ბრძანება N 24651
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24651
29 ოქტომბერი 2026
ბრძანება
შპს „-------“- ის (ს/ნ „-------“)
(მის.:„-------“)
2026 წლის 18 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 24 სექტემბრის და 22 ოქტომბრის სხდომებზე (ოქმი №88 და №95) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 8 სექტემბრის №27911/2/2026 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) №101808/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 16 მარტის №001-42 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 თებერვლის №4075 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 და 2024 წლების საანგარიშო პერიოდებში №„-------“ და №„-------“ საკადასტრო კოდებზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (გარდა მიწისა) გადასახადით დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 12 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 16 მარტის №5724 ბრძანება და ამავე თარიღის №001-42 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ გადასახადი 67 401 ლარი (გადასახდელის გადახდის სავადო თარიღი 15.04.2026).
ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, დავის შედეგად საქმეზე საბოლოოდ მიღებული შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 15 ივლისის №16198 ბრძანებით შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 8 სექტემბრის №27911/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 15 ივლისის №16198 ბრძანება და საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 8 სექტემბრის №27911/2/2026 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 3.09.2026 წლის №„-------“ წერილი, სადაც მითითებულია, რომ 2026 წლის 23 თებერვლის №4075 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 და 2024 წლების საანგარიშო პერიოდებში №„-------“ და №„-------“ საკადასტრო კოდებზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (გარდა მიწისა) გადასახადით დაბეგვრის სისწორესთან დაკავშირებით. საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია შპს „--------“ ( ს/ნ „-------“) მიერ მომჩივანის ბიზნესის ღირებულების შეფასების ანგარიში 2024 წლის 13 აგვისტოს მდგომარეობით, სადაც უძრავი ქონება, კერძოდ, შენობა-ნაგებობები (საკადასტრო კოდები №„-------“ და №„-------“) შეფასებულია 1 249 243 აშშ დოლარად დღგ-ის გარეშე, აღნიშნული ღირებულება დღგ-ის ჩათვლით შეადგენს 1 474 107 აშშ დოლარს. საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს აღნიშნული შენობა-ნაგებობების ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა 2023 წელს დეკლარირებული აქვს 698 631 ლარი, ხოლო 2024 წელს - 663 230 ლარი. საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის, ფინანსთა მინისტრის გადასახადების ადმინისტრირების შესახებ №996 ბრძანების 921 მუხლის და საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის მიხედვით, საწარმოს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შემოწმებით დაკორექტირდა/გაიზარდა და სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ ქონების გადასახადის მიზნებისთვის აქტივის საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას დღგ არ უნდა ჩაითვალოს დასაბეგრი ქონების ღირებულებაში იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახადის გადამხდელი არის დღგ-ის გადამხდელი და საბაზრო ღირებულებით შეფასებულ აქტივს იყენებდა და იყენებს დღგ-ით დასაბეგრ ეკონომიკურ საქმიანობაში.“
მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული სადავო საკითხი, რაც საჭიროებს დამატებით შესწავლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 15 ივლისის №16198 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დარიცხული ქონების გადასახადი - 67 401 ლარი;
აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:
საგადასახადო შემოწმება დანიშნულია 2023 და 2024 წლების საანგარიშო პერიოდებში №„-------“ და №„-------“ საკადასტრო კოდებზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (გარდა მიწისა) გადასახადით დაბეგვრის სისწორესთან დაკავშირებით. შემოწმებისთვის წარმოდგენილია შპს „-------“ (ს/ნ „-------“) მიერ მომჩივანის ბიზნესის ღირებულების შეფასების ანგარიში 2024 წლის 13 აგვისტოს მდგომარეობით, სადაც უძრავი ქონება, კერძოდ შენობანაგებობები (საკადასტრო კოდები №„-------“ და №„-------“) შეფასებულია 1 249 243 აშშ დოლარად დღგ-ის გარეშე, აღნიშნული ღირებულება დღგ-ის ჩათვლით შეადგენს - 1 474 107 აშშ დოლარს. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, რომლის მიხედვით გადამხდელს აღნიშნული შენობანაგებობის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა 2023 წელს დეკლარირებული აქვს 698 631 ლარის ოდენობით, ხოლო 2024 წელს- 663 230 ლარის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე მუხლის 41 ნაწილის, ასევე „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის საფუძველზე, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შემოწმებით (დაკორექტირდა) გაიზარდა და გადასახადის გადამხდელს სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ გაუგებარია თუ რატომ განსაზღვრა საგადასახადო ორგანომ ქონების გადასახადის მიზნებისთვის აქტივის საბაზრო ფასად შეფასების ფასი დღგ-ის ჩათვლით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანია არის დღგ-ის გადამხდელი. აღნიშნავს, რომ დღგ-ის ეკონომიკური შინაარსიდან გამომდინარე, იგი წარმოადგენს საბოლოო მომხმარებლის გადასახადს, ხოლო დღგ-ის გადამხდელი ბიზნესი, რომელიც ძირითად საშუალებას იყენებს დასაბეგრი ოპერაციების განხორციელებისთვის, უფლებამოსილია ჩაითვალოს აღნიშნულ აქტივთან დაკავშირებული დღგ. ამ პირობებში, აქტივის საბაზრო ფასის განსაზღვრა დღგ-ის ჩათვლით ქონების გადასახადის მიზნებისთვის იწვევს არათანაბარ მდგომარეობას სხვადასხვა გადასახადის გადამხდელს შორის. კერძოდ, თუ საგადასახადო ორგანო ქონების გადასახადის დარიცხვის ბაზად იყენებს აქტივის საბაზრო ფასს დღგ-ის ჩათვლით, მაშინ იმავე აქტივის სხვა დღგ-ის გადამხდელ კომპანიაზე რეალიზაციის შემთხვევაში მყიდველ კომპანიას ექნება უფლება ჩაითვალოს აღნიშნული დღგ. შესაბამისად, იგი აქტივს ბალანსზე აღრიცხავს დღგ-ის გარეშე ნასყიდობის ფასით, შედეგად, კი ქონების გადასახადის გამოანგარიშება მოხდება აქტივის დღგ-ის გარეშე საბალანსო ღირებულებიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს მიაჩნია, რომ ქონების გადასახადის მიზნებისთვის აქტივის საბაზრო ღირებულება უნდა განისაზღვროს დღგ-ის გარეშე თანხიდან იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახადის გადამხდელი არის დღგ-ის გადამხდელი და შედეგად, ითხოვს დამატებით დარიცხული ქონების გადასახადის გადაანგარიშებას.
