გადაწყვეტილება №20813/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.11.2023
№ დოკუმენტი 20813/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20813/2/2023

16 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------12.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20813/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 24.01.2023 წლის №783 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 მარტის №068-6 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 აგვისტოს №20659 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 385 179,43 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 207 246

დღგ - 121 957

საშემოსავლო გადასახადი - 85 289

ჯარიმა - 103 553,4

საურავი - 74 380,03

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელი ჩინეთიდან ახორციელებს საყოფაცხოვრებო ჭურჭლის, თიხის ჭურჭლის, ფაიფურის და სამზარეულოს საკუთნოების იმპორტს.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2020 წლის 28 იანვრიდან 2021 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 15 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი ინფორმაცია ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა სალაროში თანხების მოძრაობის დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენა. ასევე, არ არის წარდგენილი ინფორმაცია შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ნაღდი ფულის სახით არსებულ ნაშთზე.

საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციის, საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრების მდგომარეობის გათვალისწინებით, შემოსავლების და ხარჯების შეპირისპირებით განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი - 341 157 ლარის ოდენობით. ვინაიდან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ დასტურდება აღნიშნული ნაშთის სალაროში არსებობა, აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან, გადამხდელის განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებლის მიერ განხორციელებულია ფულადი სახით შენატანი 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ასევე ფიზიკური პირებისგან აღებულია სესხის სახით 100 000 აშშ დოლარი, რომლის დაბრუნებაც ჯერ არ მომხდარა. წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერით დგინდება, რომ გადამხდელს ჩინური კომპანიებისთვის გადარიცხული აქვს თანხები, რომელთა ჯამი აღემატება მიღებული საქონლის ღირებულებას 735 909 ლარით. გადამხდელის განცხადებით, აღნიშნული წარმოადგენს ავანსად გადარიცხულ თანხებს და მომწოდებლისგან ელოდება საქონლის (საშინაო ფეხსაცმელი) მოწოდებას 2022 წლის სექტემბრიდან. გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილია დოკუმენტაცია ავანსად გადარიცხული თანხების და მისაღები საქონლის შესახებ. ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში გათვალისწინებულია დამფუძნებლის შენატანის, სესხის და ავანსის თანხები.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტემენტის 2022 წლის 14 ივლისის №18566 ბრძანება და ამავე თარიღის №068-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 იანვრის №783 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 იანვრის №783 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 თებერვლის საფუძველზე, დარიცხული თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 7 მარტის №068-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

გადამხდელმა 2023 წლის 7 მარტის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 მაისის №10038 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

„გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გადაანგარიშების ეტაპზე ვერ წარადგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ასევე აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე რეგისტრირებულია განცხადება საქონლის თვითღირებულებაზე დაბალი ფასით რეალიზაციასთან დაკავშირებით. საჩივარში აღნიშნულია, რომ წარდგენილი აქვს ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნავდა, რომ ფულადი სახით შეტანილი ჰქონდა 100 000 დოლარის ექვივალენტი ლარში, რომლის დაბრუნებაც ჯერ არ მომხდარა.

საბჭოს 2023 წლის 5 ივლისის №19835/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 მაისის №10038 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და 2023 წლის 22 აგვისტოს №20659 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს განსაზღვრულ ვადაში არც შემოწმებისთვის, არც დავის წარმოების ეტაპზე და არც საქმის ზეპირ განხილვაზე არ წარმოუდგენია იმგვარი არგუმენტი/მტკიცებულებები, რაც შემოწმებით დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ შემოწმების პროცესში მის მიერ 2022 წლის 19 აპრილს წარდგენილია დირექტორის ახსნა-განმარტება, რომ ფულადი სახით სმფ-ების შესაძენად ეტაპობრივად შეტანილი ჰქონდა თანხები ორასი ათასი აშშ დოლარი, საიდანაც 100 000 დოლარი შეტანილი აქვს როგორც დამფუძნებლის შენატანი და ასევე მისი ახლობლისგან სესხის სახით აღებული აქვს 100 000 დოლარი, ეს თანხები ფიზიკურად არ გაუტანია, თუმცა ვინაიდან შემოსავლების სამსახურმა გამოიყენა 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის და არაპირდაპირი მეთოდით გავრცელდა სმფ-ებზე ფასნამატი და აქედან გამომდინარე დადგინა ვირტუალური სალაროს ნაშთი, რომელიც მას არ ჰქონია, ამიტომ ითხოვს მის მიერ შეტანილი თანხები 200 000 დოლარი (ნაწილი დამფუძნებლის შენატანი და ნაწილი სესხის სახით) ჩაეთვალოს გაცემულად. ითხოვს საბოლოოდ გადაანგარიშებული სალაროს ნაშთი ჩაეთვალოს დამფუძნებლის მიერ შეტანილი თანხების უკან დაბრუნებად და არა მიღებულ სესხად.

ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნაში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში. შესაბამისად, დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 24.01.2023 წლის №783 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 24.01.2023 წლის №783 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელი ჩინეთიდან ახორციელებს საყოფაცხოვრებო ჭურჭლის, თიხის ჭურჭლის, ფაიფურის და სამზარეულოს საკუთნოების იმპორტს.

შემოწმების მიერ, შემოსავლების და ხარჯების შეპირისპირებით განისაზღვრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი. ვინაიდან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ დასტურდება აღნიშნული ნაშთის სალაროში არსებობა, აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304(21);