გადაწყვეტილება № 27881/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 27881/2/2026
16 სექტემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
„------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---- 30.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27881/2/2026).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 20.03.2025 წლის №24899/2/2025 წლის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 29.06.2026 წლის №042-17 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 994 808,7 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 467 279
დღგ - 291 077
საშემოსავლო გადასახადი - 176 202
ჯარიმა - 233 639
საურავი - 293 890,7
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 24.11.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორე 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდში.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2022 წლის №042-35 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.02.2025 წლის №2938 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 20.03.2025 წლის №24899/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 19.02.2025 წლის №2938 ბრძანება, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მიერ წარდგენილი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები/მტკიცებულებები შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 20.03.2025 წლის №24899/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2026 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი იქნა დაზარალებული პირების გამოკითხვის ოქმები, ------- საქალაქო სასამართლოს განაჩენი და სხვა გაანგარიშების ფაილები, რის მიხედვითაც მომჩივანი ითხოვდა ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვას. წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის შედეგად გაანგარიშებული იქნა დაზარალებულ ფიზიკურ პირებზე და შუამავლებზე გადახდილი პროცენტები, ასევე ნოტარიუსის მომსახურების ხარჯები, რომლებმაც ჯამში შეადგინა 77 451 ლარი. საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული წლიური საშემოსავლო გადასახადი შემცირდა 15 490 ლარით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების პროცესში საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2026 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 29.06.2026 წლის
№------ საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადაანგარიშებისას აუდიტის დეპარტამენტმა წარდგენილი დოკუმენტებისა და მტკიცებულებების მხოლოდ ნაწილი გაითვალისწინა. კერძოდ, ხარჯებში არ იქნა გათვალისწინებული სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას მოწმეების (დაზარალებულების) მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია მათთვის გადახდილი თანხების მიღების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია ამოკრებილი იქნა სასამართლო სხდომების აუდიოჩანაწერებიდან და შემმოწმებლებს წარედგინა წერილობითი სიის სახით. მიუხედავად ამისა, აუდიტის დეპარტამენტმა აღნიშნული თანხები ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში არ გაითვალისწინა.
სასამართლო სხდომების აუდიოჩანაწერებში მოწმეები (დაზარალებულები) პირდაპირ და ნათლად ადასტურებენ შესაბამისი თანხების მიღების ფაქტს. შესაბამისად, აღნიშნული მასალები წარმოადგენს ფაქტობრივ მტკიცებულებას, რომელიც მნიშვნელოვანია გაწეული ხარჯების რეალური ოდენობის განსაზღვრისა და საგადასახადო ვალდებულებების სწორად გადაანგარიშებისთვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სასამართლოდან შესაბამისი სხდომების აუდიოჩანაწერებისა და სხვა საჭირო მასალების გამოთხოვა, აუდიოჩანაწერებში დაფიქსირებული მოწმეების განმარტებებისა და მათ მიერ თანხების მიღების შესახებ ინფორმაციის შესწავლა და აღნიშნული თანხების ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინება.
გამოსაქვითი ხარჯების გაზრდისა და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის შესაბამისი შემცირების საფუძველზე საგადასახადო შემოწმების შედეგების ხელახალი გადაანგარიშება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სასამართლოდან შესაბამისი მასალების გამოთხოვა, მათი სრულყოფილად შესწავლა და საგადასახადო შემოწმების შედეგების ხელახალი გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საბჭოს 20.03.2025 წლის №24899/2/2025 გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის მიერ წარდგენილი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები/მტკიცებულებები შეისწავლოს მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2026 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი იქნა დაზარალებული პირების გამოკითხვის ოქმები, ----- საქალაქო სასამართლოს განაჩენი და სხვა გაანგარიშების ფაილები, რის მიხედვითაც მომჩივანი ითხოვდა ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვას. წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლის შედეგად გაანგარიშებული იქნა დაზარალებულ ფიზიკურ პირებზე და შუამავლებზე გადახდილი პროცენტები, ასევე ნოტარიუსის მომსახურების ხარჯები, რომლებმაც ჯამში შეადგინა 77 451 ლარი. საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული წლიური საშემოსავლო გადასახადი შემცირდა 15 490 ლარით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2026 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 20.03.2025 წლის №24899/2/2025 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 20.03.2025 წლის №24899/2/2025 წლის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
კამერალური საგადასახადო შემოწმებით შემოწმდა უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორე. შემოწმების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება გასაჩივრდა დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ნაწილობრივ გააუქმა ბრძანება და გადამხდელს მისცა შესაძლებლობა წარმოედგინა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელთა შესწავლის შემდეგ საფუძვლის არსებობისას საგადასახადო ვალდებულება უნდა შემცირებულიყო.
გადამხდელმა წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტები (მათ შორის სასამართლო განაჩენი და გაანგარიშებები), რომელთა შესწავლის შედეგად დარიცხული საშემოსავლო გადასახადი შემცირდა. ამის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა ახალი საგადასახადო მოთხოვნა, რაც კვლავ გასაჩივრდა დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2026 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 20.03.2025 წლის №24899/2/2025 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;80;102;105;