ბრძანება N 951

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.01.2018
№ დოკუმენტი 951
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 951

23/01/2018

შპს -----

(მის: ქ. ---------)

2017 წლის 21 დეკემბრის საჩივრის

არ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 10 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი N1) განიხილა შპს ----- 2017 წლის 21 დეკემბრის საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება 2017 წლის 4 დეკემბრის N006-764 „საგადასახადო მოთხოვნით“ დარიცხულ თანხებს.

საჩივარში აღნიშნულია, რომ შპს ----- არ ეთანხმება განხორციელებულ დარიცხვებს მოგების გადასახადის ნაწილში და აღნიშნავს, რომ კომპანია დაფუძნდა სს ------ს მიერ, დაფუძნებისას მისი კაპიტალი განისაზღვრა 200 ლარის ფულადი შენატანით. 2013 წლის 17 ოქტომბერს კომპანიის 100%-იანი დამფუძნებლის მიერ მოხდა საწესდებო კაპიტალის გაზრდა არაფულადი შენატანით - მიწის სახით, საბაზრო ღირებულებით 4 513 766 ლარი, რაც დადგინდა დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ. სწორედ აღნიშნული საბაზრო ფასით იქნა მიწის ღირებულება შეტანილი კომპანიის მიერ სარეალიზაციო ბინების თვითღირებულებაში, ხოლო შემმოწმებლის მიერ სსკ-ს 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ბინების თვითღირებულებაში ჩართული მიწის ღირებულება დაკორექტირდა და გამოყენებულ იქნა მიწის თვითღირებულება/მიწის შესყიდვის ფასი - 1 944 000 ლარი. სსკ-ს 151-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, აქტივების გადაცემა იურიდიული პირისთვის არ განიხილება მიწოდებად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გადაცემა ხორციელდება მასში 50% ან მეტი წილის (აქციების) სანაცვლოდ. მოცემულ შემთხვევაში დამფუძნებელი ფლობდა 100% წილს და მიწის შენატანის განხორციელების შემდგომ კვლავ 100% წილის მფლობელად დარჩა, შესაბამისად, სანაცვლოდ მიღებული წილის ოდენობა ვერ იქნება 50% ან მეტი. დამფუძნებლის მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანილი მიწა კომპანიის მიერ განხილულ იქნა როგორც აქტივის მიწოდება და დაექვემდებარა საბაზრო ფასით დაბეგვრას, რაც დასტურდება ასევე იმ ფაქტით, რომ 2013 წელს დაფუძნებულ კომპანიას აქტივის მიწოდებისას ერთობლივ შემოსავალში ჩართული აქვს აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული ნამეტი შემოსავალი-სხვაობა მიწის საბაზრო ღირებულებასა და მის თვითღირებულებას შორის. შემმოწმებელთა მიერ გაზიარებულ იქნა უკანასკნელი პოზიცია და არ შემცირდა კომპანიის ერთობლივი შემოსავალი. აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს N006-764 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას და დარიცხული თანის შემცირებას.

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 24 მაისის N13844 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა შპს ----- საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2017 წლის 28 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2017 წლის 4 დეკემბრის N32318 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა N006-764 საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 465 667 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 275 085 ლარი, ჯარიმა 190 582 ლარი, ხოლო საურავი 0 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტით დგინდება, რომ:

1) საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს მრავალბინიან კორპუსში ბინების რეალიზაცია. მიწა შემოტანილია საწესდებო კაპიტალში დამფუნებლის (100%-იანი წილის მფლობელი) მიერ 2013 წელს, დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ შეფასებული საბაზრო ღირებულებით 4 513 766 ლარად. დამფუძნებელს აღნიშნული მიწა 2011 წელს შესყიდული აქვს 1 944 000 ლარად. საწარმოს სარეალიზაციო კორპუსის თვითღირებულებაში კაპიტალიზებული აქვს მიწის საბაზრო ღირებულება 4 513 766 ლარის ოდენობით და იქვითავს ბინების რეალიზაციის პროპორციულად. ბინების რეალიზაცია იწყება 2016 წელს და წლის ბოლომდე რეალიზებულია ბინების მთლიანი ფართის 94%.

