გადაწყვეტილება №19571/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19571/2/2023
18.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „----------“ 1.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19571/2/2023).
დავის საგანი:
დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა მიღებული ავანსებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №081-280 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის №7455 ბრძანება.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 2021 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდი ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში.
მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 10.09.2018 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 29.01.2019 წელს. გადასახადის გადამხდელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის გზით ახორციელებს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს. შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება რამდენიმე ობიექტის მშენებლობა/რემონტი. გადასახადის გადამხდელს ჰყავს ქვეკონტრაქტორი - შპს „----------“, რომელიც ასრულებს მშენებლობა/რემონტს. შემოწმების მიერ დამუშავებული იქნა დეკემბრის თვის საბანკო ამონაწერები, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზები და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე არსებული ინფორმაცია. 2021 წლის დეკემბრის თვეში დაბეგრილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი და ავანსი, ამასთან საბანკო ანგარიშების ამონაწერებში უფიქსირდება ჩარიცხული თანხები გაწეული სამშენებლო სამუშაოებისთვის, რომელიც არ არის ასახული დეკემბრის თვის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ამხანაგობა ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია დებიტორკრედიტორების შესახებ. შემოწმება დაეყრდნო საბანკო ამონაწერების და შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემებს. შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულყოფილად არ აქვს დაბეგრილი მიღებული შემოსავალი. გამოვლენილი სხვაობით დაკორექტირდა 2021 წლის დეკემბრის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის №081-280 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 5.04.2023 წლის №7455 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველ პუნქტზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, ასევე შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია დებიტორკრედიტორების შესახებ. შემოწმებით გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის დამუშავება/შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საბანკო ამონაწერებში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება გაწეული სამშენებლო სამუშაოებისთვის თანხების ჩარიცხვა, რომელიც არ არის ასახული დეკემბრის თვის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, რის შედეგადაც საწარმოს განესაზღვრა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულება. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელი შემოწმებასთან არ თანამშრომლობდა. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი პოზიციის დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დღგ-ის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში დაფიქსირებული სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ავანსები ამხანაგობას დღგ-ით არ აქვს დაბეგრილი იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიღებული ავანსები ირიცხებოდა ქვეკონტრაქტორებთან, რომელიც ასრულებდა სამუშაოებს. ქვეკონტრაქტორი კი გარკვეული მიზეზების გამო ვერ აწარმოებდა გადახდილ ავანსებზე ანგარიშ-ფაქტურის გამოწერას, რაც წარმოშობდა ავანსებზე დარიცხული დღგ-ის ჩათვლის უფლებას.
ასევე, დამკვეთის მიერ 2021 წლის დეკემბერში გადმორიცხული თანხები სრულად არ შეიძლება იქნას განხილული ავანსებად, რადგან თანხის ნაწილი მოიცავს ავანსს, ნაწილი კი არის შესრულებული სამუშაოს ღირებულება, რომელზეც 2021 წლის დეკემბერში ამხანაგობის მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ასახულია შესაბამის დეკლარაციაში. ამხანაგობის საქმიანობის სრული პერიოდი აღნიშნულ შემოწმებამდე არის შემოწმებული და შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში ამხანაგობის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შესრულებებზე, რომლის თანხებიც ავანსად წინა პერიოდში ჰქონდა აღებული და წინა შემოწმებების დროს დაიბეგრა. ხდება აღნიშნული თანხის განმეორებით დაბეგვრა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ მომჩივანი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის გზით ახორციელებს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს. შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება რამდენიმე ობიექტის მშენებლობა/რემონტი. 2021 წლის დეკემბრის თვეში საბანკო ანგარიშების ამონაწერებში უფიქსირდება ჩარიცხული თანხები გაწეული სამშენებლო სამუშაოებისთვის, რომელიც არ არის ასახული დეკემბრის თვის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ამხანაგობა ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორების შესახებ.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელი შემოწმების პროცესში არ მონაწილეობდა, ვერ შედგეა სატელეფონო კომუნიკაცია, რის გამოც დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა საბანკო ანგარიშების ამონაწერების და შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების საფუძველზე. დაბეგრილი ავანსების შესახებ ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით არსებული ინფორმაცია გათვალისწინებულია. გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით ინფორმაცია წარმოდგენილი არ იქნა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ საბანკო ანგარიშების ამონაწერების, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა მიღებული ავანსებით.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის გზით ახორციელებს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს. შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება რამდენიმე ობიექტის მშენებლობა/რემონტი. 2021 წლის დეკემბრის თვეში საბანკო ანგარიშების ამონაწერებში უფიქსირდება ჩარიცხული თანხები გაწეული სამშენებლო სამუშაოებისთვის, რომელიც არ არის ასახული დეკემბრის თვის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ამხანაგობა ბუღალტრულ აღრიცხვას არ აწარმოებს, არ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია დებიტორ-კრედიტორების შესახებ. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადასახადის გადამხდელი შემოწმების პროცესში არ მონაწილეობდა, ვერ შედგეა სატელეფონო კომუნიკაცია, რის გამოც დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა საბანკო ანგარიშების ამონაწერების და შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების საფუძველზე. დაბეგრილი ავანსების შესახებ ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით არსებული ინფორმაცია გათვალისწინებულია. გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით ინფორმაცია წარმოდგენილი არ იქნა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1„ა“); 163(1,2); 164(1); 168(1); 275;