გადაწყვეტილება №79717/1/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№79717/1/2023
04.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 4.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 16.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №79717/1/2023).
დავის საგანი:
1. გაცემული ხელფასის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით;
2. საბანკო ანგარიშებიდან გატანილი თანხების არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევა და მოგების გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2022 წლის №125-18 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3676 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 54 911,14 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 32 212
მოგების გადასახადი - 1 672
საშემოსავლო გადასახადი - 30 527
ქონების გადასახადი - 13
ჯარიმა - 16 074
საურავი - 6 625,14
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა დეკორატიული ნერგების გამრავლება-გამოზრდა და შემდგომ მისი რეალიზაცია. ნერგის გამრავლება ხდება ადგილზე საკუთარი ძალებით, იშვიათ შემთხვევაში კომპანია იძენს მცირე ზომის ნერგებს ადგილობრივი მოსახლეობიდან, შესყიდვის აქტების საფუძველზე.
აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2022 წლის №125- 18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.02.2023 წლის №3676 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. გაცემული ხელფასის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადამხდელის საბანკო ამონაწერების შესწავლით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს გაცემული აქვს ხელფასები, რომელიც არ აქვს დაბეგრილი და ასევე, უფიქსირდება ბანკომატიდან თანხის განაღდებები. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით აღნიშნული თანხები დაბეგრილია გადახდის წყაროსთან, შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ეწევა სასოფლო-სამეურნეო წარმოებას, ნერგების გამრავლება ხდება ადგილზე საკუთარი ძალებით, იშვიათ შემთხვევაში საწარმო მცირე ზომის ნერგებს იძენს ადგილობრივი მოსახლეობისაგან, შესყიდვის აქტის საფუძველზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საწარმოს მიერ საქონლის რეალიზაცია ხდება მხოლოდ სასაქონლო ზედნადების მეშვეობით, რასაც არ უარყოფენ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლები. იმის გამო, რომ საწარმო არის სასოფლო-სამეურნეო წარმოება, შესამოწმებელ პერიოდში მასში დასაქმებული ფიზიკური პირები სარგებლობდნენ საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის ,,ც“-ე ქვეპუნქტის შეღავათებით.
საშემოსავლო გადასახადი დარიცხული მხოლოდ 2021 წელს დაქირავებულ თანამშრომლებზე გაცემულ ხელფასებზე, იმ მოტივით, რომ თითქოს 2021 წელს საწარმოს შემოსავალმა გადააჭარბა 200 000 ლარს, რაც არასწორია, კერძოდ: 2021 წლის შემოსავლებს შემმოწმებელი აფიქსირებს, რომ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი დოკუმენტებით (სასაქონლო ზედნადებებით) შეადგენდა 195 870 ლარს, რაც არასწორია, რადგან აღნიშნულ თანხაში შედის აგრეთვე მხოლოდ ერთ შემსყიდველზე ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) ტრანსპორტით მომსახურეობის თანხა 3 950 ლარი, რომელმაც შეიძინა 26 550 ლარის ნერგები და დამატებით გადაიხადა ტრანსპორტირების თანხა 3 950 ლარი, რაც დასტურდება სასაქონლო ზედნადებებშიც (იხ. ს/ზედნადებები: ----------) და აღნიშნული 3 950 ლარი არ წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავალს. ასევე შემმოწმებელი აღნიშნავს, რომ 2021 წელს ბანკში ფიქსირდება 7 450 ლარს (შემმოწმებელს აქტში უნდა დაეფიქსირებინა 7500 ლარი, ნაცვლად 7450 ლარისა, რაც მექანიკური შეცდომაა), აღნიშნული თანხაც შემმოწმებელს ჩათვლილი აქვს როგორც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავალ, რაც აგრეთვე არასწორია, რადგან აღნიშნულ 7 500 ლარიდან 3 000 ლარი 10.05.2021 წელს ---------- (პ/ნ ----------) შეცდომით ჩარიცხა საწარმოს ანგარიშზე და იმავე დღეს უკან იქნა დაბრუნებული, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერშიც. ასევე ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) წინასწარ ავანსის სახით გადაიხადა ნერგების თანხა 18.10.2021 წელს 2000 ლარი, 25.11.2021 წელს 1 000 ლარი და 10.12.2021 წელს 1 500 ლარი, სულ 4 500 ლარი და საწარმოს ნერგები უნდა მიეწოდებინა ---------- 2022 წლის ბოლომდე, როცა ნერგები იქნებოდა გაზრდილი და გადასარგველად მომზადებული, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა დაუბრუნდებოდა უკან, რაც ასევე დასტურდება ხელშეკრულებით და შედარების აქტით. აქედან გამომდინარე ნერგების მიწოდების თარიღად ჩაითვლებოდა როცა საწარმო მიაწვდიდა --------- ნერგებს და არა თანხის ჩარიცხვის თარიღები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ც“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები:
ც) 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ დამქირავებლის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს გაცემული აქვს ხელფასები და არ აქვს კანონმდებლობის შესაბამისად დაბეგრილი გადახდის წყაროსთან.
