ბრძანება N 27866
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27866
13 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)
(იურ. მის: ----------)
2023 წლის 26 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი N115) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) N84369/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის NCB1540617 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ოქტომბერში განახორციელეს იმპორტი. სატვირთო მანქანიდან პროდუქციის გადმოზიდვის დროს გატყდა 52 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი. კერძოდ, გადმომტვირთავი მანქანიდან გადმოვარდა სრული პალეტი დაახლოებით 900კგ წონის, რომლის ქვემოთ მოჰყვა კომპანიის დირექტორი და მიიღო სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი დაზიანებები. ადგილზე გამოძახებული იქნა 112-ის ბრიგადა, პოლიცია და მომხდარ ფაქტზე აღძრულია საქმე. აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე ადგილზე შეუძლებელი იყო რამე პროცედურული თანმიმდევრობის დაცვა. იმის გამო, რომ ჩამოტვირთვა მიმდინარეობდა ხალხმრავალ მოძრავ ადგილზე პროდუქციის ნამსხვრევები დასუფთავების სამსახურმა აიღო გადაყრის მიზნით.
გადასახადის გადამხდელი ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, ითხოვს სანქციის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
2023 წლის 20 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს ელექტრონული ID---------- განაცხადით მიმართა შპს „----------“-მა ( ს/ნ ----------) ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე. განაცხადი დაექვემდებარა „ადგილზე გასვლით“ ჩამოწერას. შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 24 ოქტომბერს გამოცემული იქნა ბრძანება Nსმფ6473, რომლის საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებს დაევალოთ შპს „----------“-ის ( ს/ნ ----------) მიერ დანართ 24-ში მითითებული ვადაგასული ან/და შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება მიმდინარე წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით.
2023 წლის 24 ოქტომბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიმდინარე კონტროლის სამმართველოს ოფიცრები სმფ-ის ჩამოწერის პროცედურის განსახორციელებლად გამოცხადნენ ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის განთავსების ადგილზე - ----------, სადაც გადამხდელის მინდობილ პირს ჩაბარდა Nსმფ6473 ბრძანება და განემარტა ამ პროცედურასთან დაკავშირებული მისი უფლებები და მოვალეობები (მინდობილი პირის განმარტებით მათ დამტვრეული სმფ-ბი გადაყრილი ჰქონდათ და არ იცოდნენ რომ მათი წარმოდგენის ვალდებულება ჰქონდათ შემოსავლების სამსახურის დადასტურების გაცემამდე). ვინაიდან კომპანიამ ვერ წარმოადგინა შემოსავლების სამსახურში დანართ N24-ში მითითებული სმფ-ბი გადასახადის გადამხდელის მიმართ 2023 წლის 26 ოქტომბერს შედგენილი იქნა NCB1540617 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლი მესამე ნაწილის შესაბამისად გადამხდელი დაჯარიმდა 463.32 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობისას საგადასახადო ორგანო გადამხდელის მიმართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის შემთხვევაში პირდაპირ დაუდასტუროს ან ადგილზე გასვლით მოახდინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ფიზიკური გადამოწმება და დაუდასტუროს გადასახადის გადამხდელს ჩამოწერის დოკუმენტი.
მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი სმფ-ის ჩამოწერის მიზნით სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე და ფაქტობრივად არსებულის მონაცემებზე დაყრდნობით ავსებს „სასაქონლომატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტში“ (დანართი №24) მოცემული ცხრილის პირველ – მე-7 სვეტებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის თაობაზე − იწვევს დაჯარიმებას წარდგენილი ინფორმაციის შედეგად დაუდასტურებელი სასაქონლომატერიალური ფასეულობის სააღრიცხვო ღირებულებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება მიზანშეწონილად არ მიაჩინია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს საგადასახადო სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
2023 წლის 24 ოქტომბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიმდინარე კონტროლის სამმართველოს ოფიცრები სმფ-ის ჩამოწერის პროცედურის განსახორციელებლად გამოცხადნენ ჩამოსაწერი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის განთავსების ადგილზე, სადაც გადამხდელის მინდობილ პირს ჩაბარდა ბრძანება და განემარტა ამ პროცედურასთან დაკავშირებული მისი უფლებები და მოვალეობები (მინდობილი პირის განმარტებით მათ დამტვრეული სმფ-ბი გადაყრილი ჰქონდათ და არ იცოდნენ რომ მათი წარმოდგენის ვალდებულება ჰქონდათ შემოსავლების სამსახურის დადასტურების გაცემამდე). ვინაიდან კომპანიამ ვერ წარმოადგინა შემოსავლების სამსახურში დანართ N24-ში მითითებული სმფ-ბი გადასახადის გადამხდელის მიმართ 2023 წლის 26 ოქტომბერს შედგენილი იქნასაგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გადამხდელი დაჯარიმდა 463.32 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება მიზანშეწონილად არ მიაჩინია.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 279(3).