ბრძანება N 12202

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.06.2023
№ დოკუმენტი 12202
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

N 12202

01 ივნისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ---------- (ს/ნ ----------)

(მის: ----------, ----------)

023 წლის 7 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 მაისის სხდომაზე (ოქმი N55) განიხილა ი/მ ---------- (ს/ნ ----------) N80846/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 3 აპრილის NCB1455558 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.

 

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადასახადის გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 30 მარტს ---------- მუნიციპალიტეტის სოფელ ---------- ---------- მიმართულებით ახდენდა 17,94 კუბური მეტრის ხემასალის ტრანსპორტირებას. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ტვირთის გადამოწმების მიზნით მოხდა მათი გაჩერება. შემოწმების შემდეგ უთხრეს, რომ ყველაფერი წესრიგში იყო შეადგინეს დათვალიერების ოქმიც.

ამის შემდეგ სხვა ადგილზე გააჩერეს ისევ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და ავტომანქანა გადაყვანილი იქნა გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ---------- განყოფილების ეზოში და იქ მოხდა გადამოწმება. გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ავტომანქანაზე დატვირთული მასალა არ შეესაბამებოდა ზედნადებში არსებულ რაოდენობას. შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა ზედმეტი მასალის ჩამორთმევა და მათი დაჯარიმება 5000 ლარის ოდენობით.

გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ სამართალდარღვევის მიზეზი არის მანქანის მასალის დატვირთვის დროს დაშვებული მექანიკური შეცდომა, რადგან თავად არ იმყოფებოდა ადგილზე. მტვირთავებს გაეპარათ შეცდომა რაოდენობაში, ვინაიდან მასალა იყო სხვადასხვა სიგრძის და სისქის. გადასახადის გადამხდელი იმ გარემოებებზე მითითებით, რომ აღნიშნულ მასალზე გააჩნდა წარმოშობის დოკუმენტი და მორი შეძენილი იყო აუქციონზე კანონის ფარგლებში, ითხოვს სანქციის გაუქმებას ან უკიდურეს შემთხვევაში ჯარიმის პატიებას.

 

ფაქტების აღწერა:

სადავო ოქმის შინაარსიდან და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრის მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს 2023 წლის 27 მარტის NDES 2 23 00022256 წერილის საფუძველზე ოფიცრების მიერ გადამოწმებულ იქნა ---------- (პ/ნ ----------) მართვის ქვეშ მყოფი „------”-ის მარკის სატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით -------. წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ი/მ ---------- (ს/ნ ----------) ახორციელებდა მის საკუთრებაში არსებული, სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი დახერხილი ხის მასალის ტრანსპორტირებას, რაზეც გაწერილი ჰქონდა N---------- ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები 17,94 მ3 დახერხილ ხის მასალაზე.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს N57193/03/23 დასკვნის შესაბამისად ი/მ ---------- (ს/ნ ----------) კუთვნილი დახერხილი ხე-მასალის საერთო მოცულობამ შეადგინა 23,78მ3 . შესაბამისად ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ხე-მასალის მოცულობამ შეადგინა 5,84მ3 (მათ შორის ფიცარი 3,77მ3 და ძელაკი 2,07მ3 ) საბაზრო ღირებულებით 4964 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 3 აპრილს ი/მ ---------- (ს/ნ ----------) მიმართ შედგენილ იქნა NCB1455558 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით შეეფარდა სანქცია 5000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული საქონელი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:

1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს; ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში; გ) საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10000 ლარს იწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი ახდენდა ხემასალის ტრანსპორტირებას. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ტვირთის გადამოწმება. გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ავტომანქანაზე დატვირთული მასალა არ შეესაბამებოდა ზედნადებში არსებულ რაოდენობას. შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა ზედმეტი მასალის ჩამორთმევა და მათი დაჯარიმება 5000 ლარის ოდენობით.

გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ სამართალდარღვევის მიზეზი არის მანქანის მასალის დატვირთვის დროს დაშვებული მექანიკური შეცდომა

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(4); 286(12); 269(7);

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება - მუხლი 72