ბრძანება N 31082

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.10.2020
№ დოკუმენტი 31082
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 31082

15/10/2020

შპს ------------ ს

(მის.: ქ. -------)

სადავო საკითხთან დაკავშირენით საჩივრების

არ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 07 აგვისტოს, 17 სექტემბრის და 24 სექტემბრის სხდომებზე (ოქმი №57, №69 და №71) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 29 იანვრის №18529/21, 26 თებერვლის N49711/1/2020, 09 სექტემბრის N183302/21 და 18 სექტემბრის №191999/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 30 დეკემბრის №005-556 „საგადასახადო მოთხოვნასთან” დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

მომჩივანი არ ეთანხმება კომპანიის მიერ მოწყობილ ვიქტორინა-გათამაშებებზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დარიცხვას. განმარტავს, რომ აღნიშნული ტიპის ვიქტორინა გათამაშება არ არის კანონით გათვალისწინებული რომელიმე თამაშობა. აღნიშნავს, რომ გათამაშება არ ემსახურება რაიმე კონკრეტული სახის პროდუქციის სწრაფად და ეფექტიანად რეალიზების მიზანს, ასევე გამარჯვებულის გამოვლენა არ არის დამოკიდებული მხოლოდ შემთხვევითობაზე, არამედ მათ პირად უნარებზე. ყოველი გამოვლენილი მომხმარებელი შეზღუდულ დროში პასუხობს სხვადასხვა შინაარსის შეკითხვებს, რომელზეც სწორი პასუხის შემთხვევაში გამოვლინდება გამარჯვებული, შესაბამისად ხდება მათი განსაკუთრებული ცოდნის, ინტელექტის, სიმარჯვის და მოხერხებულობის უნარის ტესტირება/დემონსტრირება. ვიქტორინის დროს არის შემთვევევბი, როდესაც მომხმარებელი ვერ პასუხობს სწორად კითხვას და შესაბამისად, ხდება მისი გათამაშებიდან მოხსნა. ამასთან, აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურთან გაიარა ზეპირსიტყვიერი და წერილობითი კონსულტაცია და მიეთითათ რომ ვიქტორინის მოწყობა არ არის კანონით გათვალისწინებული რომელიმე თამაშობა. ამასთან, ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას და მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში ბიუჯეტში გადახდილია 17 000 000 ლარზე მეტი გადასახადები.

ფაქტობრივი გარემოებები :

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 17 სექტემბრის №25791 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- ს გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის 01 ოქტომბრიდან 2018 წლის 01 აგვისტომდე. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 30 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2019 წლის 30 დეკემბერს გამოსცა №47578 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №005-556 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 597063 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 372441 ლარი, ჯარიმა 189811 ლარი, საურავი 34811 ლარი. ამასთან, 2020 წლის 28 იანვრის სავადო თარიღით გადასახდელად განისაზღვრა ქონების გადასახადი 2 110 812 ლარის ოდენობით.

საგადასახადო შემოწმების აქტის და დავის წარმოების პროცესში აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დამატებით გადასახადების დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდის განმავლობაში კომპანია პერიოდულად ახდენს გათამაშებების მოწყობას ცენტრის პოპულარიზაციისა და გაყიდვების სტიმულირების მიზნით. შემოწმებისათვის წარმოდგენილი ინფორმაციით ცენტრის მომხმარებლებს განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ცენტრში განხორციელებული გარკვეული ღირებულების შენაძენის განხორციელებისას გადაეცემათ გათამაშების ბარათები, რომლის ერთ ნაწილზე დაიტანება მოთამაშის პირადი მონაცემები. ორგანიზატორის მიერ განსაზღვრულ თარიღში ხდება გათამაშება, რომლის განმავლობაშიც ხდება ბარათების წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის შერჩევა, მფლობელებთან დარეკვა და ზოგადი ხასიათის კითხვების დასმა, ხოლო ვიქტორინის შედეგების საფუძველზე ფიზიკურ პირებს გადაეცემა პრიზები. გადამხდელის პოზიციით, ვინაიდან, ვიქტორინა-გათამაშება არ ემსახურება რაიმე კონკრეტული სახის საქონლის (მომსახურების) სწრაფად და ეფექტიანად რეალიზების მიზანს და გამარჯვებულთა გამოვლენა არ არის დამოკიდებული შემთხვევითობაზე, შესაბამისად, აღნიშნული ვიქტორინა-გათამაშებები არ საჭიროებს "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონით დადგენილ ნებართვას ან ლიცენზიას. საზოგადება არ განიხილავს ზემოაღნიშნულ გათამაშებებს სანებართვო საქმიანობად და არ იხდის/არ წარადგენს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს/გაანგარიშებას. "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის "ო.დ" ქვეპუნქტის და ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად და იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ გათამაშებების პროცესში ბილეთების შერჩევის ეტაპი სულად აგებულია შემთხვევითობის ელემენტზე, მოთამაშეებისთვის ხდება ელემენტარული კითხვების დასმა და არ ჰქონია ადგილი რომელიმე მოთამაშის მხრიდან პასუხის გაუცემლობას, ამ მიზეზით მისი გათამაშებიდან მოხსნას და სხვასთან დაკავშირებას, შემოწმების აზრით, მოგების დამთხვევა შემთხვევითობაა და ადგილი არ აქვს მონაწილის მხრიდან რაიმე განსაკუთრებული ცოდნის, ინტელექტის, სიმარჯვის, მოხერხებულობის ან სხვა განსაკუთრებული უნარის ტესტირება/დემონტრირებას. ამასთან, ორგანოზატორის მიერ გათამაშების მოწყობის მიზანია გაყიდვების სტიმულირება და ვინაიდან ობიექტების გაყიდვების გაზრდა აისახება კომპანიის შემოსავლებზეც (იჯარის ბრუნვის კოეფიციენტის კომპონენტი), შესაბამისად, აღნიშნული გათამაშებებიც ტარდება კონკრეტული მომსახურების სწრაფად და ეფექტიანად რეალიზების მიზნით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწყობილი გათამაშებები წარმოადგენს მომგენიან თამაშობას და განეკუთვნება "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონით გათვალისიწინებულ სანებართვო საქმინობას. გადამხდელს დამატებით დაერიცხა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი "სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო.დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, წამახალისებელი გათამაშება არის თამაშობა, რომლის დროსაც ორგანიზატორი საჯაროდ გამოქვეყნებული, დადგენილი წესისა და პირობების დაცვით ათამაშებს საპრიზო ფონდს. მოგების დამთხვევა რომელიმე ბილეთზე დამოკიდებული არ არის ორგანიზატორის ან სხვა სუბიექტის ნება-სურვილსა და ქმედებაზე, შემთხვევითობაა და არ შეიძლება იყოს სპეციალურად მოწყობილი. წამახალისებელი გათამაშება ტარდება კონკრეტული სახის პროდუქციის (მომსახურების) სწრაფად და ეფექტიანად რეალიზების მიზნით, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ შემთხვევაში. წამახალისებელი გათამაშების ბილეთი გაიცემა უფასოდ. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა გაიცემა კონკრეტული სახის პროდუქციის (მომსახურების) მწარმოებელზე ან მის წარმომადგენელზე, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შემთხვევისა. დაუშვებელია წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობისთვის ნებისმიერი ფორმით საფასურის დაწესება.

ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ლატარიას, აზარტულ და მომგებიან თამაშობებს არ მიეკუთვნება თამაშობები, რომლებიც ტარდება მანქანების, აპარატების, მოწყობილობებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით და რომლებშიც გათვალისწინებული არ არის შემთხვევითობის ელემენტი. მათი მიზანია მონაწილეთა განსაკუთრებული ცოდნის, ინტელექტის, სიმარჯვის, მოხერხებულობის ან სხვა განსაკუთრებული უნარის ტესტირება ან დემონსტრირება.

ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გათამაშებების პროცესში ბილეთების შერჩევის ეტაპი სულად აგებულია შემთხვევითობის ელემენტზე, მოთამაშეებისთვის ხდება მარტივი კითხვების დასმა და არ ჰქონია ადგილი რომელიმე მოთამაშის მხრიდან პასუხის გაუცემლობას, ამ მიზეზით მისი გათამაშებიდან მოხსნას და სხვასთან დაკავშირებას. მოგების დამთხვევა შემთხვევითობაა და ადგილი არ აქვს მონაწილის მხრიდან რაიმე განსაკუთრებული ცოდნის, ინტელექტის, სიმარჯვის, მოხერხებულობის ან სხვა განსაკუთრებული უნარის ტესტირება/დემონტრირებას.

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუქნტის თანახმად, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება ლატარიების მოწყობაზე ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 20%-ისა.

შემოსავლების სამსახური, საქმეში არსებული მასალების, ზეპირ სხდომაზე მხარეთა მიერ გაკეთებული განმარტებების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, იზიარებს შემოწმების პოზიციას და მიაჩნია, რომ ვინაიდან მოთამაშეებზე დასმული კითხვები ან/და გარკვეული სახის დავალებები ატარებს ფორმალურ ხასიათს და ფაქტიურად მოთამაშე ყოველთვის რჩება მოგებული, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწყობილი თამაშობები თავისი არსით წარმოადგენს მომგენიან თამაშობას და განეკუთვნება "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონით გათვალისწინებულ სანებართვო საქმიანობას. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში მართლზომიერად იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- ს საჩივარი სადაავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება კომპანიის მიერ მოწყობილ ვიქტორინა-გათამაშებებზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დგინდება, რომ კომპანია პერიოდულად ახდენს გათამაშებების მოწყობას გაყიდვების სტიმულირების მიზნით. მომხმარებლებს გარკვეული ღირებულების შენაძენის განხორციელებისას გადაეცემათ გათამაშების ბარათები. ორგანიზატორის მიერ ხდება ბარათების წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის შერჩევა, მფლობელებთან დარეკვა, ზოგადი ხასიათის კითხვების დასმა და პრიზების გადაცემა. საზოგადება ზემოაღნიშნულ გათამაშებებს არ განიხილავს სანებართვო საქმიანობად და არ წარადგენს სათამაშო ბიზნესის გაანგარიშებას. შემოწმების მიერ გადამხდელის მიერ მოწყობილი გათამაშებები განხილულ იქნა მომგებიან თამაშობად, რომელიც განეკუთვნება სანებართვო საქმიანობას, შედეგად გადამხდელს დამატებით დაერიცხა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის მიერ მოწყობილი თამაშობები წარმოადგენს მომგებიან თამაშობას და განეკუთვნება "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონით გათვალისწინებულ სანებართვო საქმიანობას. ამდენად, შემოწმებით აღნიშნულ ნაწილში მართლზომიერად იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

"სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონის 5,,ვ“ მუხლი

"ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონი