვისტოს №22972 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდის შემოწმების შედეგები აისახა 2020 წლის 16 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედურ აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 21 დეკემბრის №38088 ბრძანება და №005-299 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 760 975 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2021 წლის 26 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 19.07.2021 წლის №23353 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სალაროს ნაშთის დაზუსტების მიზნით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წინა პუნქტის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სალაროში არსებული უძრავი ფულადი ნაშთის დივიდენდად განხილვის საკითხი შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №3) შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 19.07.2021 წლის №23353 ბრძანების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.01.2023 წლის დასკვნა, 2.02.2023 წლის №1677 ბრძანება და №005-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 369 851 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 238 695 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 19 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 5 აპრილის №7327 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლის შესწავლის შედეგად განხორციელდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირება. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარუდგენია საჩივარში დაფიქსირებული პოზიციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სამწუხაროდ, ვერ შეძლო დადგენილ ვადაში აუდიტის დეპარატმენტში წარედგინა მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირებზე ზიანის ანაზღაურების დამადასტურებელი ნოტარიულად დადასტურებული ხელწერილები. აღნიშნული განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ზოგიერთი მესაკუთრე ფიზიკური პირი საერთოდ არ იმყოფებოდა საქართველოში ან შეცვლილი ჰქონდა საცხოვრებელი ადგილი/ტერიტორია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის ნაწილში იხელმძღვანელოს საგადასახადო ორგანოში დამტკიცებული ხარჯის გამოქვითვის 75%-იანი მანუალით.

გადასახადის გადამხდელი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის №7327 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 19.07.2021 წლის №23353 ბრძანებით, სალაროს ნაშთის დაზუსტების მიზნით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წინა პუნქტის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სალაროში არსებული უძრავი ფულადი ნაშთის დივიდენდად განხილვის საკითხი შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №3) შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 ივლისის №23353 ბრძანების შესაბამისად, მომჩივანმა წარადგინა საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. კერძოდ, ფიზიკური პირების ახსნა-განმარტებები. აღნიშნული ახსნა-განმარტებები გადაიგზავნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ოპერაციების ნამდვილობის გადასამოწმებლად. საგამოძიებო სამსახურის 2021 წლის 1 დეკემბრის წერილით გაირკვა, რომ დაბარებულ იქნენ ფიზიკური პირები და ყველა მოწმემ დაადასტურა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ახსნა-განმარტებებში დაფიქსირებული თანხების მიღება. შესაბამისად, აღნიშნული თანხები გამოაკლდა სალაროში შემოწმებით დადგენილ ნაშთს და შემოსავლების სამსახურის ბრძანების გათვალისწინებით, დარჩენილი თანხები ჩაითვალა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად. ვინაიდან კომპანიას ჰქონდა 2017 წლამდე პერიოდში აკუმულირებული გაუნაწილებელი მოგება, შესაბამის თანხებზე საწარმომ მოგების გადასახადში მიიღო ჩათვლა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 369 851 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 266 060 ლარით და ჯარიმა - 103 791 ლარით.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 ივლისის №23353 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სალაროს ნაშთის დაზუსტება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა წარადგინა საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. კერძოდ, ფიზიკური პირების ახსნა-განმარტებები. აღნიშნული ახსნა-განმარტებები გადაიგზავნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ოპერაციების ნამდვილობის გადასამოწმებლად. საგამოძიებო სამსახურის 2021 წლის 1 დეკემბრის წერილით გაირკვა, რომ დაბარებულ იქნენ ფიზიკური პირები და ყველა მოწმემ დაადასტურა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ახსნა-განმარტებებში დაფიქსირებული თანხების მიღება. შესაბამისად, აღნიშნული თანხები გამოაკლდა სალაროში შემოწმებით დადგენილ ნაშთს და შემოსავლების სამსახურის ბრძანების გათვალისწინებით, დარჩენილი თანხები ჩაითვალა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად. ვინაიდან კომპანიას ჰქონდა 2017 წლამდე პერიოდში აკუმულირებული გაუნაწილებელი მოგება, შესაბამის თანხებზე საწარმომ მოგების გადასახადში მიიღო ჩათვლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 369 851 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 266 060 ლარით და ჯარიმა - 103 791 ლარით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 19 ივლისის ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 275.