ბრძანება N 17862

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.08.2026
№ დოკუმენტი 17862
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17862

07 აგვისტო 2026

ბრძანება

სს „--------“ (ს/ნ „--------“)

(მის: „--------“)

2026 წლის 16 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 24 ივლისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა სს „--------“ (ს/ნ „--------“) №122077/21 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 13 ივლისის №CB1939472 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კირქვის გადაადგილება ხორციელდებოდა ლიცენზიით განსაზღვრული მოპოვების ტერიტორიიდან, რომელიც უშუალოდ ემიჯნება საზოგადოების საკუთრებაში არსებულ საწარმოო ტერიტორიას, ამავე საწარმოო ციკლის მომდევნო ტექნოლოგიურ ეტაპამდე - სამსხვრევდამხარისხებელ ფაბრიკამდე.

მომჩივანი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას ახორციელებს შესაბამისი ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე, რომელიც უშუალოდ ემიჯნება საზოგადოების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელზეც განთავსებულია საზოგადოების სამსხვრევ-დამხარისხებელი ფაბრიკა. სადავო შემთხვევაში „--------“-ს მარკის სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალებით ხორციელდებოდა უშუალოდ მოპოვებული კირქვის მასის გადაადგილება მოპოვების ადგილიდან მომიჯნავედ განთავსებულ სამსხვრევ-დამხარისხებელ ინფრასტრუქტურამდე, მისი შემდგომი ტექნოლოგიური დამუშავების მიზნით. შესაბამისად, სახეზე არ ყოფილა საზოგადოების ერთი ტერიტორიულად განცალკევებული საწარმოო ობიექტიდან მეორე დამოუკიდებელ საწარმოო ობიექტზე საქონლის გადაზიდვა. ადგილი ჰქონდა ერთი და იმავე საწარმოო ციკლის ფარგლებში მოპოვებული მასის ტექნოლოგიურ გადაადგილებას მოპოვების ეტაპიდან დამუშავების მომდევნო ეტაპამდე.

ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუდგენია და არ დაუსაბუთებია, თუ კონკრეტულად რომელი ორი დამოუკიდებელი ადგილი ან ობიექტი არსებობდა მოცემულ შემთხვევაში, რომელთა შორის განხორციელებული მოძრაობაც უნდა დაკვალიფიცირებულიყო „შიდა გადაზიდვად“.

სადავო შემთხვევაში არ ხორციელდებოდა საქონლის გადაადგილება საწარმოს ერთი ტერიტორიულად განცალკევებული ობიექტიდან მეორე ობიექტზე. უშუალოდ მოპოვებული კირქვის ნედლეულის მასა (ბუტი) სპეციალიზებული საწარმოო სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდებოდა სალიცენზიო ტერიტორიიდან, რომელიც უშუალოდ ემიჯნება საზოგადოების საკუთრებაში არსებულ საწარმოო ტერიტორიას, ამავე ერთიანი საწარმოო ციკლის მომდევნო ტექნოლოგიურ ეტაპამდე — სამსხვრევ-დამხარისხებელ ფაბრიკამდე.

გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით ითხოვს სადავო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას/ბათილად ცნობას და დაკისრებული საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს 2026 წლის 22 ივნისის №„--------“ წერილის საფუძველზე დადგინდა, რომ 2026 წლის 19 ივნისს გამოვლენილი იქნა 22 ტონა საცემენტე კირქვის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე. კერძოდ, 2026 წლის 19 ივნისს 16:45 საათზე გაჩერებული იქნა „------“- ს მარკის ავტომანქანა სახ.„--------“ , რომელსაც მართავდა „--------“, რომლის ძარაზეც განთავსებული იყო 13მ3 საცემენტე კირქვა.

ტრანსპორტირებული ტვირთის სახეობა, მოცულობა და ღირებულება განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის №„------“ ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნის საფუძველზე.

2026 წლის 9 ივლისის №„------“ ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ საცემენტე კირქვის რაოდენობამ შეადგინა 22 ტონა, საბაზრო ღირებულებით 220 ლარის ოდენობით.

ამასთან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 30 ივნისს აღნიშნულ საქმეზე შემოსავლების სამსახურში გამოგზავნილ იქნა წერილი №„--------“, სადაც მითითებული იყო GPS კოორდინატები და აღნიშნავდენენ თუ რა მონაკვეთზე მოძრაობდა სატრანსპორტო საშუალება გაჩერებამდე. აღნიშნულ წერილში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ სს „-------“ (ს/ნ „--------“) კუთვნილი სარტანსპორტო საშუალება გაჩერებამდე გადაადგილდებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის მიმართ 2026 წლის 13 ივლისს შედგენილ იქნა №CB1939472 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:

1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

2.დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარეშე აკრძალულია საქონლის საწარმოს ტერიტორიულად განცალკევებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის (ფილიალები, საამქროები, უბნები და ა.შ.) საქონლის ტრანსპორტირება (გადაადგილება) და შენახვა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად:

1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის პოზიციაზე, რომ სადავო შემთხვევაში არ ხორციელდებოდა საქონლის გადაადგილება საწარმოს ერთი ტერიტორიულად განცალკევებული ობიექტიდან მეორე ობიექტზე. უშუალოდ მოპოვებული კირქვის ნედლეულის მასა (ბუტი) სპეციალიზებული საწარმოო სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდებოდა სალიცენზიო ტერიტორიიდან, რომელიც უშუალოდ ემიჯნება საზოგადოების საკუთრებაში არსებულ საწარმოო ტერიტორიას, ამავე ერთიანი საწარმოო ციკლის მომდევნო ტექნოლოგიურ ეტაპამდე — სამსხვრევდამხარისხებელ ფაბრიკამდე. შესაბამისად, არ ქონდა ზედნადების გამოწერის ვალდებულება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 30 ივნისს აღნიშნულ საქმეზე შემოსავლების სამსახურში გამოგზავნილ იქნა წერილი №--------, სადაც მითითებული იყო GPS კოორდინატები და აღნიშნავდენენ თუ რა მონაკვეთზე მოძრაობდა სატრანსპორტო საშუალება გაჩერებამდე. აღნიშნულ წერილში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ სს „-------“ (ს/ნ „--------“) კუთვნილი სარტანსპორტო საშუალება გაჩერებამდე გადაადგილდებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. შესაბამისად, სახეზე გვაქვს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, რომლის მიხედვითაც საჭიროა სასაქონლო ზედნადების გამოწერა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. სს „--------“ (ს/ნ „--------“ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს სადავო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას/ბათილად ცნობას და დაკისრებული საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წერილის საფუძველზე დადგინდა და გამოვლენილი იქნა 22 ტონა საცემენტე კირქვის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე. გადამხდელს სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

72,136(4),286.