გადაწყვეტილება №21262/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 23.02.2024
№ დოკუმენტი 21262/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№21262/2/2023

23 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 7.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21262/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა ფასნამატით;

2. გაანგარიშებული შემოსავლების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №048-9 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.03.2023 წლის №5615 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 370 712 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 203 110

დღგ - 81 080

საშემოსავლო გადასახადი - 121 928

ქონების გადასახადი - 102

ჯარიმა - 95 872

საურავი - 71 730

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის, 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 29.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2022 წლის №25623 ბრძანება და №048-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.03.2023 წლის №5615 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის №---------- წერილის მიხედვით და ამავე სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის 22.03.2023 წლის №5615 ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 25.03.2023 წელს. გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2023 წლის 14 აპრილი. დავების განხილვის საბჭოში საჩივარი წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 7 ნოემბერს.

მომჩივანი (მათ შორის 22.12.2023 წლის №21684/2/2023 დაზუსტებულ) საჩივარში განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის 22.03.2023 წლის №5615 ბრძანებას 25.03.2023 წელს გაეცნო კომპანიის ოპერატორი (ანგარიშ-ფაქტურების გამომწერი), რომლის მოვალეობაში შედიოდა მხოლოდ ელექტრონული დოკუმენტების შექმნა და დადასტურება, რასაც ვერ ახერხებდა, „აუცილებელი შეტყობინების“ გახსნის გარეშე, ამიტომ, მან წაკითხვის და გაცნობის გარეშე გახსნა ყველა შეტყობინება, შინაარსში გარკვევის გარეშე, შესაბამისად დაიწყო გასაჩივრების ვადის ათვლა. გასაჩივრების ვადის დარღვევა გამოწვეული იყო პასუხისმგებელი პირის - საწარმოს დირექტორის მძიმე მდგომარეობით, ავადმყოფობით. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №459 ცნობა (სამედიცინო დოკუმანტაციის ფორმა №IV-100/ა), ცნობა გაცემულია 15.02.2023 წელს, სადაც აღნიშნულია, რომ პაციენტის, (საწარმოს დირექტორი - ---------- (პ/ნ ----------) სტაციონარში მოხვედრის თარიღია - 14.02.2023 წელი, ხოლო გაწერის თარიღი - 16.02.2023 წელი.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ე.წ. ელექტრონულ პორტალზე კომუნიკაციის შემთხვევაში მომჩივანი სარგებლობს ელექტრონული ფორმით კომუნიკაციისას გამოსაყენებელი სახელწოდებითა და პაროლით, რომელიც უნიკალურია და ცნობილია მხოლოდ ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის. შესაბამისად, კომპანიის დირექტორის უფლებაა განსაზღვროს აღნიშნული სახელწოდებითა და პაროლით მოსარგებელე უფლებამოსილი პირების წრე და უზრუნველყოს პორტალის არასანქცირებული გამოყენებისაგან დაცვა. ეს მისი რისკია და აღნიშნული მას არ ათავისუფლებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებებისაგან.

მომჩივნის არგუმენტი, რომ სადავო აქტს (შემოსავლების სამსახურის 22.03.2023 წლის №5615 ბრძანება) ელექტრონულ გვერდზე გაეცნო შესაბამისი კომპეტენციის/კვალიფიკაციის არ მქონე პირი, საბჭო ვერ მიიჩნევს გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძვლად, ვინაიდან სადავო აქტების გაცნობა ფიქსირდება გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რომელზე წვდომაც წესით მხოლოდ გადასახადის გადამხდელს აქვს, ხოლო თუ მან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე წვდომის უფლება სხვა პირს მიანდო, ამით გამოწვეული უარყოფითი შედეგებზე პასუხისმგებელი მხოლოდ გადასახადის გადამხდელია.

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ დასახელებული გარემოება/მტკიცებულება ვერ გახდება გასაჩივრების დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებით (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №459 ცნობა) არ დასტურდება საჩივრის ელექტრონული ფორმით ან შესაბამისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე (მინდობილი) პირის მეშვეობით გასაჩივრების ვადაში წარდგენის შეუძლებლობა.

მხარეთა არგუმენტების გაანალიზების, წარმოდგენილი მასალების შეფასების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, ვინაიდან, საჩივარი წარმოდგენილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით და მომჩივანი ვერ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებებს ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შესახებ, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა ფასნამატით;

2. გაანგარიშებული შემოსავლების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 14.11.2023 წლის წერილის მიხედვით და ამავე სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის 22.03.2023 წლის №5615 ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 25.03.2023 წელს. გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2023 წლის 14 აპრილი. დავების განხილვის საბჭოში საჩივარი წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 7 ნოემბერს.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან, საჩივარი წარმოდგენილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევით და მომჩივანი ვერ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებებს ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შესახებ, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ე).