გადაწყვეტილება №18610/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18610/2/2023
02.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----------- (პ/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---- -------ის 3.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №-------------------).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 21.07.2022 წლის №081-131 საგადასახადო მოთხოვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ №15735 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2022 წლის №19167 ბრძანება კამერალური საგადასახადო შემოწმების 21.06.2022 წლის №15735 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
4. შემოსავლების სამსახურის 21.12.2022 წლის №32146 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 730 828.57 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 474 463
დღგ - 157 463
საშემოსავლო გადასახადი - 317 000
ჯარიმა - 202 239.65
საურავი - 54 125.92
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 21.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ №15735 ბრძანების და ამ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 19.07.2022 წლის №19167 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის -- ივლისის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 2022 წლის 21 ივლისის №19491 ბრძანება და ამავე თარიღის №081-131 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 21.12.2022 წლის №32146 ბრძანებით საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-10 და მე-11 ნაწილებზე, 299-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, 299-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 21.12.2022 წლის №32146 ბრძანება არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი, უკანონო და იგი უნდა გაუქმდეს, ხოლო შემოსავლების სამსახური უნდა დავალდებულდეს, განიხილოს მისი საჩივარი. სადავო აქტები გასაჩივრებულ იქნა მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა მათი გამოცემის თაობაზე და რაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან, თუკი არ იქნებოდა მისთვის ცნობილი მათი არსებობის შესახებ, ცხადია მოკლებული იქნებოდა ყოველგვარ შესაძლებლობას, ედავა მათ წინააღმდეგ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-4, მე-10 და მე-11 ნაწილების მიხედვით:
1. საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
3. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
4. პირისთვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.
10. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
აუდიტის დეპარტამენტის 16.01.2023 წლის №2210-21-14 წერილიდან ირკვევა, რომ მომჩივანი 2022 წლის 21 ივნისის №15735 და 2022 წლის 19 ივლისის №19167 ბრძანებებს არ გაცნობია ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.rs.ge) საშუალებით, ვერც საფოსტო დაწესებულების საშუალებით მოხდა დოკუმენტების ჩაბარება, (2022 წლის 21 ივნისის №15735 ბრძანება 2-ჯერ, 2022 წლის -- ივნისს და - ივლისს, გაეგზავნა მისამართზე: ქ. -----, -. --------ას ქ. №--, ბინა -, ხოლო 2022 წლის 19 ივლისის №19167 ბრძანება გაეგზავნა 2022 წლის - აგვისტოს და -- აგვისტოს მისამართზე: ქ. ------, -. ----ას ქ. №-), ამიტომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტების თანახმად განხორციელდა აღნიშნული 2022 წლის 21 ივნისის №15735 ბრძანების საჯაროდ გავრცელება 2022 წლის - სექტემბერს და ჩაბარებულად ჩაითვალა 2022 წლის - სექტემბერს, ხოლო 2022 წლის 19 ივლისის №19167 ბრძანების საჯაროდ გავრცელება განხორციელდა 2022 წლის 20 სექტემბერს და ჩაბარებულად ჩაითვალა 2022 წლის 10 ოქტომბერს.
ასევე, მომჩივანი მის მიმართ შედგენილ 2022 წლის 19 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტს, მის საფუძველზე გამოცემულ 2022 წლის 21 ივლისის №19491 ბრძანებას და 2021 წლის 21 ივლისის №081-131 საგადასახადო მოთხოვნას არ გაცნობია ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.rs.ge) საშუალებით, ვერც საფოსტო დაწესებულების საშუალებით (გაეგზავნა 2022 წლის - აგვისტოს და -- აგვისტოს იურიდიულ მისამართზე: ქ. -----, --. ----ას ქ. №-), მოხდა დოკუმენტების ჩაბარება, ამიტომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტების თანახმად განხორციელდა აღნიშნული ბრძანების და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება 2022 წლის -- სექტემბერს და ჩაბარებულად ჩაითვალა 2022 წლის -- ოქტომბერს.
ამასთან, ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით 2022 წლის --0 ოქტომბერს.
შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილია 14.--.2022 წელს (საჩივარი ჩაბარებულია საფოსტო დაწესებულებაში 12.--.2022 წელს). მომჩივნის მიერ 21.07.2022 წლის №081-131 საგადასახადო მოთხოვნა, 21.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ №15735 ბრძანება და კამერალური საგადასახადო შემოწმების 21.06.2022 წლის №15735 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 19.07.2022 წლის №19167 ბრძანება გასაჩივრდა ელექტრონულად გაცნობიდან საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილ ვადაში.
ანალოგიურ საკითხზე სასამართლოში დამკვიდრებული პრაქტიკით მიჩნეულია, რომ საჯარო შეტყობინებით დოკუმენტის ჩაბარების მექანიზმის გამოყენებამდე, დოკუმენტის როგორც ფოსტით (მინიმუმ ორჯერ) ისე ელექტრონული ფორმით გაგზავნის ვალდებულების ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაკისრება განპირობებულია იმ საფუძვლით, რომ ადრესატისთვის დოკუმენტის საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოყენებული იქნეს როგორც უკიდურესი ღონისძიება. შესაბამისად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებამდე, საგადასახადო ორგანომ სრულად უნდა გამოიყენოს ადრესატისთვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით (ტელეფონი, დაზღვეული ან ელექტრონული ფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინება და სხვა საშუალებები) და მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენოს დოკუმენტის საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარების მექანიზმი, რაც ამოწურავს ამ შესაძლებლობებს.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ ფორმალურად დაცულია დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისათვის საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილით დადგენილი წინაპირობები, საბჭო მიიჩნევს, რომ მხოლოდ აღნიშნული არასაკმარისია განსახილველ შემთხვევაში დოკუმენტის საჯაროდ გავრცელებისთვის - როგორც ჩაბარების უკიდურესი ღონისძიების გამოყენებისთვის.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების გადასახადის გადამხდელისთვის ჩაბარების დროს გამოყენებული არ ყოფილა გადასახადის გადამხდელის ინფორმირების ან/და დოკუმენტის ჩაბარების რეალურად არსებული ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, უშუალოდ საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა მიერ გადასახადის გადამხდელისთვის დოკუმენტის ჩაბარების მცდელობა. შესაბამისად, სადავო დოკუმენტების საჯაროდ გავრცელებით მომჩივანს იგი არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, 21.07.2022 წლის №081-131 საგადასახადო მოთხოვნის, 21.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ №15735 ბრძანების და კამერალური საგადასახადო შემოწმების 21.06.2022 წლის №15735 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 19.07.2022 წლის №19167 ბრძანების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს სადავო აქტების ელექტრონულად გაცნობის თარიღიდან. შესაბამისად, სადავო აქტების გასაჩივრების ვადა დაცულია.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 21.12.2022 წლის №32146 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.12.2022 წლის №32146 ბრძანება;
3. საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.