შემოსავლების სამსახურის პოზიცია:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
ამავე მუხლის 41 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის თანახმად:
1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი (ამ თავის მიზნებისათვის, შემდგომში - წესი).
2. ეს წესი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით.
3. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ:
ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 4¹ ნაწილის შესაბამისად, შემოწმებისას საგადასახადო ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება, დასაბეგრი ქონების ღირებულება განსაზღვროს საბაზრო ფასით. განსახილველი ნორმის მიზნისთვის შეფასების ობიექტს წარმოადგენს უშუალოდ ქონების საბაზრო ფასი (როგორც ქონების გადასახადით დაბეგვრის ბაზა) და არა ამ ქონების შესაძლო მიწოდების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, ქონების საბაზრო ფასი არ უნდა მოიცავდეს იმ გადასახადს, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას მხოლოდ ქონების შემდგომი მიწოდების შემთხვევაში და ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა არ უნდა შეიცვალოს/გაიზარდოს იმის მიხედვით, რომ მისი მიწოდება მომავალში შესაძლოა დაიბეგროს დღგ-ით.
გასათვალისწინებელია, რომ დღგ წარმოადგენს არაპირდაპირ გადასახადს, რომელიც წარმოიშობა კონკრეტული ოპერაციის - საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის შემთხვევაში. თავის მხრივ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 4¹ ნაწილი არ უკავშირებს ქონების საბაზრო ფასს ქონების სავარაუდო მიწოდებისას წარმოშობილ გადასახადებთან და არ ადგენს, რომ ქონების ღირებულება უნდა განისაზღვროს დღგ-ის ჩათვლით.
საგულისხმოა, რომ ქონების გადასახადით დაბეგვრის ბაზაში დღგ-ის ჩართვის შემთხვევაში, ერთი და იგივე ქონების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმი შეიძლება იყოს განსხვავებული-პირის სტატუსის (მაგ. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული/არარეგისტრირებული პირი), ოპერაციის შინაარსის, აგრეთვე საგადასახადო შეღავათების მიხედვით, კერძოდ, თუ ქონების მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან ან არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, მისი საბაზრო ფასის განსაზღვრისას დღგ-ის საკითხი საერთოდ არ წარმოიშობა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 4¹ ნაწილის საფუძველზე, დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი განისაზღვრება დღგ-ის გარეშე. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისთვის, ქონების საბაზრო ფასი განსაზღვროს დღგ-ის გარეშე და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისთვის, ქონების საბაზრო ფასი განსაზღვროს დღგ-ის გარეშე და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს დამატებით დარიცხული ქონების გადასახადის გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია კომპანიის მიერ მოჩივანის ბიზნესის ღირებულების შეფასების ანგარიში,სადაც უძრავი ქონება, შენობა-ნაგებობები შეფასებულია 1 249 243 აშშ დოლარად დღგ-ის გარეშე, აღნიშნული ღირებულება დღგ-ის ჩათვლით შეადგენს 1 474 107 აშშ დოლარს. გადამხდელს აღნიშნული შენობა-ნაგებობების ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა 2023 წელს დეკლარირებული აქვს 698 631 ლარი, ხოლო 2024 წელს - 663 230 ლარი.საწარმოს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შემოწმებით დაკორექტირდა/გაიზარდა და სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი.
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული სადავო საკითხი, რაც საჭიროებს დამატებით შესწავლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 4¹ ნაწილის საფუძველზე, დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი განისაზღვრება დღგ-ის გარეშე. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ქონების გადასახადით დაბეგვრის მიზნებისთვის, ქონების საბაზრო ფასი განსაზღვროს დღგ-ის გარეშე და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
201,202(41),205.