გადაწყვეტილება №18525/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18525/2/2022
16.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ ---------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 16.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------------“-ის 26.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18525/2/2022).
დავის საგანი:
1. ბინების რეალიზაციით და უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებით მიღებული შემოსავლების დღგ-ით დაბეგვრა;
2. შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის ფულადი სახსრების დანაკლისად და საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე ხელფასის სახით გაცემულად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2021 წლის №085-23 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.07.2022 წლის №18180 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 767 299 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 1 017 961
დღგ - 447 729
საშემოსავლო გადასახადი - 570 232
ჯარიმა - 508 829
საურავი - 240 509
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 24.12.2021 წლის №40773 ბრძანება და №085-23 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.07.2022 წლის №18180 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 9.12.2022 წლის №17414/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანმა 26.12.2022 წელს წარმოადგინა №18525/2/2022 საჩივარი, რომლითაც მოითხოვს სრულად გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2021 წლის №085-23 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 12.07.2022 წლის №18180 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციის გაცნობისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
მომჩივანი 26.12.2022 წლის №18525/2/2022 საჩივრით სადავოდ ხდის და მოითხოვს გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2021 წლის №085-23 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 12.07.2022 წლის №18180 ბრძანება.
ზემოთ აღნიშნულ სადავო აქტების თაობაზე მიღებულია საბჭოს 9.12.2022 წლის №17414/2/2022 გადაწყვეტილება. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ არსებობს საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.