გადაწყვეტილება №22049/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.03.2024
№ დოკუმენტი 22049/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22049/2/2024

06 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: -------- (ს/ნ --------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი/ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------ის 23.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22049/2/2024).

 

დავის საგანი:

1. საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა;

2. მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალების წარდგენის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.08.2015 წლის №163712 და №163713 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები;

2. ვალის მართვის დეპარტამენტის 18.10.2023 წლის №011-2023-184598 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ;

3. შემოსავლების სამსახურის 12.12.2023 წლის №31279 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 1000 ლარი.

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივანს, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევისთვის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.08.2015 წლის №163713 სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია 500 ლარის ოდენობით, ხოლო საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების დარღვევისთვის №163712 ოქმით დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ჯარიმა 500 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ოქტომბრის №011-2023-184598 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ, აღნიშნული საინკასო დავალების საფუძველზე ჩამოიწერა 44.89 ლარი.

საგადასახადო დავალიანების შეცვლის გამო მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის მე-4 ნაწილი საფუძველზე წარდგენილ იქნა 2023 წლის 19 ოქტომბრის კორექტირებული საინკასო დავალება №024-2023-186098, რომლის საფუძველზე ჩამოწერილ იქნა 400 ლარი, ხოლო 26 ოქტომბრის №024-2023-203426 კორექტირებული საინკასო დავალებით, 2023 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, თანხის ჩამოწერა არ განხორციელებულა.

2023 წლის 17 ნოემბერს მომჩივანმა, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ოქტომბრის №011-2023-184598 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 31 აგვისტოს №163712 და №163713 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №31279 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №163712 და №163713 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში დარჩა განუხილველი, ხოლო საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ოქტომბრის №011-2023- 184598 ბრძანების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 12.12.2023 წლის №31279 ბრძანება, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 31 აგვისტოს №163712 და №163713 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურში 2023 წლის 17 ნოემბერს წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 12.12.2023 წლის №31279 ბრძანებით განუხილველი დარჩა გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, საგადსახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე, 299-ე და 301-ე მუხლებზე და საქმეზე არსებული მასალებით დაადგინა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები გადამხდელს ჩაბარებული აქვს 2015 წლის 31 აგვისტოს (ოქმებზე ფიქსირდება გადამხდელის ხელმოწერა). ხოლო, შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 17 ნოემბერს.

ვინაიდან საჩივარი აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, სახეზეა აღნიშნულ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სამართალდარღვევის ოქმები რომელიც ახლა ხელზე აღარ აქვს ვერ გაასაჩივრა ფინანსური გაჭირვების გამო და უთითებს, რომ არც მაშინ და არც ეხლა ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებდა. მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2023 წლის ოქტომბერში გაიგო, რომ მის ანგარიშებზე წარდგენილია ინკასო, როდესაც ნათესავმა ჩაურიცხა თანხა მკურნალობისთვის და აღნიშნული ჩამოეჭრა. ამასთან, აღნიშნავს, რომ ინკასო წარდგენილი აქვს კანონით დადგენილი ხანდაზმულობის გასვლის შემდგომ. ითხოვს გაუქმებას რადგან სჭირდება მკურნალობა და თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში აღნიშნული ისევ მოექცევა ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა ადრესატს პირადად.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული. შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებულ ბრძანებაში მითითებულია, რომ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები მომჩივანს ჩაბარებული აქვს 31.08.2015 წელს.

მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი თებერვლის №8895-21-12 წერილიდან ირკვევა, რომ მომჩივანს 2015 წლის 31 აგვისტოს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები №163712 და №163713 ჩაბარდა ხელზე 2024 წლის 23 იანვარს.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ვინაიდან საქმეში მოიპოვება წინააღმდეგობრივი დოკუმენტები, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების ჩაბარების თარიღთან დაკავშირებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ოქმების ჩაბარების ზუსტი თარიღის დადგენის მიზნით სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით გამოკვლევას. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

2. მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალების წარდგენის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები 18.10.2023 წლის მდგომარეობით მომჩივანს ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება: ჯარიმა 1 000 ლარი. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული აღიარებული დავალიანების გამო, საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე, გამოიცა 18.10.2023 წლის №011-2023-184598 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხის ჩამოწერის შესახებ.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე და 243-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ფ/პ ------ეს (პ/ნ -----) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 2023 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება და კორექტირებული საინკასო დავალება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ ნაწილში უნდა ეთქვას უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარადგინოს საინკასო დავალება.

საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ვალის მართვის დეპარტამენტის 2024 წლის 8 თებერვლის №11182-21-7 წერილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით -------ეს (პ/ნ --------) 2023 წლის 17 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება 1 000 ლარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე, გამოცემული იქნა 2023 წლის 18 ოქტომბრის №011-2023-184598 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ. აღნიშნული საინკასო დავალების საფუძველზე, ჩამოიწერა 44.89 ლარი, ხოლო 2023 წლის 19 ოქტომბრის №024-2023-186098 საინკასო დავალების საფუძველზე, საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილი იქნა 400 ლარი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, პირველ დავის საგანზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საინკასო დავალების წარდგენის მართლზომიერების საკითხი დამატებით საჭიროებს შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №31279 ბრძანება;

3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა; მომჩივნის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალების წარდგენის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოება

მომჩივანს, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევისთვის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია 500 ლარის ოდენობით, ხოლო საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების დარღვევისთვის დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ჯარიმა 500 ლარი. საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ.

მომჩივანმა, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 12 დეკემბრის №31279 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში დარჩა განუხილველი, ხოლო საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ, ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ოქმების ჩაბარების ზუსტი თარიღის დადგენის მიზნით სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით გამოკვლევას. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, პირველ დავის საგანზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ საინკასო დავალების წარდგენის მართლზომიერების საკითხი დამატებით საჭიროებს შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238(6); 243.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილება