ბრძანება N 15365
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 15365
30.06.2023
ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 6 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) №96229/21 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მაისის №CB1474571 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 ივნისის სხდომაზე (ოქმი №66).
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა არასრულყოფილად გამოიკვლია საქმეზე არსებული მასალები და შესაბამისად მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, რაც გამოიხატა საქონლის ჩამორთმევაში და 5000 ლარით დაჯარიმებაში.
კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, ვისზეც ვრცელდება კანონის აღნიშნული მოთხოვნა. კერძოდ, კანონის აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება იმ პირებზე, რომელიც საქონლის ტრანსპორტირებას ახდენს სამეწარეო მიზნებისათვის ანუ ვაჭრობს, ამ შემთხვევაში მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტებით. მოცემულ შემთხვევაში კი, იგი არ ახორციელებდა ხე-მასალის სამეწარმეო მიზნით ტრანსპორტირებას. მან აღნიშნული ხის მასალა მოიპოვა საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთზე პირადი გამოყენების მიზნით. შესაბამისად, არ უყიდია, რაც დასტურდება სათანადო უწყების მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებით.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ იგი ტვირთის გადაზიდვას ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე ახდენდა ყოველგვარი სამეწარმეო მიზნის გარეშე და ამდენად, ზედნადების გამოწერის ვალდებულებაც არ გააჩნდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას და ჩამორთმეული ხე-მასალის დაბრუნებას.
ფაქტების აღწერა:
როგორც საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ---------- რეგიონული სამმართველოს წერილებიდან ირკვევა, 2023 წლის 16 მაისს 17:18 საათზე ---------- ში გაჩერებული და გადამოწმებული იქნა „----------“ მარკის ავტომანქანა სახ. ნომ. ----------, რომელსაც მართავდა ---------- (პ/ნ ----------) და რომლის ძარაზეც განთავსებული იყო 3,7 მ3 მოცულობის კაკლის ჯიშის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი), რომელიც არასრულყოფილი დოკუმენტაციით იყო შემოსავლების სამსახურის ელ. ბაზაში ატვირთული; კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ელ. ბაზაში ატვირთული დოკუმენტაციის გრაფაში უნდა ყოფილიყო 5 ხეტყის წარმოშობის დოკუმენტი ატვირთული შემდეგი ნომრებით: №----------, №----------, №----------, №----------), ნაცვლად ერთი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტისა (№----------). აღნიშნული წარმოშობის დოკუმენტით ფიქსირდება, რომ მიღებულია 0.99 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა №CB1474571 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს შეეფარდა სანქცია 5000 (ხუთი ათასი) ლარი და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული ხე-მასალა (5500 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების, "კაკლის ჯიშის ფიცარი" (2.2 მ³ x 2500 ლარი).
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილია „----------“ (პ/ნ ----------) 2023 წლის 30 მაისის ახსნა-განმარტება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ სასაქონლო ზედნადებში წარმოშობის დოკუმენტების არასწორად მითითება გამოწვეულია ტექნიკური შეცდომით, რაც გამორჩა ბუღალტერს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
3. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს;
ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში;
გ) საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10000 ლარს იწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი სანქცია გამოიყენება, თუ სასაქონლო ზედნადებში არ არის მითითებული ან არასწორად არის მითითებული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, რომელმაც არ შეიძლება არსებითი გავლენა იქონიოს შედეგზე):
ე) მრგვალი ხეტყის (მორის) ან ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა არასრულყოფილად გამოიკვლია საქმეზე არსებული მასალები და შესაბამისად მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, რაც გამოიხატა საქონლის ჩამორთმევაში და 5000 ლარით დაჯარიმებაში.
ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას და ჩამორთმეული ხე-მასალის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
როგორც საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს წერილებიდან ირკვევა, 2023 წლის 16 მაისს 17:18 საათზე გაჩერებული და გადამოწმებული იქნა ავტომანქანა რომლის ძარაზეც განთავსებული იყო 3,7მ3 მოცულობის კაკლის ჯიშის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი), რომელიც არასრულყოფილი დოკუმენტაციით იყო შემოსავლების სამსახურის ელ. ბაზაში ატვირთული; კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ელ. ბაზაში ატვირთული დოკუმენტაციის გრაფაში უნდა ყოფილიყო 5 ხეტყის წარმოშობის დოკუმენტი ატვირთული, ნაცვლად ერთი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტისა. აღნიშნული წარმოშობის დოკუმენტით ფიქსირდება, რომ მიღებულია 0.99 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს შეეფარდა სანქცია 5000 (ხუთი ათასი) ლარი და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული ხე-მასალა (5500 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების, "კაკლის ჯიშის ფიცარი" (2.2 მ³ x 2500 ლარი).
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(12)