გადაწყვეტილება №83251/1/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.09.2023
№ დოკუმენტი 83251/1/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№83251/1/2023

12 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 24.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №83251/1/2023).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია გასაჩივრების ვადა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №021-53 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 18.08.2023 წლის №20521 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 311 940 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 187 449

დღგ - 174 799

საშემოსავლო გადასახადი - 12 650

ჯარიმა - 54 880

საურავი - 69 611

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 13.09.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №021-53 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.08.2023 წლის №20521 ბრძანებით საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-9 ნაწილებზე, 299-ე მუხლის პირველ და მე-4 ნაწილებზე, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, 299-ე მუხლის მე-10 ნაწილზე და განმარტავს, რომ მომჩივანი 30.06.2023 წელს საგადასახადო შემოწმების აქტს, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 5.07.2023 წლის №16003 ბრძანებას და ამავე თარიღის №021-53 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 8.07.2023 წელს. შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 8.08.2023 წელს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში არ აქვს მითითებული არგუმენტები საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობის შესახებ.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 5.07.2023 წელს გაეგზავნა აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №021-53 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც მომჩივნის მომხმარებლიდან გაიხსნა 8.07.2023 წელს, მოთხოვნის გასაჩივრების ვადა განსაზღვრულია 30 კალენდარული დღით, შესაბამისად მოთხოვნის გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 7.08.2023 წელი.

მომჩივანთან მიმდინარე საგადასახადო შემოწმების გარდა, აუდიტორულ შემოწმებას ატარებს აუდიტორული კომპანია შპს „----------“, რომელსაც თავის მხრივ ჰყავს თანამშრომლები, რომლებიც ასრულებენ რიგ ტექნიკურ სამუშაოებს მომჩივნის გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ინფორმაციის მოპოვების მიზნით. როგორც აღმოჩნდა კომპანიის სტაჟიორმა გახსნა მიღებული შეტყობინებები რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოახერხებდა სხვა სერვისებით სარგებლობას, სამუშაოების დასრულების შემდგომ არ მიაწოდა მომჩივანს მიღებული შეტყობინების შესახებ ინფორმაცია, ინფორმაცია მომჩივანმა მიიღო მხოლოდ 28 ივლისს, რის გამოც მოკლე დროში ვერ მოასწრო დროულად ინფორმაციის მომზადება და მოთხოვნა გაასაჩივრა 8.08.2023 წელს, ერთი დღის დაგვიანებით. შედეგად, 18.08.2023 წელს მიიღო შემოსავლების სამსახურის 18.08.2023 წლის №20521 ბრძანება, რომლის საფუძველზეც გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე.

შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №021-53 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დარიცხული ძირითადი გადასახადი, ჯარიმა და საურავი სრულად გადავიდა ბარათზე აღიარებული გადასახადის ნაწილში, შესაბამისად ანგარიშებს დაედო ინკასო და ყველა მიმდინარე ფულადი აქტივი ჩამოეჭრა ანგარიშიდან, ასევე შეფერხება აქვს საბაჟო პროცედურებზე, რადგან ყველა ტვირთი ხვდება ყვითელ დერეფანში და საჭიროებს წინასწარ გადასახადების გადახდას, რისი საშუალებაც არ აქვს გამომდინარე იქიდან, რომ ანგარიშებს ადევს ინკასო. მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე გაწეული მომსახურების თუ რეალიზებული პროდუქციის სანაცვლოდ ანგარიშსწორება ხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, შესაბამისად, ანგარიშზე შემოდინებული ყველა ფულადი აქტივი საინკასო დავალების საფუძველზე ავტომატურად ეჭრება და ვეღარ ახერხებს ეკონომიკური საქმიანობის უწყვეტად განხორციელებას.

ამასთან, მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 28 დეკემბერს გამოგზავნილი 2019 წლის შუალედური აქტის და საგადასახადო მოთხოვნის №021 – 140 საფუძველზე დარიცხული თანხები გაასაჩივრა დადგენილ ვადებში და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 14.08.2023 წლის №81505/1/2023 გადაწყვეტილების საფუძველზე საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით საქმის შესწავლა წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

მომჩივანი ითხოვს, ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად გათვალისწინებული იქნას წარმოდგენილი არგუმენტები მტკიცებულებად და ვინაიდან გასაჩივრების ვადის დაირღვევა გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზით აღდგენილ იქნას საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადა. მტკიცებულებად წარმოდგენილი აქვს აუდიტორული კომპანიის წარმომადგენლის ნოტარიულად დამოწმებული ახსნაგანმარტება, აუდიტორული კომპანიის წარმომადგენლის შრომით ხელშეკრულება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

აუდიტის დეპარტამენტის 29.08.2023 წლის №----------21-14 წერილიდან ირკვევა, რომ მომჩივანი მის მიმართ შედგენილ აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტს, მის საფუძველზე გამოცემულ აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №16003 ბრძანებას და ამავე დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №021-53 საგადასახადო მოთხოვნას გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.rs.ge) საშუალებით 8.07.2023 წელს.

შესაბამისად, აღნიშნული აქტების გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 7.08.2023 წელი. საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია ელექტრონულად 8.08.2023 წელს.

მომჩივანი არ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე/არგუმენტებზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

ვინაიდან დარღვეულია სადავო აქტების გასაჩივრების ვადა, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 18.08.2023 წლის №20521 ბრძანება საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია გასაჩივრების ვადა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 5.07.2023 წელს გაეგზავნა აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №021-53 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც მომჩივნის მომხმარებლიდან გაიხსნა 8.07.2023 წელს, მოთხოვნის გასაჩივრების ვადა განსაზღვრულია 30 კალენდარული დღით, შესაბამისად მოთხოვნის გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 7.08.2023 წელი.

აუდიტის დეპარტამენტის 29.08.2023 წლის წერილიდან ირკვევა, რომ მომჩივანი მის მიმართ შედგენილ აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტს, მის საფუძველზე გამოცემულ აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №16003 ბრძანებას და ამავე დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №021-53 საგადასახადო მოთხოვნას გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.rs.ge) საშუალებით 8.07.2023 წელს.

შესაბამისად, აღნიშნული აქტების გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 7.08.2023 წელი. საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია ელექტრონულად 8.08.2023 წელს.

მომჩივანი არ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე/არგუმენტებზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან დარღვეულია სადავო აქტების გასაჩივრების ვადა, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 18.08.2023 წლის №20521 ბრძანება საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ე);