გადამხდელის არგუმენტი, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ც“ ქვეპუნქტის შეღავათი ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებულ მხოლოდ ფიზიკურ პირზე და არა საწარმოზე. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. საბანკო ანგარიშებიდან გატანილი თანხების არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევა და მოგების გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება, მოწოდებული საბანკო ამონაწერების შესწავლით, ირკვევა რომ 2021 წელს საბანკო ანგარიშებიდან გატანილია თანხები (დანიშნულებაში მითითებული აქვს სამეურნეო ხარჯი), თუმცა შემოწმებით ვერ დგინდება აღნიშნული თანხების გახარჯვის მიზნობრიობა, არ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 96-ე, 97-ე და 982 მუხლების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 97- ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმოს ჩვენთვის გაუგებარი მიზეზებით დაერიცხა 2021 წელს მოგების გადასახადი, იმ მოტივით, რომ თითქოს ბანკიდან გატანილი სამეურნეო ხარჯები არ დასტურდება დოკუმენტალურად, რაც არ შესაბამება სიმართლეს, რადგან ყველა ბანკიდან გატანილ სამეურნეო ხარჯს აქვს შესაბამის ხარჯვის დოკუმენტები, რაც წარმოდგენილი იყო შემმოწმებელთან საწარმოს მიერ, მაგრამ ჩვენგან გაუგებარი მიზეზით არ იქნა ჩათვლილი. ასევე გასაუქმებელია მოგების გადასახადში დარიცხული გადასახადი 1672 ლარი და შესაბამისი ჯარიმა-საურავები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს 2021 წელს უფიქსირდება საბანკო ანგარიშებიდან თანხების გატანა (დანიშნულებაში მითითებული აქვს სამეურნეო ხარჯი), რომლის გახარჯვის მიზნობრიობა შემოწმებით ვერ დგინდება, არ არსებობს შესაბამისი დოკუმენტები.
მომჩივანს არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები, საიდანაც დადგინდებოდა საბანკო ანგარიშებიდან გატანილი თანხების გახარჯვის მიზნობრიობა. ზემო აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი არ ეთანხმება გაცემული ხელფასის გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით; საბანკო ანგარიშებიდან გატანილი თანხების არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევას და მოგების გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი ეწევა სასოფლო-სამეურნეო წარმოებას. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2021 წელს საწარმოს შემოსავალმა გადააჭარბა 200 000 ლარს, შესაბამისად მოხდა გაცემული ხელფასის გადახდის წყაროსთან დაბეგვრა, საშემოსავლო გადასახადით.
გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება, მოწოდებული საბანკო ამონაწერების შესწავლით, ირკვევა რომ 2021 წელს საბანკო ანგარიშებიდან გატანილია თანხები (დანიშნულებაში მითითებული აქვს სამეურნეო ხარჯი), თუმცა შემოწმებით ვერ დგინდება აღნიშნული თანხების გახარჯვის მიზნობრიობა, არ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია. შემოწმებით, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 82(1-ც); 101, 154, 96; 97; 982; 275;