ბრძანება N 32130
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 32130
20 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 7 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №129) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ ----------) №85904/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 დეკემბრის №30665 ბრძანებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის თანხის 50%-ის შემცირებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად. აცხადებს, რომ 2023 წლის 24 ნოემბერს კომპანიის მიერ ელექტრონულად, კომუნიკატორის საშუალებით, წარმოდგენილი იქნა განცხადება, რომელიც ეხებოდა საგადასახადო მოთხოვნის (№007-304) გასაჩივრებაზე უარის თქმას და დროებითი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხის აღიარებას. ასევე, 2023 წლის 24 ნოემბერს გადარიცხული იქნა თანხა ბიუჯეტში 56 000 ლარის ოდენობით, რომელიც მოიცავს დარიცხულ გადასახადს, საურავს და ჯარიმის 50 პროცენტს. გადახდის ქვითარიც ასევე ატვირთული იქნა ელექტრონულად. აღნიშნავს, რომ წერილის გამოგზავნამდე რამდენიმე დღით ადრე კონსულტაციები გაიარა ფინანსთა სამინისტროს ცხელ ხაზზე იმის თაობაზე, რომ განცხადება უნდა წარედგინა კომუნიკატორის საშუალებით. მთავარი პირობა იყო მხოლოდ ის, რომ თანხის გადარიცხვა არ უნდა ყოფილიყო დაგვიანებული და თანხა უნდა ჩარიცხულიყო საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 30 დღეში. აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული პირობა შეასრულა და ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით სარგებლობას.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 5 დეკემბერს გამოცემული დასკვნით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 ნოემბრის №28229 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. 2023 წლის 23 ოქტომბერს შედგენილი იქნა შპს „------------“ (ს/ნ -----------) საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დაერიცხა სულ 53 902 ლარი, მათ შორის: გადასახადი 36 984 ლარი და ჯარიმა 16 918 ლარი.
გადასახადის გადამხდელი საგადასახადო მოთხოვნას გაეცნო ავტორიზებულ ვებ-გვერდზე 2023 წლის 27 ოქტომბერს. 2023 წლის 24 ნოემბერს გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც ითხოვს შემოწმებით დარიცხული ჯარიმის 50%-ის შემცირებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად და თანხის გადახდის დამატასტურებელი ქვითარი.
იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს განცხადება არ აქვს წარმოდგენილი კანონმდებლობის ნორმების დაცვით და შესაბამისად არ მომხდარა დავალიანების აღიარება მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, შპს „------------“ (ს/ნ ----------) არ შეუმცირდა დარიცხული ჯარიმა 8 459 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტი უქმდება, თუ გადასახადის გადამხდელს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში სრულად აქვს გადახდილი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა და პირის მიერ ამავე ვადაში აღიარებულია შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საგადასახადო დავალიანება აღიარებულია, თუ:
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;
ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;
ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 171 პუნქტის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირი უფლებამოსილია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს წერილობითი განცხადება „საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ“.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილით სარგებლობისთვის აუცილებელ პირობებს წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადებისა და ჯარიმების 50 პროცენტის გადახდა საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღეში და ამავე ვადაში შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხის აღიარება.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის №007-304 საგადასახადო მოთხოვნა შპს „------------“ ჩაბარდა 2023 წლის 27 ოქტომბერს. გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურში წარმოადგინა განცხადება, რომელსაც დაურთო თანხის გადახდის დამატასტურებელი ქვითარი და ითხოვდა შემოწმებით დარიცხული ჯარიმის 50%-ის შემცირებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ 2023 წლის 24 ნოემბერს წარმოდგენილი განცხადებით (წერილის ნომერი: 512972) მომჩივანმა დაადასტურა, რომ კომპანია უარს აცხადებდა საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე. ასევე, საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში გადაიხადა შემოწმებით დარიცხული გადასახადები და ჯარიმის თანხის 50%. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის მოთხოვნები და აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არამართლზომიერია. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის №007-304 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმების თანხების 50% დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე11 ნაწილის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის №007-304 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმების თანხების 50% დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმის თანხის 50%-ის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა შპს -ს ჩაბარდა 2023 წლის 27 ოქტომბერს. გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურში წარმოადგინა განცხადება, რომელსაც დაურთო თანხის გადახდის დამატასტურებელი ქვითარი და ითხოვდა შემოწმებით დარიცხული ჯარიმის 50%-ის შემცირებას.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:269(11);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 171 პუნქტის პირველი ნაწილი;