ბრძანება N 1102-3

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.01.2021
№ დოკუმენტი 1102-3
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 1102

29/01/2021

შპს -----

(მის.: ქ. ------- )

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 09 სექტემბერს და 21 დეკემბერს გამართულ სხდომებზე (ოქმი №65, №100) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 29 იანვრის №18658/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 31 დეკემბრის №002-548 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

ითხოვს 2015 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის გაზრდას. კერძოდ, კომპანიის 2015 წლის მოგების დეკლარაციის 29-ე გრაფაში - „სხვა გამოქვითვები“ შემცირებულია 1 947 428 ლარით, რაც წარმოადგენს არარეზიდენტი პირებისთვის გადასახდელ მომსახურების საფასურს და რომელიც გამოიქვითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად საკასო მეთოდით. შესაბამისად, ამ თანხით კომპანიის მიერ შემცირებულ იქნა გამოსაქვითი ხარჯი.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 13 აპრილის №8603 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2014 წლის 22 დეკემბრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე, 2019 წლის 30 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2019 წლის 31 დეკემბრის №47618 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №002-548 საგადასახადო მოთხოვნა. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 2 137 533 ლარით, მათ შორის: გადასახადი 1 304 163 ლარი, ჯარიმა 275 253 ლარი, საურავი 558 117 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის მიხედვით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების შედეგად დამატებითი ვალდებულებები განსაზღვრული არ არის.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიუხედავად ამ მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებისა, თუ პირი, გარდა ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტისა, იყენებს დარიცხვის მეთოდს, ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება თანხის გადახდის მომენტი, როდესაც მიღებული მომსახურებისათვის საკომპენსაციო თანხის გადახდა უკავშირდება არარეზიდენტ საწარმოს, რომელიც არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში.

მომჩივანი ითხოვს 2015 წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის გაზრდას და მიუთითებს, რომ აღნიშნული წარმოადგენს არარეზიდენტებისათვის გადასახდელი მომსახურების საფასურს, თუმცა აღნიშნულ სადავო საკითხთან მიმართებაში დავის წარმოების პროცესში არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, წარმოდგენილი საჩივარი განსახილველ სადავო საკითხთან მიმართებაში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.