ბრძანება N 4160

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.03.2023
№ დოკუმენტი 4160
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4160

06.03.2023

შპს „--------“ (ს/ნ -------)

(მის.:----------------------)

2022 წლის 19 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს „-----------“-ს (ს/ნ -------------------) 2022 წლის 19 ნოემბრის №18242/2/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ოქტომბრის №021-98 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით: გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლის გაანგარიშებას ჯგუფებში გაერთიანებულ საქონელზე საერთო ფასნამატის გავრცელების გზით. განმარტავს, რომ მაღალ ფასნამატიანი საქონელი ზრდის იმ საქონლის ფასნამატის პროცენტს, რომლის ფასნამატი მცირეა, ხოლო მისი წილი საერთო ბრუნვაში მაღალი. ასევე აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში არ განხორციელდა იმ საქონლის ფასნამატის გათვალისწინება, რომელიც პირდაპირ საწყობიდან იყიდება დისტრიბუციის გარეშე და მისი სარეალიზაციო ღირებულება მცირეა, რადგან მასზე დანახარჯები არ არის ისეთი მაღალი, როგორც ადგილზე მიწოდების დროს. განმარტავს, რომ ვინაიდან საგადასახადო შემოწმების აქტის ჩაბარების მომენტიდან რამდენიმე დღის შემდეგ საწარმოს ბუღალტერი დაავადდა ქვეყანაში გავრცელებული ვირუსით, გადამხდელის მიერ ვერ განხორციელდა ფასნამატის დაანგარიშება და წარდგენა, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში გადამხდელი გამოთქვამს მზაობას წარმოადგინოს ის პროცენტები ფასნამატზე, რომელიც გაცილებით ზუსტი იქნება ვიდრე შემოწმების მიერ არის გამოყენებული. აცხადებს, რომ შემოწმების შედეგად გამოყენებული ფასნამატები ერთმანეთისგან მთელ რიგ შემთხვევებში ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია წლების ჭრილში, რაც გამოწვეულია იმით, რომ დაჯგუფების შედეგად ან გამორჩენილია და სხვა ჯგუფშია გაერთიანებული ან მოცემული პერიოდისათვის საერთოდ არ ხდებოდა იმ საქონლის რეალიზაცია, რომლის ფასნამატიც მაღალია. ასევე არის შემთხვევები, როდესაც ფასნამატის გამოთვლისას დაშვებულია შეცდომები. კერძოდ, ერთეულის ფასი შეძენისას შედარებულია შეკვრის ან ყუთის სარეალიზაციო ღირებულებასთან. ასევე, მომჩივანი მიუთითებს 2019 წლის საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით შემოწმების მიერ გაანგარიშებაში დაშვებულ შეცდომაზე და ითხოვს კორექტირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებოთ გადამხდელი ითხოვს მტკიცებულებების წარდგენის საშუალებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 4 მარტის №5745 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------------“-ს (ს/ნ -------------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. შპს „----------------”-ს (ს/ნ--------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს შორის სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 4 მარტის №5745 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2022 წლის 17 ოქტომბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 12 001 ლარი, მათ შორის: გადასახადი 8 001 ლარი, ჯარიმა 4 000 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 19 ოქტომბრის №021-98 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა საქმისთვის არსებითად უმნიშვნელო დაუსაბუთებელი მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით არ იკვეთება საქმისთვის არსებითად მნიშვნელობის მქონე განსხვავებული ფაქტები და გარემოებები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშებით, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს შორის სხვაობის ხელფასად განხილვის ნაწილში გადასახადის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარდგენილ იქნა საჩივარში აღწერილი გარემოებების ნაწილობრივ დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების და დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა საქმისთვის არსებითად უმნიშვნელო დაუსაბუთებელი მტკიცებულებები. ამასთან, დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს შორის სხვაობის ხელფასად განხილვის ნაწილში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა საჩივარში აღწერილი გარემოებების ნაწილობრივ დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც საგადასახადო შემოწმების მიერ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ხოლო, მომჩივნის პოზიციასთან, 2019 წლის საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით შემოწმების მიერ გაანგარიშებაში დაშვებულ შეცდომებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყუარდღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენილის განმარტებაზე, რომლის თანახმად, გადამხდელის მიერ მტკიცებულებად საჩივარზე დანართად წარმოდგენილია შემმოწმებლის მიერ გადაგზავნილი ცხრილი.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------“-ს (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.