2) საწარმოს მიერ კაპიტალიზებული იყო მიღებული სესხის პროცენტის ნაწილი, რომელიც ექვემდებარებოდა პერიოდის ხარჯად აღიარებას. 1) სსკ-ის 151-ე მუხლის მიხედვით: „1. პირის (პირთა) მიერ იურიდიული პირისათვის მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების გადაცემა (დავალიანებით ან მის გარეშე) არ არის აქტივების მიწოდება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმღები მხარისათვის აქტივების ღირებულება იგივეა, რაც მიმწოდებელი მხარისათვის მათი ღირებულება გადაცემის მომენტისათვის.“ შემოწმების მიერ სარეალიზაციო კორპუსის თვითღირებულებაში ჩართული იქნა სსკ-ის 145-ე და 148-ე მუხლების მიხედვით განსაზღვრული მიწის თვითღირებულება 1 944 000 ლარის ოდენობით, რა თვითღირებულებაც ფიქსირდება აქტივების მომწოდებელი მხარისთვის. 2) შენობის თვითღირებულებიდან ამოღებული იქნა სესხის პროცენტის ის ნაწილი, რომელიც აღიარებულ იქნა პერიოდის ხარჯად.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 151-ე მუხლზე, რომლის თანახმად 1. პირის (პირთა) მიერ იურიდიული პირისათვის მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების გადაცემა (დავალიანებით ან მის გარეშე) არ არის აქტივების მიწოდება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიმღები მხარისათვის აქტივების ღირებულება იგივეა, რაც მიმწოდებელი მხარისათვის მათი ღირებულება გადაცემის მომენტისათვის. 3. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გაცვლის შედეგად მიღებული პარტნიორის წილის ღირებულება ტოლია გადაცემული აქტივების ღირებულებისა, გადაცემული (შესაბამისი) დავალიანების გამოკლებით.

სსკ-ის 148-ე მუხლის თანახმად:

1. აქტივების ღირებულებაში შეიტანება მათი შესყიდვის, წარმოების, მშენებლობის, მონტაჟისა და დადგმის ხარჯები (დანახარჯები), აგრეთვე სხვა ხარჯები (დანახარჯები), რომლებიც ზრდის მათ ღირებულებას, გარდა ისეთი ხარჯებისა (დანახარჯებისა), რომელთა პირდაპირ გამოქვითვის უფლება აქვს გადასახადის გადამხდელს, ხოლო აქტივების უსასყიდლოდ მიღებისას –ამ აქტივების საბაზრო ფასი.

2. აქტივების მხოლოდ ნაწილის მიწოდების ან გადაცემის შემთხვევაში აქტივების ღირებულება მიწოდების ან გადაცემის მომენტში ნაწილდება დარჩენილ და მიწოდებულ ან გადაცემულ ნაწილებს შორის.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო აღნიშნავს, რომ დამფუნებლის (100%-იანი წილის მფლობელი) მიერ 2013 წელს მიწა შეტანილია შპს ----- საწესდებო კაპიტალში, რომელიც დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ შეფასებული საბაზრო ღირებულებით 4 513 766 ლარად, ხოლო დამფუძნებელს აღნიშნული მიწა 2011 წელს შესყიდული აქვს 1 944 000 ლარად. საბჭო აღნიშნავს, რომ შპს ----- ს სარეალიზაციო კორპუსის თვითღირებულებაში კაპიტალიზებული აქვს მიწის (საწესდებო კაპიტალში შეტანილი მიწის) საბაზრო ღირებულება 4 513 766 ლარის ოდენობით და იქვითავს ბინების რეალიზაციის პროპორციულად.

დავების განხილვის საბჭო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 151-ე მუხლში მითითებულია: პირის მიერ იურიდიული პირისათვის მასში 50 პროცენტის ან მეტი წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების გადაცემისას მიმღები მხარისათვის აქტივების ღირებულება იგივე უნდა იყოს, რაც მიმწოდებელი მხარისათვის მათი ღირებულება გადაცემის მომენტისათვის.

საბჭო განმარტავს, რომ შემოწმების მიერ სარეალიზაციო კორპუსის თვითღირებულებაში ჩართული იქნა მიწის თვითღირებულება 1 944 000 ლარის ოდენობით (ნაცვლად გადამხდელის მიერ მიკუთვნებული 4 513 766 ლარისა), ვინაიდან მომწოდებელი მხარისთვის აქტივების თვითღირებულებაც ფიქსირდება 1 944 000 ლარის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა, შესაბამისად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები მართლზომიერია, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელი, რის გამოც საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ----- ს 2017 წლის 21 დეკემბრის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N6, მე-12 კილომეტრი), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.