გადაწყვეტილება №18311/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.02.2023
№ დოკუმენტი 18311/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18311/2/2022

16.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ---------- --------- (პ/ნ --------------------)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- ------ის 25.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18311/2/2022).

 

დავის საგანი:

საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურის 11.10.2022 წლის №25829 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით ----. „-- -- -- -------ის“ (ს/ნ--------------) 23.04.2021 წლის მდგომარეობით ერიცხება აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება - 187 838.49 ლარი და ასევე ზედმეტობა 32 761.3 ლარი. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, ----. „-- -- -- -------ის“ მთელ ქონებაზე --.04.2021 წელს №040-774 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

საჯარო რეესტრის 2022 წლის 11 აგვისტოს მომზადებული ამონაწერის თანახმად, №------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ახალ მესაკუთრეს წარმოადგენს მომჩივანი. საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 2022 წლის -- აგვისტო. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტია ----. „-- -- -- -------ის“ (ს/ნ--------------) გადაწყვეტილებები (--.09.2017წ; --.10.2017წ).

ამავე ამონაწერის თანახმად, №---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ქონებაზე, ფიქსირდება, ----. „-- -- -- -------ის“ მთელ ქონებაზე შემოსავლების სამსახურის 23.04.2021 წლის №040-774 შეტყობინებით გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. აღნიშნული შეტყობინება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.10.2022 წლის №25829 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ----. „-- -- -- -------ის“ (ს/ნ--------------) მთელ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება გავრცელებულია 23.04.2021 წლის №040-774 შეტყობინების საფუძველზე, ხოლო საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ფ/პ ---- ------ი ქონების (ს/კ ---------------) მესაკუთრედ დარეგისტრირდა --.08.2022 წელს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის კუთვნილ უძრავ ქონებაზე (ს/კ --------------------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

11.10.2022 წელს შემოსავლების სამსახურს მიმართა საჩივრით, როგორც უფლებამოსილმა პირმა. წარუდგინა ყველა ის უფლებადამდგენი დოკუმენტი, რითაც ----- ------ის საკუთრება დასტურდება აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, თუმცა შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში, წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა და გამოკვლევა არ მომხდარა.

იქიდან გამომდინარე, რომ ----- -----ს მიადგა და კვლავ ადგება მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მის ქონებაზე უკანონოდ გავრცელებული საგადასახადო გირავნობის გამო, შესწავლილ უნდა იქნას წარმოდგენილი დოკუმენტები და მიღებულ იქნას კანონზე დაფუძნებული და ობიექტური გადაწყვეტილება.

რაც შეეხება უშუალოდ შემოსავლების სამსახურის ბრძანებას (№25829), ბრძანებაში მითითებულია, რომ ----- -----ი წარმოადგენს აღნიშნული ქონების მესაკუთრეს --.08.2022 წლიდან, მას შემდეგ, რაც მის სახელზე დარეგისტრირდა აღნიშნული ბინა, თუმცა შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა ის უფლებადამდგენი დოკუმენტები, რომლის მიხედვით დასტურდება ---- -----ის საკუთრების უფლება, რომლის მიხედვითაც ----- -----მა შეიძინა უძრავი ქონება და რომლის მიხედვითაც შემდეგ აისახა კეთილსინდისიერ მესაკუთრედ.

შემოსავლების სამსახურმა საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია არ შეისწავლა სრულფასოვნად, თუმცა საჩივრის განხილვას დასჭირდა 70 დღეზე მეტი და მოცემულ ბრძანებაში არც რაიმე სახის მსჯელობა ჩანს, არც არგუმენტაცია, რაც მოქალაქეს უქმნის განცდას, რომ უწყება მიზნობრივად ცდილობდა პროცედურა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო და ---- ------ს ვერ მიეღწია თავისი მიზნისთვის - გაეთავისუფლებინა საკუთარი უძრავი ქონება უკანონოდ სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობისაგან.

----- -----ის უფლებადამდგენი დოკუმენტი, ნასყიდობის ხელშეკრულება თარიღდება 2010 წლის -- ოქტომბრით.

გარდა ამ ორი დამოწმებული დოკუმენტისა, არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. 2017 წლის -- ივლისის განშლის ოქმის მიხედვით, ----- -----ი აღრიცხულია მე-5 სართულზე მდებარე №-- ბინის მესაკუთრედ. აქედან გამომდინარე, რაც კი დოკუმენტი არსებობს, რაც კი ბრძანება ან გადაწყვეტილება გამოტანილა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რითაც ----- -----ს დაურეგისტრირდა საკუთრებაში ის ქონებები, რომლებზეც გააჩნია და აქვს უფლებადამდგენი დოკუმენტები, დგინდება, რომ №-- ბინა 2010 წლიდან დღემდე ეკუთვნის ----- ----ს და არა ----. „-- -- -- -------ის“ . შესაბამისად, წარმოდგენა, რომ საგადასახადო გირავნობა უნდა გავრცელდეს ყველასა და ყველაფერზე ისე, რომ არ მოხდეს მონაცემების სრულყოფილად შესწავლა და დამუშავება, შეესაბამება უკანონობასა და მესაკუთრის უფლებების ძირეულ ხელშეშლასა და ხელყოფას.

სრულიად წარმოუდგენელია როგორ არის დაცული კეთილსინდისიერი მესაკუთრის უფლებები მაშინ, როდესაც მსგავსი ფაქტია სახეზე. არ არის გამორიცხული, რომ საგადასახადო გირავნობა შეცდომით ყოფილიყო გავრცელებული, თუმცა საჩივრის შეტანის შემდეგ, თითოეული ამ დოკუმენტის წარდგენის შემდეგ საგადასახადო გირავნობა არ გაუქმდეს და ძალაში დარჩეს, წარმოუდგენელია. იმ შემთხვევაში თუ ----. „-- -- -- -------ის“ სახელზე იქნებოდა რიცხული ბინა და იმ შემთხვევაში თუ განშლაში, ან რომელიმე ხელშეკრულებით დადასტურდებოდა, რომ ნამდვილად ----. „-- -- -- -------ის“ საკუთრებაში იმყოფებოდა აღნიშნული უძრავი ქონება, მაშინ შემოსავლების სამსახურის მსჯელობა მართებული იქნებოდა და ამასთან, -- ---ს 9 წლით ადრე აქვს შეძენილი უძრავი ქონება (რაც ნოტარიული წესით არის დადასტურებული და დამოწმებული) და არა მას შემდეგ, რაც შემოსავლების სამსახურის საგადასახადო გირავნობა გავრცელდა.

ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის №25829 ბრძანება და ----- ---ის საკუთრებზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გამოიყენოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

ამავე კოდექსის 239-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.

2. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. 5. თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ.

ვალის მართვის დეპარტამენტის 16.12.2022 წლის №126398-21-17 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის 11.08.2022 წელს მომზადებული ამონაწერის თანახმად, ------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ახალ მესაკუთრეს წარმოადგენს ფ/პ ----- -----ი. საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 11.08.2022 წელი, საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტია ----. „-- -- -- -------ის“ (ს/ნ----------) გადაწყვეტილებები (19.09.2017წ; 04.10.2017წ).

ამავე ამონაწერის თანახმად, №------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ქონებაზე, ფიქსირდება, ----. „-- -- -- -------ის“ მთელ ქონებაზე შემოსავლების სამსახურის 23.04.2021 წლის №040-774 შეტყობინებით გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე და მიაჩნია, რომ მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. ამ მიზნით საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 11.10.2022 წლის №25829 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.