ბრძანება N 8869

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.04.2023
№ დოკუმენტი 8869
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 8869

25.04.2023

შპს „-----------“ (ს/ნ ------------)

(მის.: ------------------)

2023 წლის 3 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია შპს „-----------“ (ს/ნ -----------) №80099/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 7 მარტის №005-9 და №005-10 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებს (2023 წლის 2 მარტის ბრძანება №4037). აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 აპრილის სხდომაზე (ოქმი №39).

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 იანვრის №957 ბრძანების აღსრულების მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, მომჩივანი აღნიშნავს, რომ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, კომპანიის მიერ წარდგენილ იქნა დეტალური მონაცემები გამოვლენილ ზედმეტობა/დანაკლისთან დაკავშირებით. პროდუქციის თითოეულ პოზიციაზე წარდგენილ იქნა დეტალური ბრუნვითი ინფორმაცია, სადაც მითითებული იყო იმის თაობაზე, რომ ე.წ. დანაკლისად მიჩნეული პროდუქციის ერთი ნაწილი იმყოფებოდა ადგილზე, ხოლო მეორე ნაწილი ექსპორტირებული იყო საზღვარგარეთ. შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს მიეცათ განმარტება, რომ არავითარი ზედმეტობა და დანაკლისი მაღაზიაში არ არსებობს.

მომჩივანი განმარტავს, რომ მაღაზია „---------ში“ (შპს „--------“ ს/ნ ---------) არც ინვენტარიზაციის დროს და არც მონაცემთა შემდგომი გადამოწმების შედეგად არ იქნა აღმოჩენილი არც დანაკლისი და არც პროდუქციის ზედმეტობა (რამოდენიმე დანაკლისად მიჩნეული საქონელი კომპანიის მიერ ამის შემდგომ ექსპორტზე იქნა საბაჟო წესით გაფორმებული და რეალიზებული).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მოხდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნების გაუქმება.

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 იანვრის №957 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------“ (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის წარედგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი დოკუმენტები. მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველეყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით დაკისრებული ჯარიმების კორექტირება (შემცირება);

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშება არ განხორციელდა შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ შპს ,,----------’’ 2023 წლის 10 თებერვალს №25027/21-12 წერილით წარმოადგინა სასაქონლომატერიალურ ფასეულობების მხოლოდ დანაკლისის სასაქონლო პოზიციებზე საქონლის ბრუნვითი მონაცემები და მიუთითა 2023 წლის 9 თებერვლის მდგომარეობით არსებული სასაქონლო ნაშთები. შპს ,,---------“ წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეიცავდა სათანადო საფუძვლებს ინვენტარიზაციის შედეგად დარიცხული თანხის კორექტირებისთვის და შესაბამისად უცვლელი დარჩა საგადასახადო სამართალდარღვევის №007362 და №184116 ოქმებით დარიცხული სანქციები.

აღნიშნულზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2023 წლის 2 მარტის N4037 ბრძანება და 2023 წლის 7 მარტის N005-9 და N005-10 საგადასახადო კორექტირებული მოთხოვნები.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებსა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად ირკვევა, რომ შპს ,,---------’’ 2023 წლის 10 თებერვალს №25027/21-12 წერილით წარმოადგინა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების მხოლოდ დანაკლისის სასაქონლო პოზიციებზე საქონლის ბრუნვითი მონაცემები და მიუთითა 2023 წლის 9 თებერვლის მდგომარეობით არსებული სასაქონლო ნაშთები. შპს ,,-----------“ წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეიცავდა სათანადო საფუძვლებს ინვენტარიზაციის შედეგად დარიცხული თანხის კორექტირებისთვის და შესაბამისად უცვლელი დარჩა საგადასახადო სამართალდარღვევის №007362 და №184116 ოქმებით დარიცხული სანქციები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 იანვრის №957 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „----------“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 იანვრის №957 ბრძანების აღსრულების მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 იანვრის №957 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადამხდელის საჩივარი და მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის წარედგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები და პირველადი დოკუმენტები. მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველეყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით დაკისრებული ჯარიმების კორექტირება (შემცირება);

გადამხდელმა წარმოადგინა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების მხოლოდ დანაკლისის სასაქონლო პოზიციებზე საქონლის ბრუნვითი მონაცემები და მიუთითა 2023 წლის 9 თებერვლის მდგომარეობით არსებული სასაქონლო ნაშთები. წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეიცავდა სათანადო საფუძვლებს ინვენტარიზაციის შედეგად დარიცხული თანხის კორექტირებისთვის და შესაბამისად უცვლელი დარჩა დარიცხული სანქციები.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(4)(9), 304(21).