ბრაძანება N 25281
📄 სრული ტექსტი
N 25281
11 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს„---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 21 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №104) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ ----------) №83718/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 19 სექტემბრის №AL047431 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს ---------- დეკლარირებულ ტვირთში იყო 200 ცალი ვაკუუმური ჩანთა, რომელიც 2023 წლის 19 სექტემბერს ჩამოერთვა და შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი სადავო ოქმით, ვინაიდან მებაჟე ოფიცრის განმარტებით ნივთი იყო 45*100სმ-ზე ნაკლები და მასზე არ იყო დატანილი დეტალური ინფორმაცია.
მომჩივანი მიუთითებს, რომ ვაკუუმის ჩანთა/ტომარა/ლეიბი ზომით 60*80 სმ და სისქით 90 მიკრონი წარმოადგენს შესანახ ჩანთას/ტომარას/ლეიბს მრავალჯერადი გამოყენებისთვის. მასში თავსდება ტანსაცმელი, საბნები, ბალიშები. ხდება ჰაერის ამოტუმბვა მტვერსასრუტით სპეციალური თავის საშუალებით, რაც განთავსებულია მასზე, რაც მაქსიმალურად ამცირებს მასში მოთავსებული ნივთების მოცულობას და ზოგავს სივრცეს. ის მომხმარებლის მიერ გამოიყენება სეზონურად მრავალჯერადად, ზამთრის სამოსს ანაცვლებს ზაფხულის სამოსით და ა.შ., შესაბამისად არ ხდება ამ ტომრებით გარემოს დაბინძურება სხვა პარკებისგან განსხვავებით.
მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ გაეცნო წერილს ტექნიკური რეგლამენტის შესახებ, რომელიც არეგულირებს პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესს, გაეცნო ასევე ტერმინების განმარტებას და დარწმუნდა რა, რომ აღნიშნული ტომრები არ არის პარკი, კვლავ მოახდინეს პროდუქტის იმპორტი.
მომჩივნის განმარტებით, აღნიშნული ვაკუუმის ტომრები არ არის განკუთვნილი საქონლის ან პროდუქტის მოსათავსებლად მისი გადატანის მიზნით და არც დაუფასოებელი ან დაფასოებული პროდუქტის მოსათავსებლად, ასაწონად ან რეალიზაციის ადგილზე პროდუქტის დასაფასოებლად. შესაბამისად არ აკმაყოფილებს პლასტიკის პარკის განმარტებას და არ განეკუთვნება პლასტიკის პარკს.
კომპანია სწავლობს და დეტალურად გადის ყველა პროდუქტს, მათ სეს ესნ კოდებს და მხოლოდ ამის შემდეგ ახდენს მათ იმპორტს, რომ ყველა პროდუქტი იყოს რეგულაციებთან შესაბამისობაში, თუმცა მიუხედავად ამ ძალისხმევისა, დაუმსახურებლად მიიღეს ადმინისტრაციული სახდელი. მომჩივნისთვის გაურკვეველია სხვა რა სახით შეიძლება იქნეს გამოყენებული აღნიშნული პროდუქტი, რითაც ირღვევა რეგულაციები, რათა მომავალში გაითვალისწინოს მსგავსი პროდუქტის იმპორტირებისას.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სახდელის გაუქმებას და საქონლის დაბრუნება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 14 სექტემბერს შპს „-----------“ (ს/ნ -----------) მიერ №----------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევის მიზნით დადეკლარირდა 10975,28 ლარის საბაჟო ღირებულების, სხვადასხვა დასახელების საქონელი. აღნიშნული დეკლარაციისთვის მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემა „-----------“-ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“.
გაფორმების ეკონომიკური ზონა „------------“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება. დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ საქონლის ნაწილზე, კერძოდ 200 ცალ პლასტიკის ვაკუუმ პარკზე (ზომები – 60X80 სმ; სისქე – 70 მიკრონი; საბაჟო ღირებულება – 215,11 ლარი) არ იყო დატანილი იმ საქონლის ან პროდუქტის დასახელება, რომლის შესაფუთადაც იყო განკუთვნილი აღნიშნული პარკი ან/და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშანი. აღნიშნული გარემოება მიჩნეულ იქნა პლასტიკის პარკის ნიშანდების წესის დარღვევად.
