ბრძანება N 3590
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3590
24.02.2023
შპს "-------" (ს/ნ "-------" )
(მის: "-------" )
2023 წლის 9 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 იანვრის სხდომაზე (ოქმი №15) განიხილა შპს "-------" (ს/ნ "-------" ) №78999/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 6 თებერვლის №CB1438836 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შპს დაფუძნდა 2022 წლის 23 ივნისს და კომპანიის დირექტორი იმყოფებოდა საზღვარგარეთ 2023 წლის 20 იანვრამდე. აღნიშნულ პერიოდში კომპანია არ ფუნქციონირებდა, არ ჰქონდა შემოსავლები. არ აქვს გახსნილი საბანკო ანგარიში და ასევე არ გააჩნია სალარო აპარატი. საზღვარგარეთ ყოფნისას მას არ ჰქონდა წვდომა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდთან, რის გამოც მიღებულ წერილებს ვერ გაეცნო. შესაბამისად ვერ მოხდა შეტყობინებაზე პასუხის დროული გაცემა. ითხოვს ზემოაღნიშნულის გათვალისწინებას და შეფარდებული ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შპს"-------" ს/ნ ("-------" ) მიმართ 2022 წლის 7 ოქტომბერს გამოცემულ იქნა ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №022-1647 ბრძანება. აღნიშნული ბრძანების მე-5 ნაწილის საფუძველზე გადამხდელს მის საკუთრებაში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ქონების ნუსხის წარმოდგენის ვადად განესაზღვრა - ბრძანების ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღე.
აღნიშნული ბრძანება შემოსავლების სამსახურის №27676 ბრძანებით 2022 წლის 3 ნოემბერს გამოქვეყნებული იქნა შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.rs.ge). აღნიშნული ბრძანება ორჯერ იქნა გაგზავნილი ფოსტის საშუალებით (ქ. "-------" ) და ვერ მოხერხდა მისი ადრესატისათვის ჩაბარება. ბრძანება გადასახადის გადამხდელს ასევე გაეგზავნა ელექტრონულად, რომელსაც გაეცნო 2023 წლის 7 თებერვალს.
რამდენადაც მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შპს "-------" (ს/ნ "-------" ) მიერ არ იქნა წარმოდგენილი №022-1647 ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, აღნიშნულზე 2023 წლის 6 თებერვალს შედგენილ იქნა №CB1438836 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმადაც გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 400 ლარის ოდენობით. სადავო ოქმს გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2023 წლის 7 თებერვალს.
გადასახადის გადამხდელის მიერ ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა 2023 წლის 9 თებერვალს. (ID: "-------"). ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული "მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის" 45-ე მუხლის I ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2023 წლის 10 თებერვლის №022-172 ბრძანებით გაუქმებულ იქნა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 ოქტომბრის №022-1647 ბრძანება "ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ".
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი ქონების ნუსხის წარდგენა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პირი ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია მითითებულ ვადაში, სწორად და სრულად წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნულ ბიუროს. პირი, რომლის ქონებასაც საგადასახადო ორგანომ ყადაღა დაადო, ვალდებულია ახალი ქონების შეძენის შემთხვევაში ამ ქონების შეძენიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა შეასწოროს მის მიერ წარდგენილი ქონების ნუსხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მიხედვით:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა, იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს"-------" (ს/ნ "-------" ) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. შპს "-------" (ს/ნ "-------" ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად გათავისუფლდეს ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 6 თებერვლის №CB1438836 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისაგან;
3. დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.