ბრძანება N 13032
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13032
03 ივნისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (პ/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 15 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 მაისის სხდომაზე (ოქმი №54) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ -----------) 2024 წლის 15 მაისის №89684/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 აპრილის №081-70 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს და აღნიშნულის გათვალისწინებით, დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში დარიცხულ თანხებს. მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების დროს შემოწმებისათვის წარდგენილი იქნა ცხრილები/გაანგრიშებები, სადაც აშკარად სხვაობებზე, სადავო თანხების ნაწილის არასწორად დარიცხვაზე არის საუბარი, თუმცა შემმოწმებელი თვლის, რომ გაუგებარია რა არის გაანგარიშებებს შორის არსებული სხვაობის მიზეზი. გასათვალისწინებელია ის, რომ მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში შეძენილი საქონლის რაოდენობა და ფასი არ არის სადავო, ასევე საქონლის დოკუმენტური რეალიზაციები და ფასი მოცემულია რს-ზე. გადამხდელი განმარტავს, რომ აღრიცხვას აწარმოებს კანონმდებლობის შესაბამისად და არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ საქონლის არაიდენტიფიცირებული რეალიზაციის დროს საქონლის ფასნამატი დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატზე ნაკლები იყო. მიუთითებს, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არასწორადაა განსაზღვრული და საჩივარს თან ურთავს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ცხრილს, რომელიც მისი განმარტებით გასათვალისწინებელია. გადასახადის გადამხდელი, ასევე საჩივარს თან ურთავს, ცხრილს საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებასთან დაკავშირებით და ითხოვს აღნიშნული ცხრილების გათვალისწინებით გაანგარიშდეს საგადასახადო ვალდებულებები. მიუთითებს, რომ სალაროს არაგონივრული ნაშთის გაანგარიშების დროს დაშვებული იქნა უზუსტობა. არასწორად მოხდა სალაროს ნაშთის გაანგარიშება შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ არ უნდა მოხდეს ცალკეული თვეების მიხედვით სალაროს არაგონივრული ნაშთის დადგენა და მისი იმავე თვის ბოლოს ხელფასის სახით განაცემად ჩათვლა. ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურში არსებული პრაქტიკის თანახმად მთელი პერიოდის განმავლობაში შეისწავლება სალაროს მოძრაობა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული სალაროს არაგონივრული ნაშთი განიხილება ხელფასის სახით განაცემად. საკითხისადმი ასეთი მიდგომის შემთხვევაში სხვა სურათი მიიღება ვიდრე ეს გასაჩივრებულ აქტებში არის მითითებული. გასაჩივრებული აქტები ვერ აქარწყლებს გადამხდელის არგუმენტებს, შემმოწმებელი ზოგადი მიდგომებით/მოსაზრებებით შემოიფარგლება და აცხადებს, რომ გაანგარიშების ეტაპზე ვერ დაადასტურა გადამხდელმა მის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებების სისწორე/მართებულობა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27760 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-----------“-ის (ს/ნ -----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-----------“-ის (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ნოემბრის №27760 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 29 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 15 აპრილის №081-70 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
საჩივართან ერთად გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ცხრილები, სადაც განმარტავს, რომ ცხრილებში მოცემულია დღგ-ით დასაბეგრი შემოსავალი და სალაროში თანხების მოძრაობა. აღნიშნული ინფორმაციით ვერ მოხდა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურება. კერძოდ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ცალკეული გაანგარიშების ცხრილების დასკანერებული ვარიანტი, არ არის წარმოდგენილი აღნიშნულ ცხრილებში არსებული მონაცემების ფორმირების საფუძველი და წარმოშობის წყარო. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით მოხდა აღნიშნული სადავო საკითხის შესწავლა და გადამხდელის მიერ ვერ იქნა განმარტებული და დოკუმენტურად დადასტურებული შემოწმებით დადგენილ შედეგებსა და მის მიერ წარმოდგენილ ცხრილებში არსებულ მონაცემებს შორის სხვაობების მიზეზები. გადამხდელს ასევე მიეცა დამატებითი დრო, წარმოედგინა აღნიშნული მონაცემების გაშიფვრა, თუნდაც შესაძლებელი გამხდარიყო ცხრილში არსებული გაანგარიშებების ან/და ფორმულის წაკითხვა, მაგრამ არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იყო ცალკეული გაანგარიშების ცხრილების დასკანერებული ვარიანტი, არ იყო წარმოდგენილი აღნიშნულ ცხრილებში არსებული მონაცემების ფორმირების საფუძველი და წარმოშობის წყარო. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით მოხდა სადავო საკითხის შესწავლა და გადამხდელის მიერ ვერ იქნა განმარტებული და დოკუმენტურად დადასტურებული შემოწმებით დადგენილ შედეგებსა და მის მიერ წარმოდგენილ ცხრილებში არსებულ მონაცემებს შორის სხვაობების მიზეზები. გადამხდელს ასევე მიეცა დამატებითი დრო, წარმოედგინა აღნიშნული მონაცემების გაშიფვრა, მაგრამ არ წარმოუდგენია.
რაც შეეხება გადამხდელის არგუმენტს, რომ არ უნდა მოხდეს ცალკეული თვეების მიხედვით სალაროს არაგონივრული ნაშთის დადგენა და მისი იმავე თვის ბოლოს ხელფასის სახით განაცემად ჩათვლა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 08 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით გაანგარიშდა გონივრული ნაშთის ოდენობა (ამ ნაწილში შემოსავალი განისაზღვრა საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემებით, და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ ხარჯებსა და საბანკო გადარიცხვით გადახდილ ხარჯს შორის სხვაობით, აღნიშნულის მიხედვით გონივრული ნაშთი განისაზღვრა ყოველთვიურად საკასო შემოსავლის და საკასო ხარჯის მეათედით). დადგინდა სხვაობა განსაზღვრულ ყოველთვიურ სალაროს უძრავ ნაშთსა და შესაბამისი თვის გონივრულ ნაშთს შორის, არაგონივრული ნაშთიდან მინიმალური ნაშთი ჩაითვალა 2020 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში გაცემულ ხელფასად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შემოწმებით დადგენილ არაგონივრულ ნაშთს და ივნისში ხელფასად განხილულ ნაშთს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდა პერიოდის ბოლოს 2023 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდის ხელფასად.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ
1. შპს „---------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ ფასნამატს და აღნიშნულის გათვალისწინებით, დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში დარიცხულ თანხებს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ცალკეული გაანგარიშების ცხრილების დასკანერებული ვარიანტი, არ არის წარმოდგენილი აღნიშნულ ცხრილებში არსებული მონაცემების ფორმირების საფუძველი და წარმოშობის წყარო. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით მოხდა აღნიშნული სადავო საკითხის შესწავლა და გადამხდელის მიერ ვერ იქნა განმარტებული და დოკუმენტურად დადასტურებული შემოწმებით დადგენილ შედეგებსა და მის მიერ წარმოდგენილ ცხრილებში არსებულ მონაცემებს შორის სხვაობების მიზეზები. გადამხდელს ასევე მიეცა დამატებითი დრო, წარმოედგინა აღნიშნული მონაცემების გაშიფვრა, თუნდაც შესაძლებელი გამხდარიყო ცხრილში არსებული გაანგარიშებების ან/და ფორმულის წაკითხვა, მაგრამ არ წარმოუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6);304(21)