ვინაიდან შპს „-----------“ მხრიდან ადგილი ჰქონდა ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გეზ „-----------“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ 2023 წლის 19 სექტემბერს შედგენილ იქნა №AL047431 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-----------“ (ს/ნ -----------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 825 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და შეეფარდა ჯარიმა - 500 ლარის ოდენობით და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია (ოქმი №-----------).
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №472 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ეწევიან საქართველოს ტერიტორიაზე პლასტიკის პარკების, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების, ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებას, იმპორტს ან/და რეალიზაციას.
ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, შეფუთვისათვის განკუთვნილი პლასტიკის პარკი განმარტებულია, როგორც საქონლის ან/და პროდუქტის შეფუთვისათვის განკუთვნილი ნებისმიერი ზომისა და სისქის პლასტიკის პარკი, ხელსაკიდით ან ხელსაკიდის გარეშე, რომელიც გამოიყენება მწარმოებლის/დამფასოებლის მიერ, როგორც ნედლეულის, ასევე დამუშავებული პროდუქტის ან/და საქონლის შესაფუთად, დასაცავად, გადასატანად, მისაწოდებლად და მისი მოცილება უშუალოდ ნედლეულის/პროდუქტის/საქონლის მოხმარების დროს ხდება.
ამავე წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეფუთვისათვის განკუთვნილ პლასტიკის პარკზე დატანილი უნდა იყოს იმ საქონლის ან პროდუქტის დასახელება, რომლის შესაფუთადაც არის განკუთვნილი პარკი ან/და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშანი.
მე-11 მუხლის შესაბამისად, პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მე-10 მუხლით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 23-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 825 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას, წარმოებისას ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის – „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.
დადგენილია, რომ 2023 წლის 14 სექტემბერს მომჩივნის მიერ №----------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევის მიზნით დადეკლარირდა 10975,28 ლარის საბაჟო ღირებულების, სხვადასხვა დასახელების საქონელი, რომელსაც განისაზღვრა „წითელი დერეფანი“. საქონლის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ საქონლის ნაწილზე, კერძოდ 200 ცალ პლასტიკის ვაკუუმ პარკზე (ზომები – 60X80 სმ; სისქე – 70 მიკრონი; საბაჟო ღირებულება – 215,11 ლარი) არ იყო დატანილი იმ საქონლის ან პროდუქტის დასახელება, რომლის შესაფუთადაც იყო განკუთვნილი აღნიშნული პარკი ან/და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშანი. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან, ადგილი ჰქონდა პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისას, ტექნიკური რეგლამენტის – „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ მოთხოვნების დარღვევას, რაც წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ მოქმედებას, რომლისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 825 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმა) დადება მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვით, ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება: გ) არანაკლებ 50 მიკრონი სისქისა და ამავე დროს არანაკლებ 45X100 სმ ზომის (იმ შემთხვევაში, თუ პარკს აქვს ჩასაკეც(ებ)ი, პარკი იზომება ჩაკეცილ მდგომარეობაში) პლასტიკის პარკებზე. მომჩივნის მიერ №----------- 14/09/2023 საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევის მიზნით დეკლარირებული საქონელზე: „ვაკუუმური ჩანთა (საშუალო - ზომა 2 – 70*100სმ, 90 მიკრონი); ვაკუუმური ჩანთა (დიდი - ზომა 1 -80*100 სმ, 90 მიკრონი) ---------- „ 416.67 ლარის საბაჟო ღირებულების, არ გავრცელდა ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება და გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 278-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად იქნეს დატოვებული 2023 წლის 19 სექტემბრის №---------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული სახდელი;
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სახდელის გაუქმებას და საქონლის დაბრუნება.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ საქონლის ნაწილზე, კერძოდ 200 ცალ პლასტიკის ვაკუუმ პარკზე (ზომები – 60X80 სმ; სისქე – 70 მიკრონი; საბაჟო ღირებულება – 215,11 ლარი) არ იყო დატანილი იმ საქონლის ან პროდუქტის დასახელება, რომლის შესაფუთადაც იყო განკუთვნილი აღნიშნული პარკი ან/და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშანი. აღნიშნული გარემოება მიჩნეულ იქნა პლასტიკის პარკის ნიშანდების წესის დარღვევად.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 278-ე მუხლის საფუძველზე.