ბრძანება N 13967
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13967
20 ივნისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)
(მის.: ----------, ----------)
2023 წლის 2 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 მაისის სხდომაზე (ოქმი №57) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) №78805/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის №1602 ბრძანებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის თანხის 50%-ის შემცირებას. აცხადებს, რომ კანონით დადგენილ ვადაში წარმოადგინა განცხადება დარიცხული თანხების აღიარების შესახებ და მოითხოვა დარიცხული ჯარიმის შემცირება. ამასთან, შესაბამისი თანხები გადახდილი იქნა ბიუჯეტში. განცხადების წარდგენიდან მე-3 დღეს გადასახადის გადამხდელს შეატყობინეს წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით არსებულ ხარვეზზე, რაც დაუყოვნებლივ იქნა გამოსწორებული (ახალი მინდობილობა ატვირთული იქნა საგადასახადო პორტალზე), ამასთან, ფაქტია, რომ დარიცხული თანხების გასაჩივრებას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის მიუხედავად, 2023 წლის 1 თებერვალს გამოცემული იქნა №1602 ბრძანება, რომლითაც დარიცხული ჯარიმა არ შემცირდა. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ მინდობილობასთან დაკავშირებული ხარვეზი მის მიერ აღმოიფხვრა მომენტალურად, სხვა ინფორმაცია განცხადების დახარვეზებასთან დაკავშირებით მას არ ჰქონია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით სარგებლობას.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 26 იანვარს გამოცემული დასკვნით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 აპრილის №10219 ბრძანებისა და მასში შესული ცვლილებების გათვალისწინებით ჩატარდა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგად 2022 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) ბიუჯეტის სასარგებლოდ განესაზღვრა სულ 65 847 ლარი, მათ შორის გადასახადი 35073 ლარი, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად 30 675 ლარი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად 100 ლარი. შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) 2022 წლის 8 ივლისს ჩაბარდა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივლისის საგადასახადო მოთხოვნა №024-34.
შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) მიერ 2022 წლის 3 აგვისტოს სსიპ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია განცხადება, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის თანხის 50 პროცენტის გაუქმებას. ამასთან, აღნიშნული მოთხოვნა გადამხდელს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ გაუსაჩივრებია. გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღეში გადაიხადა შემოწმებით დარიცხული გადასახადები და ჯარიმის 50%, თუმცა საკანონმდებლო ნორმების დარღვევით წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე არ მომხდარა საგადასახადო შემოწმების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების აღიარება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის მოთხოვნები არასრულად არის შესრულებული, გადასახადის გადამხდელს არ შეუმცირდა დარიცხული ჯარიმის თანხის 50% (15 338 ლარი).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტი უქმდება, თუ გადასახადის გადამხდელს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში სრულად აქვს გადახდილი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა და პირის მიერ ამავე ვადაში აღიარებულია შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საგადასახადო დავალიანება აღიარებულია, თუ:
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;
ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;
ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 171 პუნქტის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი უფლებამოსილია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს წერილობითი განცხადება „საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ“.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით სარგებლობისთვის აუცილებელ პირობებს წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადებისა და ჯარიმების 50 პროცენტის გადახდა საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღეში და ამავე ვადაში შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხის აღიარება.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივლისის №024-34 საგადასახადო მოთხოვნა შპს „----------“-ს ჩაბარდა 2022 წლის 8 ივლისს. გადასახადის გადამხდელის მინდობილი პირის მიერ 2022 წლის 3 აგვისტოს წარმოდგენილი იქნა განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, მინდობილობაში არ იქნა მითითებული საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის უფლებამოსილების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით შპს „----------“-ის მინდობილ პირს ეცნობა 2022 წლის 5 აგვისტოს. ხარვეზის გამოსწორების მიზნით 2022 წლის 8 სექტემბერს წარმოდგენილი იქნა განცხადება 2022 წლის 1 აგვისტოთი დათარიღებული მინდობილობით. მიუხედავად წარმოდგენილი მინდობილობისა, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივლისს გამოცემული №024-34 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები 2022 წლის 11 აგვისტოს ავტომატურ რეჟიმში, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ გადატანილი იქნა გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათიდან ძირითადი აღრიცხვის ბარათზე.
ამასთან, როგორც აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 იანვრის დასკვნით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღეში გადაიხადა შემოწმებით დარიცხული გადასახადები და ჯარიმის თანხის 50%.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ წარმოდგენილი მინდობილობის გათვალისწინებით, მომჩივანმა დაადასტურა 2022 წლის 3 აგვისტოს წარმოდგენილ განცხადებაში მითითებული გარემოება, რომ კომპანია უარს აცხადებდა საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 იანვრის დასკვნით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში გადაიხადა შემოწმებით დარიცხული გადასახადები და ჯარიმის თანხის 50%. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის მოთხოვნები და აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არამართლზომიერია. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივლისის №024-34 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმების თანხების 50% დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივლისის №024-34 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმების თანხების 50% დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის თანხის 50%-ის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია განცხადება, რომლითაც ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის თანხის 50 პროცენტის გაუქმებას. აღნიშნული მოთხოვნა გადამხდელს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში არ გაუსაჩივრებია, საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღეში გადაიხადა შემოწმებით დარიცხული გადასახადები და ჯარიმის 50%.
გადაწყვეტილება
გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის მოთხოვნები და აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმების თანხების 50% დაუქვემდებაროს შემცირებას;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(11); 8(5)
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N996 ბრძანება, მუხლი 171(1)