ბრძანება N 17027 -2
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 17027
28/05/2019
შპს -----
(მის: ქ. -------)
სადავო საკითხთნ დაკავშრებით საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2019 წლის 24 აპრილს გამართულ სხდომაზე (ოქმი N27) განიხილა შპს ----- საჩივარი, რომლითაც გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 27 დეკემბრის N094-278 ,,საგადასახადო მოთხოვნის“ ბათილად ცნობას.
გადამხდელი არ ეთანხმება ნავსადგურში შემოსული გემებისათვის გაწეული მომსახურების, კერძოდ, საწვავის გაზომვის მომსახურების დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ოპერაციად განხილვას და დღგ-ის დარიცხვას.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 28 ივნისის N17412 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2018 წლის 24 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი და შემოწმების შედეგებზე გადამხდელს წარედგინა 2018 წლის 27 დეკემბრის N094-278 ,,საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა სულ 1973851,41 ლარით, მათ შორის ძირითადი 930998 ლარი, ჯარიმა 539165 ლარი, საურავი503688,41ლარის ოდენობით.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოწმების აქტიდან ირკვევა შემდეგი:
"შესამოწმებელ პერიოდში საწამოს მიერ ნავსადურში შემოსული გემისათვის ხდებოდა შემდეგი მომსახურების გაწევა: გემის ავზში არსებული გემის მოხმარებისათვის განკუთვნილი საწვავის ოდენობის გაზომვა. დეკლარირებული მონაცემების შესაბამისად აღნიშნულ ოპერაციებს შპს ----- განიხლავდა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებად.
სსკ-ის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის გ პუნქტის შესაბამისად დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია ექსპორტში, რეექსპორტში, გარე გადამუშავებაში ან ტრანზიტში მოქცეული საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა.
ამავე ნაწილის "რ" პუნქტის შესაბამისად დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტვირთის შემოტანისას გემისათვის გაწეული მომსახურება (კერძოდ, პორტის, საზღვაო-სალოცმანო სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურება);
შემოწმებით ჩაითვალა, რომ ზემოთ აღნიშნული მომსახურება ჯამურად 15161 ლარის ოდენობით წარმოადგენს სსკ-ის 160-ე და 161-ე მუხლების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, რომელიც არ არის გათავისუფლებული დღგ-ისგან სსკ-ის 168-ე მუხლის შესაბამისად.”
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწამოს მიერ ნავსადურში შემოსული გემისათვის ხდებოდა შემდეგი მომსახურების გაწევა: გემის ავზში არსებული გემის მოხმარებისათვის განკუთვნილი საწვავის ოდენობის გაზომვა. დეკლარირებული მონაცემების შესაბამისად აღნიშნულ ოპერაციებს შპს ----- განიხლავდა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ “ პუნქტზე, რომლის შესაბამისად დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია ექსპორტში, რეექსპორტში, გარე გადამუშავებაში ან ტრანზიტში მოქცეული საქონლის გადაზიდვა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა.
ამავე ნაწილის ,,რ“ პუნქტის შესაბამისად დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტვირთის შემოტანისას გემისათვის გაწეული მომსახურება (კერძოდ, პორტის, საზღვაო-სალოცმანო სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ გაწეული მომსახურება);
შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, რომლის მიხედვითაც ჩაითვალა, რომ ზემოთ აღნიშნული მომსახურება ჯამურად 15161 ლარის ოდენობით წარმოადგენს სსკ- ის 160-ე და 161-ე მუხლების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, რომელიც არ არის გათავისუფლებული დღგ-ისგან სსკ-ის 168-ე მუხლის შესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის ქმედება შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებს, გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებულ სანქციებთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და მე-2¹ ნაწილებზე, რომელთა თანახმად:
„2. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.
„2¹. თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა“.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 1 იანვარს) შესაბამისად სსკ-ის 272-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 2¹-ე ნაწილი: „2¹. საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.“
სსკ-ის 275-ე მუხლის (2019 წლის 1 იანვრამდე მოქმედი) მიხედვით: „2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. 3. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ითვლება დეკლარაციაში გადასახადის შემცირებად და იწვევს ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“ საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 1 იანვარს) მიხედვით სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად: „2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 2 და 2² ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. 2¹. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. 2² . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით. 3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი-2² ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას“.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან დავის პერიოდში სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ახალი ნორმებით შემსუბუქებულია სანქციები ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევებისთვის, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშრებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნითდაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება).
3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ნავსადგურში შემოსული გემებისათვის საწვავის გაზომვის მომსახურების დღგ-ის დასაბეგრ ოპერაციად განხილვას და დღგ-ის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტიდან ირკვევა შემდეგი:
საწამოს მიერ ნავსადურში შემოსული გემისათვის ხდებოდა გემის ავზში არსებული გემის მოხმარებისათვის განკუთვნილი საწვავის ოდენობის გაზომვა. აღნიშნულ ოპერაციებს შპს განიხლავდა დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციებად.
შემოწმებით ჩაითვალა, რომ ზემოთ აღნიშნული მომსახურება წარმოადგენს სსკ-ის 160-ე და 161-ე მუხლების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, რომელიც არ არის გათავისუფლებული დღგ-ისგან სსკ-ის 168-ე მუხლის შესაბამისად. შედეგად გადამხდელს დაერიცხა ძირითდი გადასახადი, ჯარიმა და საურავი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთნ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება დაკისრებული სანქციები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(21); 272; 275
01.01.2021 წლამდე მოქმედი: 161(1); 168(4,,გ“); 168(4,,რ“);