გადაწყვეტილება №20285/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.09.2023
№ დოკუმენტი 20285/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20285/2/2023

26 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "------"(ს/ნ "------")

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"-ს 17.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20285/2/2023).

 

დავის საგანი:

სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.05.2023 წლის №CB1468073 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15020 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 5 000 ლარი

 

ფაქტების აღწერა

15.05.2023 წლის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა (სახ. №"------" ), რა დროსაც დადგინდა, რომ "------" (პ/ნ "------") ახდენდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (2500 ლარის ღირებულების ფეხსაცმლის დასამზადებელი მასალა, დერმატინი, წებო, ღრუბელი) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულზე მომჩივანს 15.05.2023 წლის №CB1468073 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.06.2023 წლის №15020 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 286-ე მუხლის პირველი ნაწილით, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით და განმარტა, რომ გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნულ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2004 წლიდან. საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ფეხსაცმლით, ფეხსაცმლის წარმოება. საწარმოში დასაქმებულია ორმოცდაათამდე ადგილობრივი, რომელთა საშუალო ხელფასი 800-1000 ლარის ფარგლებში მერყეობს, ასევე საწარმოს 2012 წლიდან აქვს სტაჟირების პროგრამა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საშუალება ეძლევა წარმატებულ სტუდენტს, გააფორმოს დაიწყოს მუშაობა უმცროს სპეციალისტად. საზოგადოება საქართველოს სახელით აქტიურად იღებს მონაწილეობას მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ფესტივალებსა და გამოფენებზე. მომჩივანი ორიენტირებულია მაღალი ევროპული ხარისხის, ქართული ბრენდის წარმოებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, ადგილობრივების დასაქმებაზე და იმპორტის ჩანაცვლებაზე.

საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს საერთაშორისო სტანდარტებით სააღრიცხვო პროგრამა ფინაში, სადაც ხდება ნედლეულის დამატება საწარმოო პროცესის ეტაპობრივი აღრიცხვა, მზა პროდუქციის შექმნა მოდელების და დეტალური სახეობის მიხედვით, საიდანაც ხდება ზედნადების გამოწერა და პროდუქციის გადაწერა, საცალო და საბითუმო მომხმარებლებზე. მაღალი კონკურენციის პირობებში მზა პროდუქციის გაიაფების მიზნით საწარმო თავად ახდენს ნედლეულის იმპორტს სხვადასხვა ქვეყნიდან და ძირითად შემთხვევაში თურქეთიდან საკუთარი ავტომობილით.

აღნიშნული სამართალდარღვევა გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით, ვინაიდან ბუღალტერმა პროგრამიდან გააქტიურა ზედნადები და შესაბამისი დოკუმენტის ასახვა არ მოხდა rs.ge - ის გვერდზე, აღნიშნული ფაქტი საწარმოს ფუნქციონირების პერიოდში 2004 წლიდან დღემდე მეორედ მოხდა, რომლის მიზეზიც ინტერნეტის უეცარი წყვეტა, მისგან დამოუკიდებელია. როდესაც საბუღალტრო პროგრამაში დამუშავდა სასაქონლო ზედნადები სატრანსპორტო საშუალებამ დაიწყო მოძრაობა, რა დროსაც მოხდა გადამოწმება და შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გამოწერა. გადამოწმების დროს აღმოჩნდა რო გამოწერილ ზედნადებში საქონელი არ იდენტიფიცირდებოდა, რაც იყო ტექნიკური/პროგრამული შეცდომა და ადგილზევე აღმოიფხვრა ხარვეზი, შესაბამისად აღნიშნული მომჩივნისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ჩაითვალა სამართალდარღვევად, რაც პირველ შემთხვევად დაკვალიფიცირდა და გამოიწერა ნულოვანი სამართალდარღვევის ოქმი.

საწარმოს სასაქონლო ზედნადების გარეშე არ მოძრაობს და პრაქტიკაში არც არასდროს ქონია აღნიშნულ შემთხვევას ადგილი. საწარმო, არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, ვინაიდან, აღნიშნული ფაქტი გადამხდელის იმიჯს მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს, სასაქონლო ზედნადების გარეშე მოძრაობის არანაირი სურვილი, განზრახვა არ ჰქონია და აღნიშნული ფაქტი გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ შეცდომით.

ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან და გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის 15.05.2023 წლის №CB1468073 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მოხდეს დარიცხული სანქციის თანხის კორექტირება (შემცირება).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად,1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი და მე-11 ნაწილებითა და 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილი ქმედებებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება; მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.07.2023 წლის №"-------" წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა (სახ. №"------" ), რა დროსაც დადგინდა, რომ "------"(პ/ნ "------") ახდენდა შპს „------ - ს “ (ს/ნ "------") სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (2500 ლარის ღირებულების ფეხსაცმლის დასამზადებელი მასალა, დერმატინი, წებო, ღრუბელი) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე შედგენილ იქნა №CB1468073 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეორე ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

მომჩივნის განმარტებით აღნიშნული სამართალდარღვევა გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით, ვინაიდან ბუღალტერმა პროგრამიდან გააქტიურა ზედნადები და შესაბამისი დოკუმენტის ასახვა არ მოხდა rs.ge - ის გვერდზე, აღნიშნული ფაქტი საწარმოს ფუნქციონირების პერიოდში 2004 წლიდან დღემდე მეორედ მოხდა, რომლის მიზეზიც ინტერნეტის უეცარი წყვეტა, მისგან დამოუკიდებელია. საწარმოს სასაქონლო ზედნადების გარეშე არ მოძრაობს და პრაქტიკაში არც არასდროს ქონია აღნიშნულ შემთხვევას ადგილი. საწარმო, არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, ვინაიდან აღნიშნული ფაქტი გადამხდელის იმიჯს მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს, სასაქონლო ზედნადების გარეშე მოძრაობის არანაირი სურვილი, განზრახვა არ ჰქონია და აღნიშნული ფაქტი გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ შეცდომით.

მომჩივნის მოთხოვნა, გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან, საბჭოს მიაჩნია უსაფუძვლოდ, ვინაიდან გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

ამგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი. მომჩივნის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან,გაუქმდეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მოხდეს დარიცხული სანქციის თანხის კორექტირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ფიზიკური პირი ახდენდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულზე მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი. მომჩივნის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

136(4),270,286,269(7).