ბრძანება N 7321

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.04.2023
№ დოკუმენტი 7321
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7321

05.04.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ -------ის (ს/ნ -------)

(მის.:--------)

2023 წლის 14 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 მარტის სხდომაზე (ოქმი №29) განიხილა ი/მ -------ის (ს/ნ -----) 2023 წლის 14 იანვრის №78040/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №041-65 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არასწორად დაადგინა საქონლის თვითღირებულება, რამაც გამოიწვია დასაბეგრი შემოსავლის ხელოვნურად გაზრდა. ამასთან, მომჩივანი ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ოქტომბრის №26615 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ --------ის (ს/ნ ------) 2022 წლის 25 აგვისტოს საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ი/მ -------ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, 2020 წლის საწყისი და საბოლოო მარაგების და შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაცია;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ოქტომბრის №26615 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 29 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით გადამხდელს შეუმცირდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები სულ 43 638 ლარით, მათ შორის, გადასახადი 29 092 ლარით და ჯარიმა 14 546 ლარით. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 26 დეკემბრის №041-65 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ 2020 წლის საბოლოო მარაგების გაანგარიშება განხორციელდა ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის რეალურად არსებული მარაგების, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვების მიხედვით ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის გამოყენებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2020 წლის საბოლოო მარაგების ღირებულებამ შეადგინა 22 038 ლარი. შედეგად, შემცირებას დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემოწმებით დარიცხული თანხა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2022 წლის 20 ოქტომბრის №26615 ბრძანების მიხედვით გადასახადის გადამხდელს მიეცა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების, მათ შორის, 2020 წლის საწყისი და საბოლოო მარაგების და შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაციის აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენის შესაძლებლობა, თუმცა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარდგენილი აღნიშნული დოკუმენტაცია/ინფორმაცია. საგადასახადო შემოწმების მიერ 2020 წლის საბოლოო მარაგების გაანგარიშება განხორციელდა ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის რეალურად არსებული მარაგების, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვების მიხედვით ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის გამოყენებით, რამაც გამოიწვია შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირება.

ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხი 2022 წლის 25 აგვისტოს საჩივრით არ გამხდარა სადავო, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ------ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არასწორად დაადგინა საქონლის თვითღირებულება. ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

 

ფაქტობრივი გარემოება

2022 წლის 20 ოქტომბრის №26615 ბრძანების მიხედვით გადასახადის გადამხდელს მიეცა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების, მათ შორის, 2020 წლის საწყისი და საბოლოო მარაგების და შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაციის აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენის შესაძლებლობა, თუმცა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარდგენილი აღნიშნული დოკუმენტაცია/ინფორმაცია. საგადასახადო შემოწმების მიერ 2020 წლის საბოლოო მარაგების გაანგარიშება განხორციელდა ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის რეალურად არსებული მარაგების, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვების მიხედვით ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის გამოყენებით, რამაც გამოიწვია შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირება.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269 (7); 304 (21).